ახალი ამბები

სასამართლომ ჟურნალისტების მიმართ არსებულ საფრთხეებს ადეკვატურად ვერ უპასუხა — ადვოკატი

25 აგვისტო, 2021 • 1389
სასამართლომ ჟურნალისტების მიმართ არსებულ საფრთხეებს ადეკვატურად ვერ უპასუხა — ადვოკატი

ადვოკატ ედუარდ მარიკაშვილის შეფასებით, ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდამსხმელებისთვის გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი და სამართლებრივი შეფასება იყო ადეკვატური, თუმცა სასჯელის ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლო განსაკუთრებით ლმობიერი აღმოჩნდა.

მარიკაშვილის თქმით, თუკი შევადარებთ არაერთ სხვა, რიგითი ძალადობის საქმეს და გავითვალისწინებთ, რომ ვახო სანაიას მიმართ ჩადენილი დანაშაული არა უბრალოდ ძალადობა, არამედ პროფესიული საქმიანობის გამო დევნა იყო, რაც სასამართლომაც დაადასტურა, სასჯელის ნაწილში განაჩენი მსუბუქია და აცდენილია დამკვიდრებულ პრაქტიკას.

ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტ ვახო სანაიას თავს 25 თებერვალს მაშინ დაესხნენ, როცა ოჯახის წევრებთან, მათ შორის, მცირეწლოვან შვილთან ერთად თბილისში გადაადგილდებოდა. სანაიას მიმართ პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე დააკავეს 3 პირი: გიორგი სახელაშვილი, ვაჟა გიგაური და სულიკო საყევარაშვილი. მათ ბრალდება წარედგინათ სისხლის სამართლის კოდექსის 3 მუხლით:

  1. 156-ე მუხლის (დევნა) მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი — ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით (ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ);
  2. 151-ე მუხლის (მუქარა) პირველი ნაწილით — სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ);
  3. 126-ე მუხლის (ძალადობა) პირველი ნაწილით — ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ჯანმრთელობის გაზრახ მსუბუქი დაზიანება (ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ).

თბილისის საქალაქო სასამართლომ ერთ-ერთი ბრალდებული სულიკო საყევარიშვილი უდანაშაულოდ ცნო ძალადობის ნაწილში, ვაჟა გიგაური დამნაშავედ ცნეს მუქარის ნაწილშიც, ხოლო სამივე ბრალდებულის მიმართ დადგინდა, რომ მათ ჩაიდინეს ჟურნალისტის პროფესიული ნიშნით დევნა. მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა დაკავებულებს 6-თვიანი პატიმრობა შეუფარდა — ეს დრო მათი დაკავებიდან დღეს გავიდა და სამივე ბრალდებული პატიმრობიდან დღესვე გათავისუფლდება.

ედუარდ მარიკაშვილის შეფასებით, ეს განაჩენი, 5 ივლისის მოვლენების ფონზე, ადეკვატურად ვერ პასუხობს ჟურნალისტების მიმართ დღეს არსებულ საფრთხეებს და საშიშროებას.

“ზოგადად, არაერთ საქმეზე, სადაც უბრალოდ ძალადობის მუხლით არის ხოლმე წარდგენილი ბრალდება, ვხედავთ ხოლმე ძალიან მკაცრ მიდგომას სასამართლოსგან — ეს არის ერთწლიანი პატიმრობა და უფრო მეტი. ამ შემთხვევაში ეს არ იყო რიგითი ძალადობის საქმე, რაც თვითონ სასამართლომაც დაადასტურა, როდესაც სამივე ბრალდებული გაამტყუნა ვახო სანაიას მიმართ პროფესიული საქმიანობის გამო დევნის ნაწილში.

განსაკუთრებით საფრთხის შემცველია ეს გადაწყვეტილება საქართველოში არსებული კონტექსტის გათვალისწინებით. ვგულისხმობ 5 ივლისის მოვლენებს. სასამართლო ჟურნალისტების მიმართ ძალადობის პრობლემას ადეკვატურად ვერ პასუხობს ვერც ზოგადი პრევენციის ნაწილში — სასამართლოს სიგნალი საზოგადოებისადმი უნდა ყოფილიყო, რომ ასეთი დანაშაულების მიმართ სახელმწიფოს მიდგომა მკაცრია, სახელმწიფო იაზრებს ჟურნალისტების მნიშვნელობას დემოკრატიულ საზოგადოებაში და ვერ პასუხობს ვერც საკუთარი პრაქტიკის თანმიმდევრულობის ნაწილში”, — განუცხადა “ნეტგაზეთს” მარიკაშვილმა.

ადვოკატის თქმით, სხვა პროფესიების შემთხვევაში, მაგალითად, პოლიციელის მიმართ პროფესიული ნიშნით ძალადობის გამო განსაკუთრებული სიმკაცრით ისჯებიან, თუმცა, როდესაც საქმე ჟურნალისტებს შეეხო, ვნახეთ შედარებით ლმობიერი დამოკიდებულება, რაც კითხვის ნიშნებს აჩენს.

საქართველოს პროკურატურას ამ დრომდე არ უთქვამს, გაასაჩივრებს თუ არა თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას.

თავად ვახო სანაიას შეფასებით, სასამართლოს ასეთი გადაწყვეტილებები ქმნის საქართველოში დაუსჯელობის სინდრომს, რომლის ერთ-ერთი მაგალითიც 5 ივლისის მოვლენებია.

სანაიაზე თავდასმხმელებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ და ციხეს დღეს დატოვებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი