ავღანელმა ლტოლვილმა, რომელიც ქმართან და 2 შვილთან ერთად დიდ ბრიტანეთში მიფრინავდა, საევაკუაციო თვითმფრინავში, დედამიწის ზედაპირიდან 9 კმ-ის სიმაღლეზე იმშობიარა. შემთხვევა 28 აგვისტოს მოხდა.
BBC-ის თანახმად, 26 წლის სომან ნურიმ იქამდე ქაბული დატოვა, ზემოხსენებული რეისით კი არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ დუბაიდან გაერთიანებული სამეფოს ქალაქ ბირმინგემში მიფრინავდა.
როდესაც ქალს მშობიარობა დაეწყო, აღმოჩნდა, რომ ბორტზე ექიმები არ იმყოფებოდნენ, რის შემდეგაც მას ეკიპაჟის წევრები დაეხმარნენ.
პრევენციის მიზნით, თვითმფრინავი ქუვეითში დაეშვა. მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ ქალისთვისაც და ახალშობილისთვისაც მგზავრობა უსაფრთხო იყო, ფრენა გაგრძელდა. თვითმფრინავი უკვე დაეშვა ქალაქ ბირმინგემში.
ავიაკომპანიის განცხადებით, დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს.
მას შემდეგ, რაც თალიბანმა დაიკავა ავღანეთის დედაქალაქი და ხელისუფლებაში დაბრუნებისა და ისლამური საამიროს აღდგენის შესახებ გამოაცხადა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სხვა დასავლელმა პარტნიორებმა ქვეყნიდან საკუთარი და ავღანეთის მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყეს.
28 აგვისტოს ქაბულის აეროპორტიდან გამოფრინდა ბოლო ბრიტანული თვითმფრინავი, რომელიც უშუალოდ ავღანეთის მოქალაქეთა ევაკუაციისთვის იყო განკუთვნილი. შემდგომი რეისებით ქვეყანას ბრიტანელი დიპლომატები და სამხედროები დატოვებენ.
ლონდონმა 27 აგვისტოს განაცხადა, რომ წყვეტს მოქალაქეთა ევაკუაციას ქაბულის აეროპორტიდან. აღნიშნულს წინ უძღოდა 26 აგვისტოს თავდასხმები აეროპორტთან, რასაც 170 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
აფეთქებებზე პასუხისმგებლობა “ისლამური სახელმწიფოს” ავღანეთში მოქმედმა განშტოებამ აიღო. 28 აგვისტოს აშშ-მ თქვა, რომ დაჯგუფების წინააღმდეგ წერტილოვანი დარტყმა მიიტანა და მისი ორი წარმომადგენელი მოკლა.
გარეკნის ფოტო: Reuters