ახალი ამბები

ქაბულის აეროპორტთან აფეთქებების შედეგად 170 ადამიანზე მეტი გარდაიცვალა – CNN

27 აგვისტო, 2021 •
ქაბულის აეროპორტთან აფეთქებების შედეგად 170 ადამიანზე მეტი გარდაიცვალა – CNN

ავღანეთის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ქაბულის აეროპორტთან მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 170-ს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 200-ზე მეტი ადამიანია დაჭრილი. გუშინ, 26 აგვისტოს კი პენტაგონმა დაადასტურა, რომ აფეთქების შედეგად აშშ-ის 13 სამხედრო გარდაიცვალა, 18 კი დაიჭრა.

ქაბულის საერთაშორისო აეროპორტთან ორი აფეთქება გუშინ, 26 აგვისტოს მოხდა. სწორედ ამ აეროპორტიდან მიმდინარეობს 1 კვირაზე მეტია ავღანეთისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაცია.

CNN აშშ-ის 3 ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება, რომ აფეთქება, სავარაუდოდ, თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.

ცნობების თანახმად, თავდასხმის ადგილას ადამიანები თავიანთ ვიზებს ელოდებოდნენ. აფეთქებას მოჰყვა სროლაც.

აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე, დასავლეთის ქვეყნების სადაზვერვო სამსახურებიდან გაისმა გაფრთხილება მოახლოებული ტერორისტული საფრთხის შესახებ: მოკავშირეების თანახმად, არსებობდა ისლამური სახელმწიფოს ადგილობრივი ქსელის მხრიდან თავდასხმის საფრთხე.

ზემოხსენებულის გამო, ამერიკის შეერთებული შტატები, ავსტრალია და გაერთიანებული მოუწოდებდნენ მოქალაქეებს, დაეტოვებინათ აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია.


მას შემდეგ, რაც თალიბანმა დაიკავა ავღანეთის დედაქალაქი და ხელისუფლებაში დაბრუნებისა და ისლამური საამიროს აღდგენის შესახებ გამოაცხადა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სხვა დასავლელმა პარტნიორებმა ქვეყნიდან საკუთარი და ავღანეთის მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყეს.

ამ დროისთვის ქვეყნიდან გამოყვანილია 88 000-ზე მეტი ადამიანი. ქაბულის აეროპორტს 39 წუთში ერთხელ ერთი თვითმფრინავი ტოვებს.

Aljazeera-ს თანახმად, ქაბულის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიებს თალიბანი აკონტროლებს და აეროპორტამდე უშვებენ მხოლოდ მათ, ვისაც ამერიკის ან სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, ან ე.წ. მწვანე ბარათი აქვთ.

უცხო ქვეყნის ჯარებს ავღანეთის დასატოვებლად და ევაკუაციის დასასრულებლად დრო 31 აგვისტომდე აქვთ. თალიბანი აცხადებს, რომ ეს თარიღი გადახედვას არ ექვემდებარება.

გარეკანის ფოტო: CNN – Aamir Qureshi/AFP/Getty Images

მასალების გადაბეჭდვის წესი