ახალი ამბები

“სამოქალაქო საარჩევნო კომისია” — ახალი ინიციატივა არჩევნებზე დასაკვირვებლად

3 სექტემბერი, 2021 • 2322
“სამოქალაქო საარჩევნო კომისია” — ახალი ინიციატივა არჩევნებზე დასაკვირვებლად

სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილიამ” და “საზოგადოებრივი ინიციატივების ასოციაციამ” 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად წარადგინეს ახალი ინიციატივა — “სამოქალაქო საარჩევნო კომისია”. ინიციატივის ავტორების თქმით, ეს იქნება ცენტრალური საარჩევნო კომისიის ერთგვარი ალტერნატივა, რომლის მთავარი მიზანიც არჩევნებში საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა იქნება.

“2020 წლის საპარლამენტო არჩევნებმა ნათლად აჩვენა საარჩევნო ადმინისტრაციისადმი საზოგადოების დაბალი ნდობა. ჩატარებული არჩევნები სასურველი სტანდარტებისგან ძალიან შორს იყო. ცესკოს მხრიდან დარღვევებზე არასათანადო რეაგირება ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გამომწვევ მთავარ ფაქტორად იქცა.

უკვე ერთი წელია, სახელმწიფო დაუსრულებელი კრიზისის ფონზე აგრძელებს ცხოვრებას და თვითმმართველობის არჩევნები ამ და სხვა გარემოებების გამო აბსოლუტურად განსხვავებულ და მნიშვნელოვან დატვირთვას იძენს. ამიტომ, “საზოგადოებრივი ინიციატივების ასოციაცია” და ჩვენ, მოძრაობა “სირცხვილია” წარმოვადგენთ ახალ ინიციატივას -“სამოქალაქო საარჩევნო კომისიას”, — განაცხადა დღეს, 3 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე “სირცხვილიას” წარმომადგენელმა შოთა დიღმელაშვილმა.

დიღმელაშვილის თქმით, ორგანიზაციას სურს, რომ არჩევნების პროცესში უზრუნველყოს:

  1. წინასაარჩევნო და საარჩევნო დარღვევების მონიტორინგი და მათზე რეაგირება;
  2. არჩევნების შედეგების ალტერნატიული დათვლა და დროული გამოქვეყნება;
  3. არჩევნების შეფასება და შედეგების მიწოდება, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო პარტნიორებისთვის.

ამისთვის შეიქმნა ვებსაიტი cec.org.ge, სადაც, დიღმელაშვილის განცხადებით, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, არჩევნების პროცესში სრული სურათი ერთ მისამართზე იხილონ. “სირცხვილიას” განმარტებით, კენჭისყრის დღეს ვებსაიტზეც ორგანიზებულად და ოპერატიულად აიტვირთება არჩევნების ოქმები და შედეგები, რაც ონლაინ რეჟიმში ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება:

“ვებსაიტზე წინასაარჩევნო პერიოდში და კენჭისყრის დღეს, მოქალაქეების ჩართულობით, ფოტო და ვიდეომასალა აიტვირთება, რომლებზეც ასახული იქნება საარჩევნო დარღვევები და რომლებსაც დაერთვება კვალიფიციური ექსპერტების განმარტებები. მოვუწოდებთ ყველას, როგორც არასამთავრობო, ისე პოლიტიკურ სპექტრს, შემოგვიერთდნენ ინიციატივაში და ჩართონ თავიანთი წარმომადგენლები პროცესის მაქსიმალური მოცვისა და გამჭვირვალობისთვის”, — განაცხადა დიღმელაშვილმა.

პროექტის იდეის ავტორის, საარჩევნო სისტემების სპეციალისტის, აკაკი ხუსკივაძის თქმით კი, “სამოქალაქო საარჩევნო კომისიას” თავისი წარმომადგენლები ეყოლება როგორც ცესკოში, ასევე, საარჩევნო უბნებსა და საოლქო საარჩევნო კომისიებში.

რაც შეეხება მოქალაქეების მიერ ატვირთული მასალის სანდოობას, ხუსკივაძის განმარტებით, ექსპერტები საიტზე ატვირთულ მასალებს შეაფასებენ და კონკრეტულ მასალაზე გააკეთებენ დასკვნას, იქნება თუ არა ეს საარჩევნო კოდექსის დარღვევა.

“იქნება შესაბამისი რეაგირება და შეფასებები”, — განაცხადა ხუსკივაძემ.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს არის დანიშნული.

მასალების გადაბეჭდვის წესი