ახალი ამბები

აშშ-მ დარტყმა მიიტანა “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ავღანეთში

28 აგვისტო, 2021 • 3025
აშშ-მ დარტყმა მიიტანა “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ავღანეთში

ამერიკის შეერთებული შტატები ამბობს, რომ “ისლამური სახელმწიფოს” ავღანეთის განშტოების(Isis-K) წინააღმდეგ დარტყმა მიიტანა. სწორედ აღნიშნულმა დაჯგუფებამ აიღო პასუხისმგებლობა ქაბულის აეროპროტთან მომხდარ თავდასხმებზე.

აშშ-ის თავდაცვის უწყების განცხადებით, მიზანში დაჯგუფების ერთ-ერთი ორგანიზატორი ამოიღეს, დარტყმა კი ნანგარჰარის პროვინციაში, დრონის მეშვეობით განხორციელდა.

“პირველადი ნიშნები არის, რომ ჩვენ მოვკალით სამიზნე”, — აღნიშნა ცენტრალური სარდლობის კაპიტანმა ბილ ურბანმა.

Reuters წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ აშშ-მ დაჯგუფების კუთვნილი ავტომობილი ამოიღო მიზანში, რომელშიც Isis-K-ის ერთ-ერთი ორგანიზატორი და დაჯგუფების კიდევ ერთი წევრი ისხდნენ. ორივე მათგანი მოკლულია.

“ისლამური სახელმწიფო — ხორასანი”(Isis-K) ავღანეთის ტერიტორიაზე მოქმედებს. მისი მხრიდან მომავალ საფრთხეებზე ვაშინგტონში ქაბულის თავდასხმებამდე რამდენიმე დღით ადრე საუბრობდნენ.

26 აგვისტოს მომხდარ ორ აფეთქებას, ბოლო მონაცემებით, 170 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის არიან ავღანელი სამოქალაქო პირები და 13 ამერიკელი სამხედრო. თავდასხმა მოხდა ხალხმრავალ ადგილას, სადაც რიგითი მოქალაქეები — ქალები, კაცები და ბავშვები — ვიზებს ელოდებოდნენ.

მას შემდეგ, რაც თალიბანმა დაიკავა ავღანეთის დედაქალაქი და ხელისუფლებაში დაბრუნებისა და ისლამური საამიროს აღდგენის შესახებ გამოაცხადა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სხვა დასავლელმა პარტნიორებმა ქვეყნიდან საკუთარი და ავღანეთის მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყეს.

გასული 2 კვირის განმავლობაში, ავღანეთიდან, სავარაუდოდ, 100 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. უცხო ქვეყნის ჯარებს ავღანეთის დასატოვებლად და ევაკუაციის დასასრულებლად დრო 31 აგვისტომდე აქვთ.

აფეთქებების დღეს აშშ-მ დაადასტურა, რომ თანამშრომლობს თალიბანთან შემდგომი აფეთქებების აღსაკვეთად. მანამდე თალიბანმა თქვა, რომ აფეთქებები აშშ-ის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა.

ნატოს წევრი ქვეყნების დიდმა ნაწილმა საგანგებო ფრენები უკვე დაასრულა. საფრანგეთმა ევაკუაციის პროცესი პარასკევს შეწყვიტა და მიზეზად აეროპორტში გაუარესებული ვითარება დაასახელა. აშშ ამბობს, რომ კვლავაც არსებობს თავდასხმების საფრთხე.

მასალების გადაბეჭდვის წესი