ახალი ამბები

სამსახურში ვაქცინაციის საბუთის მოთხოვნა დისკრიმინაციული არ არის — ლომჯარია

25 აგვისტო, 2021 • 3491
სამსახურში ვაქცინაციის საბუთის მოთხოვნა დისკრიმინაციული არ არის — ლომჯარია

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, სხვადასხვა დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ თანამშრომლებისთვის და მომხარებლებისთვის ვაქცინაციის საბუთის მოთხოვნა არ არის დისკრიმინაციული და არ ლახავს ადამიანის უფლებებს.

მისივე თქმით, დამსაქმებლის ვალდებულებაა, უზრუნველყოს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო. ამის შესახებ ლომჯარიამ დღეს, 15 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, შესაძლოა, კორონავირუსის საწინააღმდეგო საბუთის წარდგენის ვალდებულება ადამიანის ინდივიდუალურ უფლებებში ჩარევას იწვევდეს, თუმცა ეს გამართლებულია მაშინ, როდესაც საზოგადოების ჯანდაცვას და ადამიანის სიცოცხლის დაცვას ემსახურება.

“შექმნილი ვითარების ფონზე ვაქცინაცია უნდა განიმარტოს არა მხოლოდ როგორც ინდივიდუალური უფლება, არამედ როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის და მოსახლეობის სიცოცხლის გადარჩენისთვის აუცილებელი კოლექტიური პასუხისმგებლობა”, — განაცხადა ლომჯარიამ.

მისი თქმით, ბოლო პერიოდის განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატს არაერთმა ორგანიზაციამ და მოქალაქემ მიმართა კითხვით, არღვევს თუ არა ადამიანის უფლებებს და დისკრიმინაციულია თუ არა ვაქცინაციის საბუთის წარდგენის დავალდებულება შრომით ურთიერთობებში.

ლომჯარიას განმარტებით, აპარტმა აღნიშნულ საკითხზე შეისწავლა საერთაშორისო გამოცდილება და ეროვნული კანონმდებლობა ადამიანის უფლებების ჭრილში და დაასკვნა, რომ საზოგადოებრივი ცხოვრების გარკვეულ სფეროებში, როგორიცაა ჯანდაცვა, სოციალური მომსახურება, განათლება, საჯარო სამსახური და სხვა, კორონავირუსის საწინააღმდეგო საბუთის წარდგენის ვალდებულება არ წარმოადგენს დისკრიმინაციულ ან უფლების შემლახავ პრაქტიკას.

“სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ გარკვეული შემზღუდავი თუ წამახალისებელი ღონისძიებებით ვაქცინირებული და არავაქცინირებული პირებისთვის არ იქნება დისკრიმინაციული მათი სათანადო დასაბუთების პირობებში. შესაბამისად, დამსაქმებლებს, ასევე მომსახურების გამწევ პირებს, უფლება აქვთ, დასაქმებულს ან მომხამრებელს მოსთხოვონ სრული ვაქცინაციის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი ან PCR ტესტის უარყოფითი პასუხის სისტემატიურად წარმოდგენა.

აღნიშნული წესები უნდა ითვალისწინებდეს გამონაკლის შემთხვევებსაც, მაგალითად, როდესაც პირი წარმოადგენს სამედიცინო ცნობას ვაქცინაციის მიზანშეუწონლობის თაობაზე “, — განაცხადა ლომჯარიამ.

გარდა ამისა, ლომჯარიას თქმით, ვაქცინაციის საბუთის წარდგენის გარდა, დისკრიმინაციულად არ არის მიჩნეული ისეთი რეგულაციები, რომლის თანახმადაც, განსაზღვრულ საჯარო ადგილებში შესვლა შესაძლებელია მხოლოდ ვაქცინირებული ადამიანებისთვის, ხოლო არავაქცინირებული პირებისთვის სავალდებულოა ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა.

“ასევე, ზოგიერთ შემთხვევაში, ამგვარ საჯარო სივრცეებში უშვებენ იმ ადამიანებსაც, რომლებმაც ბოლო პერიოდში კორონავირუსი გადაიტანეს და აქვთ ამის დამადსტურებელი დოკუმენტი”, — განმარტა ლომჯარიამ.

როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ან ტესტირების სავალდებულოობა უნდა ითვალისწინებდეს გამონაკლისებს ისეთი შემთხვევებისთვის, როდესაც პირს არ შეუძლია   კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია კონკრეტული სამედიცინო მიზეზით.

მასალების გადაბეჭდვის წესი