საზოგადოება

მათი მიზანია, აღარ დავეხმაროთ მოქალაქეებს -მარიკაშვილი “იმედის” სიუჟეტზე

22 ოქტომბერი, 2023 • 1114
მათი მიზანია, აღარ დავეხმაროთ მოქალაქეებს -მარიკაშვილი “იმედის” სიუჟეტზე

ხელისუფლების მიზანია, შეაფერხოს ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა, რათა ეს უკანასკნელნი მოქალაქეებს ვეღარ დაეხმარონ — ამბობს “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” (GDI) თავმჯდომარე ედუარდ მარიკაშვილი ტელეკომპანია “იმედის” სიუჟეტის საპასუხოდ, რომელიც 22 ოქტომბერს უნდა გავიდეს ეთერში.

ანონსის მიხედვით, ხელისუფლებისადმი ლოიალური ტელეარხის სიუჟეტი ეხება GDI-ს მიერ დაფუძნებულ ფონდს, რომელიც აქციებზე დაკავებულ მოქალაქეებს სასამართლოს მხრიდან დაკისრებული ჯარიმების გადახდაში ეხმარება.

“კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც რევოლუციურ სცენარში ახალი როლით გამოჩნდა”, — ასეა შეფასებული გადაცემის “იმედის კვირა” ანონსში ხსენებული ფონდის საქმიანობა. პროცესში ჩართულ ორგანიზაციებს ტელეარხი “რადიკალიზმის წამხალისებლებად” და “არეულობის სპონსორებად” მოიხსენიებს.

ანონსის გამოქვეყნების შემდეგ, ედუარდ მარიკაშვილმა “ფეისბუკზე” დაწერა, რომ “სამთავრობო პროპაგანდა” GDI-ს “დემონიზებას ცდილობს”.

როგორც ის “ნეტგაზეთთან” საუბრისას დასძენს, პროექტი, სახელწოდებით “გამოხატვის თავისუფლების მხარდაჭერის ფონდი” GDI-მ 2023 წელს, “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციების შემდეგ დააფუძნა.

“ამ ფონდის დაარსება განაპირობა ხელისუფლებისა და სასამართლოს მხრიდან გამოხატვის არაძალადობრივი ფორმით რეალიზების გამო მოქალაქეებზე გაუმართლებლად დიდი ფინანსური ტვირთის დაკისრების ტენდენციამ.

ძალიან მაღალია იმ ჯარიმების ოდენობა, რომლებსაც სახელმწიფო და სასამართლო აკისრებს აქციის მონაწილეებს, რომლებიც არაძალადობრივი ფორმით გამოხატავენ თავიანთ წუხილებს ამა თუ იმ საკითხის მიმართ

ეს ტენდენცია წარმოადგენს ძალიან მძიმე და უხეშ ჩარევას გამოხატვის თავისუფლებაში. “, — გვეუბნება GDI-ს თავმჯდომარე.

მისივე განმარტებით, იმისათვის, რომ ფონდმა კონკრეტულ მოქალაქეს ჯარიმა დაუფინანსოს, საქმე უნდა უკავშირდებოდეს გამოხატვის არაძალადობრივი ფორმით რეალიზების ფაქტს; ასევე, “საქმეში უნდა ჩანდეს, რომ ამ ბენეფიციარს არ მიეცა იმის შესაძლებლობა, რომ მისი კონსტიტუციური უფლების, ანუ გამოხატვის თავისუფლების რეალიზება მოეხდინა”.

“ვაფასებთ თითოეულ საქმეს და ამის მიხედვით იღებს ფონდის ბორდი გადაწყვეტილებას, გაეწიოს თუ არა დახმარება კონკრეტულ პირს”, — ამბობს მარიკაშვილი.

ფონდის ბორდში (სამეთვალყურეო საბჭოში), ედუარდ მარიკაშვილის გარდა, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე და საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია შედიან.

მარიკაშვილის ცნობით, ფონდის დონორები არიან ორგანიზაციის “East-West Management Institute” ცენტრალური ოფისი, ისევე როგორც, “ღია საზოგადოების ფონდი” და “ევროპული ფონდი დემოკრატიისთვის” (EED).

GDI-ს თავმჯდომარის ცნობით, ფონდი უკვე დაეხმარა აქციებზე დაჯარიმებულ 12 პირს და მათ 35 000 ლარამდე ჯარიმა გადაუხადა. როგორც ამბობს, “პროცესი, რომლის ფარგლებშიც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმარებიან საქართველოს მოქალაქეებს, ძალიან აწუხებს საქართველოს ხელისუფლებას”.

“ის ამ პროპაგანდის მანქანით ცდილობს, ჩვენი და ჩვენი საქმიანობის დემონიზებას, ისევე როგორც, ჩვენი საქმიანობის შეფერხებას. მათი მიზანია, აღარ დავეხმაროთ საქართველოს მოქალაქეებს ისე, როგორც ვეხმარებით.

მეორე მხრივ, თუ გადახედავთ ჯარიმების ოდენობას, თქვენ ნახავთ, რომ საქართველოში არსებულ საშუალო ხელფასს, ორჯერ, სამჯერ აღემატება ეს ჯარიმები.

შესაბამისად, ადამიანებს ძალიან აფერხებს ეს საკითხი, რომ სამომავლოდ კიდევ გაბედონ თავიანთი გულწრფელი, არაძალადობრივი პროტესტის დაფიქსირება”, — აღნიშნავს ის.


მორიგ “რევოლუციურ სცენარზე”, რომელიც, უწყების მტკიცებით, მოქმედი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლას ისახავს მიზნად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მიმდინარე თვეში ალაპარაკდა.

შესაბამისი გამოძიების ფარგლებში, გამოკითხვაზე იბარებენ იმ ადამიანებსაც, რომლებიც საქართველოში ამერიკული USAID-ის მიერ დაფინანსებულ ტრენინგებს ესწრებოდნენ. სუს-ი ამტკიცებს, რომ ტრენინგები “რევოლუციური სცენარისთვის” მოსამზადებლად ტარდებოდა, რასაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი  არ ადასტურებს.

გამოძიების ობიექტები, ისევე როგორც, ხელისუფლების სხვა კრიტიკოსები, პროცესს აბსურდად და “ქართული ოცნების” ოპონენტთა დაშინების მცდელობად აფასებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი