ახალი ამბები | ,

“ოცნებამ” საუბნო საარჩევნო კომისიები საკუთარი აქტივით დააკომპლექტა – “სამოქალაქო საარჩევნო კომისია”

8 სექტემბერი, 2021 | | 370
“ოცნებამ” საუბნო საარჩევნო კომისიები საკუთარი აქტივით დააკომპლექტა – “სამოქალაქო საარჩევნო კომისია”

“სამოქალაქო საარჩევნო კომისიის” ინფორმაციით, “ქართულმა ოცნებამ” საუბნო საარჩევნო კომისიები საკუთარი აქტივით დააკომპლექტა. ამის შესახებ “საოლქო საარჩევნო კომისიის” წარმომადგენლებმა დღეს, 8 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს.

ორგანიზაციის ცნობით, ისინი 25 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით ვიდეოკამერით იღებდნენ, თუ როგორ ირჩევდნენ საუბნო საარჩევნო კომისიებში წინასწარ შერჩეულ კანდიდატებს თბილისის 20-მდე უბანში.

“სამოქალაქო საარჩევნო კომისიის” განცხადებით, წინასწარ შეთანხმებულ კანდიდატებს კომისიის წევრები საუბნო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარის, მოადგილისა და მდივნის თანამდებობებზე ირჩევენ:

“როგორც მოგეხსენებათ, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს საუბნო საარჩევნო კომისიაში. ის იწვევს და უძღვება კომისიის სხდომას, გამოსცემს განკარგულებას დამრღვევის საარჩევნო კომისიის შენობიდან გაძევების შესახებ, კენჭისყრის შედეგების შეჯამებისთანავე ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას გადასცემს ყველა სახის საარჩევნო დოკუმენტაციას და ახორციელებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას, თუ კომისიას არ ჰყავს თავმჯდომარე ან მას არ შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება. ჩვენ მიერ მოპოვებული ვიდეომასალებით მტკიცდება, რომ წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, კომისიის თავმჯდომარე საკუთარ მოადგილედ ნიშნავს იმავე პირს, რომელმაც ის თავმჯდომარის პოზიციაზე დაასახელა”, – განმარტებულია ორგანიზაციის განცხადებაში.

ორგანიზაციის წარმომადგენლის, აკაკი ხუსკივაძის თქმით, “ქართული ოცნების” შტაბებიდან ფარულად მიიღეს ინფორმაცია, თუ ვინ უნდა ყოფილიყვნენ არჩეული კონკრეტულ საუბნო საარჩევნო კომისიაში თავმჯდომარეებად, მოადგილეებად და მდივნებად. ხუსკივაძის თქმით, ეს ინფორმაცია გამართლდა და ამის დამადასტურებელი ვიდეომასალებიც აქვთ.

ხუსკივაძის განცხადებით, ორგანიზაციამ აღნიშნული ვიდეომასა შესასწავლად უკვე მიაწოდა როგორც ქართულ, ასევე, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს.

“უშუალოდ საარჩევნო კომისიებში, სადაც ვაკვირდებოდით კომისიის წევრების თანამდებობებზე არჩევას, შემიძლია გითხრათ, რომ პრაქტიკულად შტურმი განხორციელდა საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებზე. დღესდღეობით აქ “ქართული ოცნების” წევრები ტოტალურად არიან წარმოდგენილი და კადრების ნახვის შემდეგ მიხვდებით, თუ როგორ შეხმატკბილებულად მუშაობენ ისინი, თუ როგორ არის თანამდებობები გადანაწილებული მათ შორის. არანაირ ეჭვს არ იწვევს მათი ერთად მუშაობა და ამ საკითხის წინასწარი დაგეგმვა და მივმართავთ ორგანიზაციებს, კარგად შეისწავლონ ეს მასალები”, – განმარტა ხუსკივაძემ.

ხუსკივაძის თქმით, “სამოქალაქო საარჩევნო კომისია” ასევე ცესკოსაც მიმართავს, რათა განმარტონ, თუ რატომ ხდება საუბნო საარჩევნო კომისიებში მსგავსი შეთანხმებები. ხუსკივაძემ მოუწოდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომ კიდევ ერთხელ გამჭვირვალედ დააკომპლექტონ საუბნო საარჩევნო კომისიები.

“წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მოუწვეთ აღიარება, რომ საქართველოში არჩევნებს არა ცესკო, არამედ “ქართული ოცნება” ატარებს”, – განაცხადა ხუსკივაძემ.

“სამოქალაქო საარჩევნო კომისია” სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილიამ” და “საზოგადოებრივი ინიციატივების ასოციაციამ” 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად შექმნეს. ინიციატივის ავტორების თქმით, ეს იქნება ცენტრალური საარჩევნო კომისიის ერთგვარი ალტერნატივა, რომლის მთავარი მიზანიც არჩევნებში საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა იქნება.

“სამოქალაქო საარჩევნო კომისიის” მიერ გავრცელებული ინფორმაციის დაზუსტება “ნეტგაზეთმა” ცენტრალურ საარჩევნო კომისიაშიც სცადა, სადაც განაცხადეს, რომ ამ საკითხზე კომენტარს ჯერ არ აკეთებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი