ახალი ამბები

სანაიაზე თავდასმხმელებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ და ციხეს დღეს დატოვებენ

25 აგვისტო, 2021 • 2710
სანაიაზე თავდასმხმელებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ და ციხეს დღეს დატოვებენ

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმისთვის ბრალდებულ 3 პირს — გიორგი სახელაშვილს, ვაჟა გიგაურსა და სულიკო საყევარაშვილს — 6-თვიანი პატიმრობა შეუფარდა და ისინი სასჯელაღსრულების დაწესებულებას დღეს, 25 აგვისტოს დატოვებენ.

სულიკო საყევარაშვილს დამატებითი სასჯელის სახით შეეფარდა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 150 საათის ოდენობით. ვაჟა გიგაურს კი დამატებითი სასჯელის სახით ასევე შეეფარდა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 150 საათის ოდენობით და 2 500-ლარიანი ჯარიმა.

გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა გამოიტანა.

ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტ ვახო სანაიას თავს 25 თებერვალს მაშინ დაესხნენ, როცა ოჯახის წევრებთან, მათ შორის, მცირეწლოვან შვილთან ერთად თბილისში გადაადგილდებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დაიწყო, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს და დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სანაიაზე თავდამსხმელები მალევე დააკავეს და ისინი ამ დრომდე წინასწარ პატიმრობაში იყვნენ, რაც სასჯელის მოხდად ჩაეთვალათ.

თავად სანაია თავდასხმას თავის საქმიანობას უკავაშირებს. მისი თქმით, თავდმასხმელები მის მიმართ აგრესიას სწორედ ამ ნიშნით ავლენდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი