ახალი ამბები

ვინ და რატომ (არ) ემხრობა არჩევნების გადადებას

24 აგვისტო, 2021 • 1498
ვინ და რატომ (არ) ემხრობა არჩევნების გადადებას

ბოლო 1 კვირის მონაცემებით, საქართველო 100 000  მოსახლეზე კორონავირუსის როგორც გავრცელების, ისე სიკვდილიანობის მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ამ ფონზე სახალხო დამცველი მართებულად მიიჩნევს, დაიწყოს მსჯელობა არჩევნების გადადებაზე.

ომბუდსმენის ეს პოზიცია გაიზიარა ოპოზიციის ნაწილმა, ხელისუფლება კი ამბობს, რომ არჩევნების გადადების იდეა ემსახურება არა ეპიდემიოლოგიური ვითარების შემსუბუქებას, არამედ დამარცხებისთვის განწირული ოპოზიციისთვის “მაშველი რგოლის” გადაგდებას.

ომბუდსმენის პოზიცია

ბოლო კვირის განმავლობაში საქართველოში დღიურად, საშუალოდ, 56 ადამიანი კვდება კორონავირუსით. სახალხო დამცველი მართებულად მიიჩნევს, დაიწყოს მსჯელობა არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დასტაბილურებამდე. ნინო ლომჯარიას შეფასებით, საქართველოში პანდემიის მართვა ხდება არა ეპიდემიოლოგიური ან მეცნიერული გათვლების თუ მონაცემების საფუძველზე, არამედ პოლიტიკური მიზანშეწონილობით, რაც საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა ჯანმრთელობასა და სიცოცხლის უფლებას.

“60-70-ზე მეტი გარდაცვლილი გვყავს დღის განმავლობაში. რას უნდა ველოდეთ, რომ უფრო მკაცრი რეგულაციები იყოს შემოღებული?! ან რატომ არავინ მსჯელობს — მე ოპოზიციასთანაც იგივე პრეტენზია მაქვს — შეიძლება თუ არა ასეთ ვითარებაში არჩევნების ჩატარება?! რა უნდა ხდებოდეს ქვეყანაში უფრო საგანგაშო და სავალალო?!

რა შემთხვევაში შეიძლება გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა, ან როდის შეიძლება განვიხილოთ არჩევნების გადადება? შარშან ხომ კარგად ვნახეთ, არჩევნების შემდეგ როგორ დამძიმდა ეპიდვითარება. ვერც ერთი პოლიტიკური ძალის მხრიდან ვერ ვხედავ ამ საკითხის სადისკუსიოდ წამოწევას”, — განაცხადა ომბუდსმენმა 23 აგვისტოს “ტვ პირველის” ეთერში.

ოპოზიციის პოზიცია

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, 2-3 კვირით არჩევნების გადავადება კარდინალურად არ შეცვლის პოლიტიკურ ვითარებას და შესაძლოა, მიზანშეწონილი იყოს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე.

“სამწუხაროდ, გასულ წელს არჩევნებმა ნოემბერში და დეკემბერში ინფიცირებულთა რაოდენობა გაზარდა. ამ ვითარებაში, როდესაც სამედიცინო სისტემა კოლაფსშია, ექიმები ვეღარ აუდიან პაციენტებს, როცა ყოველდღიურად იზრდება ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა, “სტრატეგია აღმაშენებლი” მზად ვართ, ავიღოთ პასუხისმგებლობა და არჩევნების ჩატარებასთან ან მცირედით გადავადებასთან დაკავშირებით საერთო დისკუსიაში და გადაწყვეტილებაში მივიღოთ მონაწილეობა”, — თქვა ვაშაძემ.

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, თამარ კორძაიას თქმით, ოპოზიცია არ ატარებს ხალხმრავალ შეხვედრებს და კონცერტებს და არც უფლებამოსილია, არჩევნები გადადოს. ამიტომ, როგორც ის ამბობს, არჩევნების გადადების საკითხის ადრესატი საქართველოს პრეზიდენტია.

საპარლამენტო ფრაქცია “ლელოს” წევრ სალომე სამადაშვილის აზრით, ხელისუფლება იმედოვნებს არჩევნების ჩაატარებას ეპიდემიოლოგიური ვითარების პიკზე, რათა ხალხი არ მივიდეს არჩევნებზე, და შემდეგ შეზღუდვების დაწესებას, რაც ქართველი ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება. დეპუტატის აზრით, პარლამენტში უნდა გაიმართოს მოსმენა ექიმებისა და ეპიდემიოლოგების მონაწილეობით, რათა პოლიტიკური სპექტრისთვის ნათელი იყოს სრული ეპიდმეიოლოგიური სურათი.

ამირან გამყრელიძისგან, პაატა იმნაძისა და თენგიზ ცერცვაძისგან ითხოვს ინფორმაციას გიგი უგულავაც, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ფოთში “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატია.

“კოვიდის მართვა/ვერმართვა, არჩევნების ჩატარება/გადადება მთლიანად ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. ასეა ყველა ქვეყანაში, ხელისუფლებას არ ადარდებს ათასობით გარდაცვლილი ჩვენი მოქალაქე. ასევე, ცხადია, რომ აშკარა კონფლიქტია ეპიდემიოლოგებსა და პრემიერ ღარიბაშვილს შორის. “ოცნების” გეგმაა, რაც უფრო შეშინდება ხალხი და ნაკლებად მოვა არჩევნებზე, გააყალბოს და მერე ჩაკეტოს ქვეყანა.

ოღონდ მანამდე ათასობით ადამიანი მოკვდება… ახლა კითხვა გვაქვს მუშკეტერებად წოდებულ ბატონებთან — გვითხარით დეტალური სიმართლე. წინასაარჩევნო პროცესი, არჩევნები 2 ოქტომბრამდე და მეორე ტურებით ოქტომბრის ბოლომდე რა გავლენას მოახდენს ეპიდემიოლოგიურ სურათზე? სად ვიქნებით არჩევნების დასრულებისას?” — მიმართავს უგულავა ექიმებს.

პარტია “პროგრესის და თავისუფლების” ლიდერი კახა ოქრიაშვილი აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თავისი “სატელიტი პოლიტიკური ძალების მეშვეობით მოსახლეობას „შემოუგდო“ წინადადება არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით” და მერე თავადვე უპასუხა, რომ არ აპირებს არჩევნების გადადებას. მისი თქმით, არჩევნების გადადება-არგადადების საკითხი ეპიდემიოლოგების გადასაწყვეტია და არა პოლიტიკოსების!

“მიმაჩნია, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩატარდეს რეფერენდუმიც და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებიც, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, რათა ეს არაკომპეტენტური, კორუმპირებული, თაღლითი ხელისუფლება კომპეტენტური, პროგრესული და პროფესიონალური მთავრობით შეიცვალოს”, — აცხადებ ოქრიაშვილი.

ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის შემთხვევაში არჩევნების გადადების მომხრეა პარტია “მოქალაქეები”.

“ჩემთვის მთავარია, არჩევნებზე მოვიდეს ხალხი. თუ დავინახავთ, რომ ისეთი სიტუაციაა, ადამიანებს ეშინიათ მოსვლა და შეიძლება სათანადოდ ვერ იქნას გამოხატული მათი ნება და არჩევნებს არ ჰქონდეს შესაბამისი ლეგიტიმაცია, მაშინ, რა თქმა უნდა, არჩევნები უნდა გადაიდოს”, — განუცხადა ჟურნალისტებს ლევან იოსელიანმა.

არჩევნების გადადება მოქალაქეთა “ნების გადაწევას” ნიშნავს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას გუნდისთვის.

“რა საკითხსაც არ უნდა ვეხებოდეთ, იქნება ეს არჩევნების გადადება თუ სხვა საკითხი, ადამიანების ჯანმრთელობა არის ყველაზე მაღალი ღირებულება. რთულად დასაშვებია, რომ წინ საკმაოდ დიდი პერიოდია იმისათვის, რომ თუ ნება და კომპეტენცია არსებობს, ხელისუფლებამ დაასტაბილუროს ვითარება იმისთვის, რომ ჩვენ მივიდეთ უსაფრთხო არჩევნებამდე. დღეს ჩვენი ამოცანა ის კი არ უნდა იყოს, რომ ვისაუბროთ არჩევნების გადადებაზე, არამედ ვისაუბროთ უსაფრთხოდ არჩევნების ჩატარებაზე”, — ტვ “პირველის” ეთერში განაცხადა პარტიაის”საქართველოსთვის” წევრმა მიხეილ დაუშვილმა.

“მაშველი რგოლი ოპოზიციისთვის…”

“ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ არჩევნების გადადება აწყობთ არა მათ, არამედ ოპოზიციას, რომელიც არჩევნებს აგებს და ომბუდსმენიც ოპოზიციის რუპორია.

“მგონია, რომ სახალხო დამცველი, ისევე როგორც არაერთი პოლიტიკური აქტივისტი, რომელიც დამოუკდიებლად წარმოადგენს თავს, იმ ინტერესების გარე სპიკერებად ჩამოყალიბდნენ, რაც “ნაცმოძრაობას” გააჩნია… არჩევნების დღე იქნება იმ დონეზე ორგანიზებული, რომ საფრთხეები მინიმუმამდე იყოს შემცირებული”, — განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის აზრით, “შესაძლებელია საარჩევნო პროცესის წარმართვა ეპიდემიოლოგიური წინდახედულობის გათვალისწინებით”, რისი დასტურიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებია.

“ჯერჯერობით ნამდვილად არ არის ისეთი მდგომარეობა, რომელიც არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას გამორიცხავს, თუმცა პროცესებს უნდა დავაკვირდეთ. არ მგონია, რომ მხოლოდ ეს [ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა] იყოს მიზეზი ასეთი ასეთი იდეის გაჩენის. შეიძლება, ეს ოპოზიციისთვის იყოს ერთგვარი მაშველი რგოლის ფუნქციის მატარებელი იმ ფონზე, როდესაც განწირულები არიან დამარცხებისთვის და ამას კარგად აცნობიერებენ”, — თქვა სარჯველაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ირაკლი კობახიძის თქმით, არჩევნების გადადების ერთადერთი სამართლებრივი მექანიზმი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაა და როცა სახალხო დამცველი საუბრობს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე, “ეს თავისთავად ანომალიაა”.

პოლიტიკური გადაწყვეტილება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ არ უპასუხა ჟურნალისტების კითხვას იმის შესახებ, მიზანშეწონილად მიიჩნევს თუ არა არჩევნების გადადებას და რა რეკომენდაციას მისცემს მთავრობას. გამყრელიძის თქმით, ეს “პოლიტიკური საკითხია”, რომელზეც რეკომენდაციას საკოორდინაციო საბჭოს სხდომებზე და საარჩევნო კომისიასთან გასცემს და არა — საჯაროდ.

საარჩევნო ადმინისტრაციამ გუშინ გაავრცელა განცხადება, რომ 2 ოქტომბრის არჩევნების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად ემზადება. ცესკომ განსაზღვრა არჩევნებში მონაწილეობის წესი იზოლაციაში მყოფი და პენიტენციურ დაწესებულებებსა და სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებში მყოფი პირებისთვის.

“რეგულაციები და ქცევის წესები როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების, ისე საარჩევნო პროცესში ჩართული სხვა მხარეებისთვის არის განსაზღვრული. დარეგულირდა არჩევნების დღეს კენჭისყრის შენობებში შესვლის, გამოსვლის, ყოფნის, გადაადგილების, თერმოსკრინინგის, პირბადის გამოყენების, საარჩევნო უბანზე უფლებამოსილი პირის სხვა პირით ჩანაცვლების წესები.

ასევე, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის არჩევნებში მონაწილეობისთვის შექმნილი საარჩევნო უბნების და სპეციალური ჯგუფების შექმნის წესები… უბნების უმეტესობა უზრუნველყოფილია ბუნებრივი ვენტილაციით და იძლევა თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას”, — აცხადებს ცესკო და აანონსებს ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას როგორც კოვიდრეგულაციების თაობაზე, ისე საარჩევნო უბნების ლოკაციასთან დაკავშირებით ამომრჩევლების დროულად და ამომწურავად ინფორმირების მიზნით.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღი განსაზღვრულია კანონმდებლობით. საარჩევნო კოდექსის თანახმად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები ტარდება მორიგი არჩევნების წლის ოქტომბრის პირველ შაბათს. წელს ეს თარიღი 2 ოქტომბერს ემთხვევა. არჩევნებს პრეზიდენტი კანონმდებლობით განსაზღვრულ დრომდე ორი თვით ადრე, პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით ნიშნავს, რის შემდეგაც საარჩევნო კამპანია ოფიციალურად იწყება.

არჩევნები არ ტარდება საგანგებო მდგომარეობის დროს. ეპიდემიის დროს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების უფლებამოსილება აქვს პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრის წარდგინებით.

კითხვაზე, განიხილავს თუ არა პრეზიდენტი თვითმმართველობის არჩევნების გადადების საკითხს, “ნეტგაზეთს” პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილი საკუთარ პოზიციას ეპიდვითარებიდან გამომდინარე და ყველასთან კონსულტაციის შემდეგ გამოთქვამს.

მასალების გადაბეჭდვის წესი