ახალი ამბები

EU-ს დახმარებას ექნება ლიმიტები და გაჭირდება კანდიდატის სტატუსის მიღება — ლავრელაშვილი

30 ივლისი, 2021 • 1684
EU-ს დახმარებას ექნება ლიმიტები და გაჭირდება კანდიდატის სტატუსის მიღება — ლავრელაშვილი

ლუვენის უნივერსიტეტის ევროპის პოლიტიკური პარტიების პროგრამის თანახელმძღვანელი და ევროკომისიის ყოფილი პოლიტიკის ოფიცერი თეონა ლავრელაშვილი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული შეთანხმების ანულირება ნეგატიურად იმოქმედებს საქართველოს ამბიციაზე 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთებასთან დაკავშირებით და დიდი ალბათობით, გაართულებს ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების მიღებას.

უფრო რადიკალურ ნაბიჯებს, სანქციების ჩათვლით, ლავრელაშვილი არ ელის და მიიჩნევს, რომ ევროკავშირი მოლაპარაკებების გზით შეეცდება საქართველოში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას.

“ეს გადაწყვეტილება ნეგატიურად იმოქმედებს, ზოგადად, საქართველოსთან ევროკავშირის ურთიერთობებზე და ველოდები, რომ უფრო მეტად ამოქმედდება ის პირობითობის პრინციპი, რაც მოჰყვება ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებას. იქნება გარკვეული პუნქტები, რომლის შესრულება სავალდებულო გახდება, ვიდრე საქართველო მიიღებს მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშს”, — განუცხადა “ნეტგაზეთს” თეონა ლავრელაშვილმა.

რაც შეეხება საქართველოს განაცხადს იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირი შიდა პრობლემებზეა ორიენტირებული, სკეპტიკური დამოკიდებულებაა გაფართოების პოლიტიკასთან დაკავშირებით, საქართველოში კი პოლიტიკური კლასი უუნაროა, კონსენსუსი იქნას მიღწეული. ლავრელაშვილის აზრით, ქვეყანას ძალიან გაუჭირდება კანდიდატის ან პოტენციური კანდიდატის სტატუსის მიღება.

„ალბათ, ცოტა უფრო სხვა, ინოვაციური მეთოდებით უნდა გვეცადა კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად ევროკავშირთან მოლაპარაკებების გაგრძელება. ბრიუსელისთვის სიურპრიზი იყო საქართველოს განცხადება, რომ 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადს გააკეთებს. როგორც ჩანს, ეს იყო წინასაარჩევნოდ, შიდა მოხმარებაზე გათვლილი. საქართველოს მეტად უნდა მოემზადებინა ფონი ბრიუსელში და გაფართოების სკეპტიკოს დედაქალაქებში. შეეთავაზებინა, მაგალითად, იდეა გარდამავალი ან სპეციალური სტატუსის მოპოვებაზე (რომელსაც არ სჭირდება კონსენსუსი) ან თუ იგეგმებოდა ტრიოს ფორმალიზება, წარედგინა სამი ქვეყნის ერთიანი პოზიცია წევრობასთან დაკავშირებით. პეტრას დეკლარაციაში საუბარია სამი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაზე, თუმცა ნახსენები არ არის საქართველოს ევროკავშირის წევრობის განაცხადი.

ამ ფონზე კი, რაც საქართველოშია, ვგულისხმობ პოლიტიკური რადიკალიზაციას, იმას, რომ ჩვენი პოლიტიკა საერთოდ კონსენსუსს მიღმაა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შუამავლობით მიღწეული შეთნხმებიდან გასვლა, ცხადია, უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს პერსპექტივაზე. დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან — ალბანეთთან, ჩრდილოეთ მაკედონიასთან ევროკავშირის დაახლოების ერთ-ერთი ხელშემშლელი სწორედ ბოიკოტის და შიდა პოლიტიკაში კონსენსუსის არარსებობის საკითხია. ევროკავშირისთვის ეს მიუღებელია”, — ამბობს თეონა ლავრელაშვილი.

მისი თქმით, მართალია, “ქართული ოცნების” არგუმენტი ენმ-ის მიერ დოკუმენტზე ხელის არმოწერასთნ დაკავშირებით საბაბია და მმართველ პარტიას მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება, თუმცა პრობლემას წარმოადგენს მთელი პოლიტიკური სივრცე და ის, თუ როგორ იმართება საქართველოში პოლიტიკა.

“მთელი კონტექსტი არის ჩვენი პრობლემა და ის პოლიტიკოსები, რომლებიც არ ცდილობენ ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამოსვლას და ქვეყნის ინტერესებით ხელმძღვანელობას. სამწუხაროდ, ეს ეხება ოპოზიციასაც და ხელისუფლებასაც”, — თქვა ლავრელაშვილმა.

ის თვლის, რომ შარლ მიშელი კვლავ შეეცდება, ზეპარტიული თემებიდან და საქართველოს სახელმწიფო ინტერესიდან ამოვიდეს, ამიტომ თავს შეიკავებს შიდა პოლიტიკაში ხისტი ჩარევისგან.

“საქართველო, პრობლემების მიუხედავად, არის ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი სამხრეთ კავკასიაში და ჯერ კიდევ მოწინავე ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობაში. ამიტომ ევროკავშირი შეეცდება, ისევ დაგვეხმაროს, მაგრამ ამ დახმარებას ექნება თავისი ლიმიტები. სანქციებს და რადიკალურ ნაბიჯებს არ ველი, ბრიუსელი უფრო რბილ ძალას გამოიყენებს და მოლაპარაკებების გზით შეეცდება კრიზისის გადაჭრას. შეიძლება მაკროფინანსური დახმარებასთან და სხვადასხვა საბიუჯეტო პროგრამასთან დაკავშირებით მივიღოთ გაფრთხილება”, — ამბობს ლავრელაშვილი.

რა არის ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარება?

მაკროფინანსური დახმარება ევროკავშირის გაფართოების კანდიდატ და სამეზობლო ქვეყნებთან ევროკავშირის უფრო ფართომასშტაბიან ჩართულობას წარმოადგენს და კრიზისებზე საპასუხოდ ევროკავშირის მიერ შემუშავებული დახმარების საგანგებო ინსტრუმენტია. ის ხელმისაწვდომია ევროკავშირის გაფართოების კანდიდატი ქვეყნებისა და სამეზობლო ქვეყნებისთვის, რომლებიც საგადამხდელო ბალანსის სერიოზულ პრობლემებს განიცდიან, პოლიტიკის სფეროში არსებული კონკრეტული პირობების შესრულების გათვალისწინებით. ქვეყნების მიერ მაკროფინანსური დახმარების მიღება, ასევე, დამოკიდებულია იმ პოლიტიკური წინაპირობის შესრულებაზე, რომელიც მოითხოვს დემოკრატიის პრინციპების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვას.

2008 წლიდან ევროკავშირმა საქართველოში მაკროფინანსური დახმარების ოთხი ოპერაცია განახორციელა. კორონავირუსის პანდემიის პირობებში, საგადამხდელო ბალანსის მხარდასაჭერად და საბიუჯეტო საფინანსო საჭიროებების შესამსუბუქებლად საქართველოს 100 მილიონი ევროს ოდენობის ტრანში გამოუყო. მაკროფინანსურ დახმარებასთნ ერთად, ევროკავშირი სამეზობლო და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს მხარს უჭერს რამდენიმე სხვა ინსტრუმენტის საშუალებით, მათ შორისაა ჰუმანიტარული დახმარება, ბიუჯეტის მხარდაჭერა, თემატური პროგრამები და ტექნიკური დახმარება, შერეული ინსტრუმენტები და კორონავირუსის პანდემიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებულ სექტორებში ინვესტიციების მხარდამჭერი მდგრადი განვითარების ევროპული ფონდის გარანტიები.

შარლ მიშელის შეთანხმება

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მედიაციაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი პირადად ჩაერთო და 2021 წლის 19 აპრილს შეთანხმება შედგა, თუმცა დოკუმენტს ხელი არ მოაწერა ენმ-მ და „ლეიბორისტულმა პარტიამ“. ამასთან, „ლეიბორისტულმა პარტიამ“ პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა, „ენმ“ კი პარლამენტში მაინც შევიდა.

შეთანხმება ითვალისწინებს პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებას, რის შედეგადაც ნიკა მელია და გიორგი რურუა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლებდნენ; გარდა ამისა, დოკუმენტი მოიცავს საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმების ჩატარების ვალდებულებას და პარლამენტში ძალაუფლების განაწილებას.

ამასთან, შეთანხმების თანახმად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია „ქართული ოცნება“ მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს.

19 აპრილის შეთანხმება, გარდა იმისა, რომ შიდა პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას ემსახურება, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან განხილულია როგორც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე განსახორციელებელი რეფორმების გზამკვლევი.

ევროპული საბჭოს და საქართველოს პრეზიდენტების ერთობლივ წერილში ნათქვამია, რომ ეს შეთანხმება გამარჯვებაა როგორც საქართველოსთვის, ისე ევროკავშირისთვის და ის „კაფავს გზას ევროკავშირთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისთვის; ფინანსური მხარდაჭერისთვის; გაფართოებული მონაწილეობისთვის ევროკავშირის პროგრამებში; განახლებული ფოკუსირებისთვის ფიზიკურ და ციფრულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებსაც შეუძლიათ გაზარდონ საქართველოს, კავკასიის და შავი ზღვის რეგიონის კავშირების დონე ევროპასთან და აქვთ ზრდის გაზრდის პოტენციალი“.

საქართველოს და სამეზობლო საკითხებზე წამყვანი ევროპარლამენტარები ჯერ კიდევ შეთანხმების ხელმოწერამდე მიუთითებდნენ, რომ ევროკავშირის მედიაციის შესაძლებლობის გამოუყენებლობა რისკის ქვეშ დააყენებდა საქართველო-ევროკავშირის სამომავლო ურთიერთობებს და EU-ს მაკროფინანსურ დახმარებას საქართველოსთვის.

19 ივლისს, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე ჩამოსულმა შარლ მიშელმა სასამართლო რეფორმაზე საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ როგორც 19 აპრილის შეთანხმების ერთ-ერთი ძირითადი ნაწილი, „საქართველოსთვის ევროკავშირის 60-მილიონიანი მაკროფინანსური დახმარების გადმორიცხვის წინაპირობას წარმოადგენს“.

შეთანხმებაზე მომლაპარაკებელი ევროკავშირის და აშშ-ის წარმომადგენლების გარდა, 19 აპრილის დოკუმენტის იმპლემენტაციისკენ საქართველოს მოუწოდებდნენ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.

19 აპრილის დოკუმენტი გახდა ნატო-ს კომუნიკეს ნაწილიც.

„ჩვენ მივესალმებით პოლიტიკურ შეთანხმებას „სამომავლო გზა საქართველოსთვის“ და ყველა მხარეს მოვუწოდებთ მისი სრულად იმპლემენტაციისკენ. ეს შეთანხმება ნიადაგს უმზადებს მნიშვნელოვან რეფორმებს, რომელიც დაეხმარება საქართველოს, ასპირანტი ქვეყნის, პროგრესს წევრობისკენ მოსამზადებელ გზაზე“, — ნათქვამია კომუნიკეში.

28 ივლისს „ქართული ოცნების“ ბრიფინგიდან ცნობილი გახდა, რომ ტოვებს 19 აპრილის შეთანხმებას, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამავლობით შედგა. ამასთან ერთად „ოცნებამ“ გამოაცხადა, რომ ვადამდელი არჩევნების საკითხი ამიერიდან არა მიშელის შუამავლობით გაფორმებულ შეთანხმებაზე, არამედ მათ კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული და „იმ შემთხვევაში დაინიშნება, თუ კოალიციური მმართველობა სახელმწიფოს არ დააზიანებს“.

საპასუხოდ პარლამენტიდან გასვლის შესახებ გამოაცხადა “გირჩი — მეტი თავისუფლების” ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ და ენმ-ის ლიდერმა ნიკა მელიამ.

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება გააკრიტიკეს სხვადასხვა საერთაშორისო აქტორებმა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერ ნედ პრაისის თქმით, „19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლა ძირს უთხრის ქვეყნის შეთანხმებულ გზას, რომელიც საჭირო რეფორმების განხორციელებაზე გადიოდა, და ქმნის პოლიტიკურ კრიზისებში დაბრუნების რისკს“.

თავად ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პოლიტიკურ ძალებთან ხელახალი კონსულტაციები დააანონსა. მან ყველა მხარეს მოუწოდა, მოქალაქეების ინტერესი დააყენონ პირველ ადგილზე და აიღონ ვალდებულება, რომ საქართველოს პოლიტიკურ დისკურსს განავითარებენ ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების ჩარჩოებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი