ახალი ამბები

ტრამპი: რუსეთს-უკრაინის ომი ბაიდენის ომია და არა – ჩემი

14 აპრილი, 2025 •
ტრამპი: რუსეთს-უკრაინის ომი ბაიდენის ომია და არა – ჩემი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავისსავე სოციალურ ქსელში TruthSocial წერს, რომ რუსეთ-უკრაინის ომთან კავშირი არ აქვს, თუმცა “სიკვდილისა და ნგრევის შესაჩერებლად” ყველაფერს აკეთებს.

თავის პოსტში ტრამპი ხაზს უსვამს რუსეთის პრეზიდენტ პუტინის მისადმი დამოკიდებულებას და აღნიშნავს, რომ როგორც პუტინი, ისე ყველა სხვა, პატივს სცემს დონალდ ტრამპს.

“რუსეთსა და უკრაინას შორის ომი ბაიდენის ომია და არა-ჩემი. მე ახლახან მოვედი აქ და ჩემი წინა ოთხწლიანი ვადის განმავლობაში არ მქონია პრობლემა, რომ ეს თავიდან ამეცილებინა. პრეზიდენტი პუტინი და ყველა დანარჩენი პატივს სცემს თქვენს პრეზიდენტს! მე არაფერი მესაქმება ამ ომთან, მაგრამ გულმოდგინედ ვმუშაობ იმისთვის, რომ სიკვდილი და ნგრევა შეჩერდეს. 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები რომ არ გაყალბებულიყო, ეს საშინელი ომი არასოდეს მოხდებოდა”, – წერს ტრამპი.

ის არაერთხელ აღნიშნავს ბაიდენის ბრალეულობას ომის დაწყებაში და ამბობს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ და ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ბაიდენმა საშინელი საქმე გააკეთეს, როდესაც ომის დაწყება დაუშვეს.

“პრეზიდენტმა ზელენსკიმ და უკანონო ჯო ბაიდენმა აბსოლუტურად საშინელი საქმე გააკეთეს, როდესაც სპექტაკლის დაწყება დაუშვეს. არსებობდა მრავალი გზა მის თავიდან ასაცილებლად, მაგრამ ეს წარსულია. ახლა ჩვენ უნდა შევაჩეროთ ის სწრაფად. ძალიან სამწუხაროა!”, – აღნიშნავს დონალდ ტრამპი.

მასალების გადაბეჭდვის წესი