ახალი ამბები

პაპუაშვილი: არჩევნების გადადების მოთხოვნა პირდაპირ ნიშნავს პოლიტიკურ კაპიტულაციას

25 აგვისტო, 2021 • 817
პაპუაშვილი: არჩევნების გადადების მოთხოვნა პირდაპირ ნიშნავს პოლიტიკურ კაპიტულაციას

“ქართული ოცნების” განცხადებით, “ნაციონალურ მოძრაობას” დაწყებული აქვს არჩევნების გადადების მოთხოვნის კამპანია და საბაბად პანდემიას იშველიებს.

“არჩევნებამდე ერთი თვით ადრე არჩევნების გადადების მოთხოვნა პირდაპირ ნიშნავს პოლიტიკურ კაპიტულაციას, რამდენიც არ უნდა ისპეკულირონ, თითქოსდა მოსახლეობის ჯანმრთელობა აინტერესებთ”, — განაცხადა “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ენმ-ის კამპანია ემსახურება 3 ამოცანას:

  1. საჭიროების შემთხვევაში წინმსწრებად საბაბის მომზადებას თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტისთის;
  2. არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში, მარცხის შემდეგ გამოაცხადონ, თითქოს არჩევნები მოსახლეობის სრულფასოვან ნებას არ გამოხატავს;
  3. წინასაარჩევნო პერიოდში აწარმოონ მადისკრედიტებელი კამპანია ხელისუფლების მიმართ, თითქოს ამ უკანასკნელს მოსახლეობის ჯანმრთელობა არ აინტერესებს.

შალვა პაპუაშვილის თქმით, 2020 წლის წარმატებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ცესკო სრულად უზრუნველყოფს არჩევნების დღის კოვიდუსაფრთხოების ყველა ზომის გათვალისწინებით ჩატარებას. მისი თქმით, მოქალაქეები სარჩევნო უბანზე იქნებიან უფრო უსაფრთხოდ, ვიდრე ნებისმიერ სხვა ადგილზე.

შალვა პაპუაშვილმა ასევე თქვა, რომ არჩევნების დღისთვის ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 60% სულ მცირე ერთი დოზით იქნება აცრილი.

“რაც შეეხება წინასაარჩევნო კამპანიას, აქ პასუხისმგებლობა არა მარტო ხელისუფლებაზე, არამედ თავად პარტიებზეცაა. პარტიებმა უნდა უზრუნველვყოთ საარჩევნო კამპანიის უსაფრთხოდ ჩატარება. ამ პასუხისმგებლობით ვგეგმავთ საარჩევნო კამპანიას და აქტიური კომუნიკაცია გვაქვს აქტივისტებთან, რათა ჩვენივე აქტივის გადაცდომებზე სათანადო რეაგირება მოვახდინოთ.

ოპონენტებს მოვუწოდებთ, ნაცვლად არჩევნების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებისა, უზრუნველყავით თქვენი საარჩევნო კამპანიის ყველა რეგულაციის და რეკომენდაციის დაცვით ჩატარება. არჩევნები ჩატარდება, ჩატარდება კოვიდუსაფრთხოდ და ჩვენ ამ არჩევნებში დამაჯერებლად გავიმარჯვებთ”, — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ბოლო 1 კვირის მონაცემებით, საქართველო 100 000  მოსახლეზე კორონავირუსის როგორც გავრცელების, ისე სიკვდილიანობის მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ამ ფონზე სახალხო დამცველი მართებულად მიიჩნევს, დაიწყოს მსჯელობა არჩევნების გადადებაზე.

ომბუდსმენის ეს პოზიცია გაიზიარა ოპოზიციის ნაწილმა, ხელისუფლება კი ამბობს, რომ არჩევნების გადადების იდეა ემსახურება არა ეპიდემიოლოგიური ვითარების შემსუბუქებას, არამედ დამარცხებისთვის განწირული ოპოზიციისთვის “მაშველი რგოლის” გადაგდებას.

ვინ და რატომ (არ) ემხრობა არჩევნების გადადებას

მასალების გადაბეჭდვის წესი