ახალი ამბები

თითოეულ ამერიკელს სახლში დავაბრუნებთ — ბაიდენი ავღანეთიდან ევაკუაციაზე

21 აგვისტო, 2021 • 996
თითოეულ ამერიკელს სახლში დავაბრუნებთ — ბაიდენი ავღანეთიდან ევაკუაციაზე

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პრესკონფერენცია გამართა ავღანეთიდან ამერიკის მოქალაქეების, მოკავშირეებისა და მოწყვლადი ჯგუფების ევაკუაციის ოპერაციაზე. იმ ფონზე, როდესაც საერთაშორისო მედიაში სულ უფრო შემზარავი კადრები ვრცელდება ქაბულიდან, სადაც პანიკაში მყოფი ადამიანები ჰამიდ კარზაის აეროპორტის ტერიტორიაზე მოხვედრას და ქვეყნის დატოვებას ცდილობენ, ბაიდენი აცხადებს, რომ მსოფლიოს თვალში შეერთებული შტატების საიმედოობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა.

“თითოეული ამერიკელს, რომელსაც სახლში დაბრუნება სურს, სახლში დავაბრუნებთ”, — განაცხადა ბაიდენმა. თუმცა, ამავდროულად, თქვა, რომ ევაკუაციის ოპერაცია რისკებს მოიცავს და დანაკარგების გარეშე საბოლოო შედეგის მიღწევის პირობას ვერ დადებს.

“თუმცა, როგორც მთავარსარდალი, გპირდებით, რომ ყველა საჭირო რესურსის მობილიზებას განვახორციელებთ”, — თქვა მან.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, თალიბები აეროპორტისკენ ბლოკპოსტების გავლის საშუალებას აძლევენ ყველას, ვინც ამერიკულ პასპორტს წარადგენს და გაფრთხილებული არიან, რომ აშშ-ის ძალებზე ნებისმიერი თავდასხმის ან ევაკუაციის პროცესისთვის ხელის შეშლის შემთხვევაში ელვისებურ და ძალისმიერ პასუხს მიიღებენ.

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ რაც შესაძლებელია, ყველაფერს აკეთებს, რათა უზრუნველყოს ავღანელი მოკავშირეების და იმ პირების ევაკუაცია, რომლებიც შესაძლოა, თალიბანის სამიზნე გახდნენ, მათ შორის- ქალი ლიდერების და ჟურნალისტების.

ჯო ბაიდენის ინფორმაციით, ივლისის შემდეგ აშშ-მა ჰამიდ კარზაის საერთაშორისო აეროპორტიდან დაახლოებით 14 000 ადამიანის ევაკუაცია განახორციელა.


თალიბანმა ავღანეთზე კონტროლი 15 აგვისტოს დაამყარა. ამას წინ უძღოდა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ამერიკულმა ძალებმა ავღანეთი დატოვეს. ქვეყანა დატოვეს ნატოს წევრმა და მოკავშირე ქვეყნების სამშვიდობო მისიებმაც.

სხვა ყველა საკვანძო ქალაქის დაკავების შემდეგ, თალიბანმა ავღანეთის დედაქალაქში – ქაბულში შესვლა 15 აგვისტოს დილიდან დაიწყო. ავღანეთი მანამდე ერთადერთი ქალაქი იყო 24 ქალაქიდან, სადაც თალიბანს კონტროლი ჯერ არ ჰქონდა დამყარებული. დაჯგუფებამ ჯერ ქალაქის გარეუბნები დაიკავა, დღის ბოლოს კი პრეზიდენტის სასახლეშიც შევიდა.

ამ დროისთვის ქვეყანაში პრეზიდენტი აშრაფ ღანი აღარ იმყოფებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი