ახალი ამბები

ახალგაზრდა ფეხბურთელი ქაბულის დატოვებისას თვითმფრინავიდან გადმოვარდა და დაიღუპა

20 აგვისტო, 2021 • 2347
ახალგაზრდა ფეხბურთელი ქაბულის დატოვებისას თვითმფრინავიდან გადმოვარდა და დაიღუპა

ახალგაზრდა ავღანელი ფეხბურთელი ზაქი ანვარი, რომელიც ქაბულის დაცემის შემდეგ ქვეყნის დატოვებას ცდილობდა, ამერიკული სამხედრო თვითმფრინავიდან გადმოვარდა და დაიღუპა. ინფორმაცია ავღანეთის ხელისუფლებაში დაადასტურეს.

ზაქი ანვარი 19 წლის იყო და ავღანეთის ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობდა. სახელისუფლებო ორგანოს, რომელმაც მისი დაღუპვის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, არ დაუკონკრეტებია, როდის მოხდა ტრაგიკული ინციდენტი.

16 აგვისტოს, მას შემდეგ, რაც დაჯგუფება თალიბანმა ქაბულში შესვლა დაიწყო, ქალაქის აეროპორტს ათასობით ადამიანი მიაწყდა, რათა ავღანეთიდან დროულად გაეღწიათ. სოციალურ მედიაში ორშაბათს გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ მისდევენ ავღანელები ამერიკულ თვითმფრინავს, რომელიც ადამიანების ევაკუაციას უზრუნველყოფდა.


რამდენიმე პირი, ვინც თვითმფრინავში ვერ მოხვდა, მას გარედან მოეჭიდა. იმავე დღეს ავღანურ მედიაში გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ ვარდება მინიმუმ ორი ადამიანი აფრენილი თვითმფრინავიდან. ორივე მათგანი დაიღუპა.

აშშ-მა ასევე დაადასტურა, რომ შასში ადამიანის სხეულის ნაწილები იპოვეს მას შემდეგ, რაც თვითმფრინავი კატარის დედაქალაქ დოჰაში დაეშვა.

დაღუპული ახალგაზრდის ხსოვნას სოციალურ ქსელში პატივს მიაგებენ.

“ანვარი, როგორც სხვა ათასობით ავღანელი ახალგაზრდა, ცდილობდა, დაეტოვებინა ქვეყანა, მაგრამ ამერიკული თვითმფრინავიდან ჩამოვარდა და დაიღუპა”, – დასძენს ავღანეთის სპორტისა და ფიზიკური აღზრდის დირექტორატი.

უწყების სიტყვებით, ზაქი ანვარი იყო სხვა რამდენიმე თანამემამულეს შორის, რომლებიც მიფრინავდნენ უკეთესი მომავლის საძიებლად აშშ-ში.

“დაე, მშვიდობით განისვენოს და მარადიულად დარჩეს მისი ხსოვნა”, – წერია განცხადებაში.

თალიბანმა ავღანეთზე კონტროლი 15 აგვისტოს დაამყარა. ამას წინ უძღოდა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ამერიკულმა ძალებმა ავღანეთი დატოვეს. ქვეყანა დატოვეს ნატოს წევრმა და მოკავშირე ქვეყნების სამშვიდობო მისიებმაც.

თალიბანმა ავღანეთის დედაქალაქში – ქაბულში შესვლა 15 აგვისტოს დილიდან დაიწყო. ავღანეთი მანამდე ერთადერთი ქალაქი იყო 24 ქალაქიდან, სადაც თალიბანს კონტროლი ჯერ არ ჰქონდა დამყარებული. დაჯგუფებამ ჯერ ქალაქის გარეუბნები დაიკავა, დღის ბოლოს კი პრეზიდენტის სასახლეშიც შევიდა.

თალიბანი ამბობს, რომ “ინკლუზიური, ისლამური მთავრობის” შექმნა სურს სხვადასხვა ფრაქციებთან ერთად, ოპოზიციონერებისთვის “ამნისტიას” გამოაცხადებს, ქალებს კი განათლებისა თუ მუშაობის უფლება არ შეეზღუდებათ. დაჯგუფება დასძენს, რომ “მხარს უჭერს ქალთა უფლებებს შარიათის ფარგლებში”.

თალიბანის წარსულიდან და 90-იან წლებში მისი მმართველობის სისასტიკიდან გამომდინარე, ამ დაპირებებს ეჭვის თვალით უყურებს მრავალი ადამიანი ავღანეთის შიგნით თუ გარეთ და დაჯგუფების ხელისუფლების პირობებში ძალადობის რისკებს ხედავს.

ამ ფონზე უკვე ვრცელდება ამბები, რომლებიც დაჯგუფების ლიდერების გაცხადებულ დაპირებებს ცალსახად ეწინააღმდეგება. საერთაშორისო მედიაში 18 აგვისტოს გავრცელდა ცნობა, რომ დაჯგუფების წევრებმა ცემით მოკლეს ქალი, რომელმაც მებრძოლები საკვებით არ უზრუნველყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი