ახალი ამბები

არჩევნების გადადება არის ადამიანის უფლებების საკითხი — ლომჯარია

25 აგვისტო, 2021 • 1031
არჩევნების გადადება არის ადამიანის უფლებების საკითხი — ლომჯარია

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ საქართველოში 2 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნების გადადება არა პოლიტიკური, არამედ ეპიდემილოგიური საკითხია, რადგან ჯანდაცვის სექტორი ამ დროისთვის უკვე გადატვირთულია, არჩევნები კი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობას გაზრდის. ამის შესახებ ლომჯარიამ დღეს, 25 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

“არჩვენების გადადება-არგადადების საკითხი არ არის მხოლოდ წმინდადპოლიტიკური საკითხი, უფრო მეტად, ეს არის ეპიდემილოგიური საკითხი და ადამიანის უფლებების საკითხი. დღესდღეობით, ეპიდემილოგები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები საუბრობენ იმაზე, რომ ჯანდაცვის სექტორი არის გადატვირთული იმდენად, რომ არათუ კოვიდპაციენტების მიღება, არამედ მოქალაქეებისთვის უკვე გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევაც კი ხშირ შემთხვევაში ძალიან უჭირთ და უგვიანდებათ”, — განმარტა სახალხო დამცველმა.

მანამდე, “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა, მათ შორის, პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და შალვა პაპუაშვილმა მიანიშნეს, რომ სახალხო დამცველის და ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის მოთხოვნის მიუხედავად, დაგეგმილი არჩევნების თარიღი არ შეიცვლება.

ნინო ლომჯარია არჩევნების გადადებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საფუძვლით სთავაზობს პრემიერ-მინისტრს. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კი განაცხადა რომ სახალხო დამცველის მხრიდან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე საუბარი “თავისთავად ანომალიაა”.

პაპუაშვილმა კი განაცხადა, რომ არჩევნების გადადების “მოთხოვნის კამპანია” დაწყებული აქვს “ნაციონალურ მოძროაბას”. პაპუაშვილის თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა “რამდენიც არ უნდა ისპეკულირონ, თითქოსდა მოსახლეობის ჯანმრთელობა აინტერესებთ”, ეს მათი მხრიდან პირდაპირი პოლიტიკური კაპიტულაციაა.

რაც შეეხება სახალხო დამცველის არგუმენტებს არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით, ლომჯარია აცხადებს, გასული წლის არჩევნებმაც აჩვენა, თუ როგორ მოიმატა ინფიცირების შემთხვევებმა სწორედ არჩევნების შემდეგ და ამაზე საქართველოს წამყვანი ეპიდემიოლოგებიც საუბრობდნენ, მათ შორის ამირან გამყრელიძეც.

“მოგეხსენებათ, შარშან არჩევნების შემდგომ როგორ გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა და ეპიდემიოლოგებიც აღიარებენ, რომ არჩვენები არის ერთ-ერთი ფაქტორი, რაც ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობას ზრდის. შესაბამისად და ლოგიკურად, როდესაც დღეს ჩვენი ჯანდაცვის სექტორი რეალურად იმდენად გადატვირთულია, რომ ვსაუბრობთ საველე ჰოსპიტლებზე, ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩავრთოთ სტუდენტები ჯანდაცვის მომსახურების სფეროში, ვინაიდან ადამიანური რესურსის ნაკლებობა გვაქვს.

ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, თუკი ყველა ვაღიარებთ, რომ არჩევნები ზრდის მობილობას და, შესაბამისად, ზრდის ინფიცირებულთა რაოდენობას, მაშინ რა გეგმა აქვს სახელმწიფოს ერთ თვეში, როდესაც გვექნება არჩევნები და როდესაც, დიდი ალბათობით, კიდევ უფრო მეტად გაიზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა.

რატომ ვიღებთ ამ გადაწყვეტილებას საზოგადოების და ადამიანების სიცოცხლის უფლების ხარჯზე? იმიტომ, რომ ერთ თვეში, როდესაც ასეთი მოლოდინი გვაქვს, ყველა ვაცნობიერებთ, რომ შესაძლებელია ამის გამო თითოეულმა ჩვენგანმა, ჩვენმა ახლობელმა ან ჩვენმა ოჯახის წევრმა ვერ მიიღოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება”, — განაცხადა ლომჯარიამ.

ამასთან, გამოსვლისას ლომჯარიამ მიმართა ეპიდემიოლოგებს და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს, რომ გააკეთონ საკუთარი პროგნოზები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მოსახლეობას უთხრან, რამდენად ელოდებიან 2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას და რამდენად არის ჯანდაცვის სექტორი ამ ყველაფრისთვის მზად.

“თუ ჩვენ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ უფრო მეტი მოქალაქის გარდაცვალება, რატომ არ ვდგამთ მაშინ ჩვენ დღეს ამ ნაბიჯს. ვფიქრობ, რომ ადამიანის სიცოცხლე ყველაზე მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, რომ ყველა პოლიტიკოსის უპირველესი ვადლებულებაა, ამაზე ფიქრობდეს. ამიტომ პოლიტიკსობესაც მოვუწოდებ, ეპიდემილოგებთან ერთად დაიწყონ ამ საკითხზე მსჯელობა და შეაფასონ ის რისკები, რაც შეიძლება არჩევნების ჩატარებას ახლდეს”, — თქვა ლომჯარიამ.

ვინ და რატომ (არ) ემხრობა არჩევნების გადადებას

მასალების გადაბეჭდვის წესი