ახალი ამბები

არჩევნები არათუ გადასადები არ არის, არამედ, მალევეა მოსაპოვებელი გამარჯვება — მელია

25 აგვისტო, 2021 • 1085
არჩევნები არათუ გადასადები არ არის, არამედ, მალევეა მოსაპოვებელი გამარჯვება — მელია

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე და თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია აცხადებს, რომ არჩევნების გადადების იდეას არ ემხრობა. ამის შესახებ ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარემ დღეს, 25 აგვისტოს ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“არათუ გადასადები არ არის არჩევნები, მალევე არის გამარჯვება მოსაპოვებელი, რომ პროფესიონალები, კვალიფიციური ადამიანები მოვიდნენ და ყველაფერთან ერთად ეპიდემია მართონ. რომელ გადადებაზეა საუბარი? “ქართული ოცნება” რას საუბრობს, არც მაინტერესებს, სიმართლე გითხრათ, ალალად გეტყვით, ჩემი ინტერესის სფეროში საერთოდ არ შედის. 2 ოქტომბერს საკადრისი პასუხი უნდა გაეცეს ამ ადამიანებს”, — განაცხადა მელიამ.

არჩევნების გადადების შეთავაზებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს სახალხო დამცველმა მიმართა. მოგვიანებით ამ მიმართვას შეუერთდა ოპოზიციური პარტიების ნაწილიც. ლომჯარია აცხადებს, რომ არჩევნების ჩატარება ახლა, როცა ჯანდაცვის სექტორი კრიტიკულ ვითარებაშია და კლინიკებში პაციენტებისთვის ადგილები აღარ არის, არ არის სწორი.

ამასთან, ლომჯარიას თქმით, ხელისუფლებამ ეპიდემიოლოგებთან ერთად უნდა იმსჯელოს მოსალოდნელ საფრთხეებზე და საზოგადოებას აცნობოს, რამდენად გაუძლებს ჯანდაცვის სისტემა არჩევნების შემდეგ მოსალოდნელ ინფიცირების შემთხვევების ზრდას.

არჩევნების გადადებისთვის საჭიროა, რომ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს, თუმცა მმართველი პარტია მიანიშნებს, რომ 2 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნების გადადებას არ აპირებს. პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სახალხო დამცველის მხრიდან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე საუბარი “თავისთავად ანომალიაა”.

დღეს, 25 აპრილს “ქართულმა ოცნებამ” ბრიფინგი გამართა, სადაც “ოცნების” წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ არჩევნების გადადება “ნაციონალურ მოძრაობას” სურს და ეს მათი მხრიდან პირდაპირი პოლიტიკური კაპიტულაციაა. მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” არჩევნების გადადების მოთხოვნით კამპანიას აწარმოებს, რომელიც 3 მიზანს ემსახურება:

  1. საჭიროების შემთხვევაში წინმსწრებად საბაბის მომზადებას თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტისთვის;
  2. არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში, მარცხის შემდეგ გამოაცხადონ, თითქოს არჩევნები მოსახლეობის სრულფასოვან ნებას არ გამოხატავს;
  3. წინასაარჩევნო პერიოდში აწარმოონ მადისკრედიტებელი კამპანია ხელისუფლების მიმართ, თითქოს ამ უკანასკნელს მოსახლეობის ჯანმრთელობა არ აინტერესებს.

ვინ და რატომ (არ) ემხრობა არჩევნების გადადებას

 

მასალების გადაბეჭდვის წესი