ახალი ამბები

მერკელის მმართველობის დასასრული და არჩევნები გერმანიაში — რას უნდა ველოდოთ

7 სექტემბერი, 2021 • 2281
მერკელის მმართველობის დასასრული და არჩევნები გერმანიაში — რას უნდა ველოდოთ

2021 წლის 26 სექტემბერს გერმანიაში ფედერალური არჩევნები გაიმართება, რა დროსაც მოსახლეობა ახალ კანცლერსა და მთავრობას აირჩევს.

ნეტგაზეთი ამ სტატიაში შეეცადა ეჩვენებინა, თუ რა როლი აქვს გერმანიას ევროკავშირის საერთო პოლიტიკის განსაზღვრისას და რა მნიშვნელობას იძენს ის გაერთიანების შესაძლო გაფართოების საკითხში.

ასევე, დავინტერესდით, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს, ან საერთოდ, შეიძლება თუ არა, რომ შეიცვალოს ანგელა მერკელის ხანგრძლივი მმართველობის დასრულების შემდეგ გერმანიის საგარეო პოლიტიკა აღმოსავლეთ პარტნიორობის [EaP] ქვეყნებთან, მათ შორის, საქართველოსთან ურთიერთობის კუთხით.

აღნიშნული საკითხების შესახებ რამდენიმე კვირის წინ “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” ორგანიზებით გაიმართა დისკუსია, რომლის მონაწილეთა ნაწილს ნეტგაზეთმა ჰკითხა, თუ რას შეიძლება ელოდონ აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი სახელმწიფოები გერმანიის წლევანდელი არჩევნებისგან.

არჩევნები და შესაძლო მმართველი კოალიციები

სექტემბრის არჩევნებში გერმანელები ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს — ბუნდესტაგის წევრებს 4 წლის ვადით აირჩევენ, რომლებიც მოგვიანებით ახალ მთავრობას გამოუცხადებენ ნდობას.

ბუნდესტაგი 598 მანდატისგან შედგება, რომელთაგანაც 299 ადგილი ერთმანდატიან ოლქებში გამარჯვებულ კანდიდატებზე ნაწილდება, ხოლო დანარჩენი – პარტიულ სიაზე, რომელშიც ამომრჩეველი თავადვე ირჩევს მისთვის სასურველ კანდიდატს.

არჩევნებში არ მონაწილეობს ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი კანცლერი — ანგელა მერკელი, რომელიც გერმანიას 2005 წლიდან უცვლელად მართავს.

არჩევნებში მონაწილეობს ქვეყნის ყველა ძირითადი პარტია, მათ შორის, გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიისა და ბავარიის ქრისტიან-სოციალური პარტიის გაერთიანება, რომელსაც კოალიციების ფორმირების დროს “შავებად” მოიხსენიებენ, სოციალ-დემოკრატიული პარტია, ე.წ. “წითლები”, მწვანეთა პარტია, გერმანიის თავისუფალი დემოკრატიული პარტია, რომლებსაც “ყვითლებს” უწოდებენ, მემარცხენე პარტია “ლინკე” და მემარჯვენე რადიკალური პარტია “ალტერნატივა გერმანიისთვის”.

გერმანიის 2021 წლის ფედერალური არჩევნების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 5 სხვადასხვა კვლევის შეწონილი მონაცემების მიხედვით, ამჟამად გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას გამოკითხულთა 25.2 პროცენტი უჭერს მხარს, ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს- 20.7 პროცენტი, მწვანეებს – 16.5, თავისუფალ-დემოკრატებს, იგივე ყვითლებს, მხარს უჭერს 12.1 პროცენტი, “ალტერნატივა გერმანიისთვის” გამოკითხულთა 11.4 პროცენტისთვისაა მისაღები, ხოლო “ლინკეს” 6.9 პროცენტი მხარდაჭერა აქვს.

 

პარტიათა რეიტინგები – მომზადებულია bundestagswahl-2021.de-ს თანახმად

გერმანიის 2021 წლის ფედერალური არჩევნების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, არსებული კვლევების გათვალისწინებით და იმ დაშვებით, რომ არჩევნებზე ვერც ერთი პარტია ვერ მოიპოვებს ხმათა იმ რაოდენობას, რომ დამოუკიდებლად მოახერხოს კოალიციის ფორმირება, შესაძლებელია 5 პირობითი კოალიციის შექმნა.

 

ბუნდესტაგის არჩევნები 2021 – შესაძლო კოალიციები/ მომზადებულია bundestagswahl-2021.de-ს თანახმად

  • “შავები-წითლები-მწვანეები” — ამ შემთხვევაში სამთავრობო კოალიცია ბუნდესტაგში 402 მანდატს მოიპოვებს და გააერთიანებს ერთმანეთთან იდეოლოგიურად დაშორებულ პარტიებს, რაც გერმანიის პოლიტიკური ცხოვრებისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა.
  • “შავები-წითლები-ყვითლები” — აღნიშნულ კოალიციაში მწვანეებს კლასიკური ლიბერალიზმის მხარდამჭერი “თავისუფალი-დემოკრატები” ჩაანაცვლებენ.
  • “შავები-ყვითლები-მწვანეები” — იგივე “იამაიკა კოალიცია” [პარტიების სიმბოლური ფერები ემთხვევა იამაიკის დროშის ფერებს].
  • “წითლები-მწვანეები-ყვითლები” — იგივე შუქნიშნის კოალიცია”. ამ ტიპის სამთავრობო კოალიციას ბუნდესტაგში 347 მანდატი ექნება.
  • “R2G კოალიცია”,  რომელიც მემარცხენე და მწვანე იდეოლოგიის პარტიებს გააერთიანებს, მათ შორის “ლინკეს”, სოციალ-დემოკრატებსა და მწვანეთა პარტიას.

სოციალ-დემოკრატები და მწვანეები 5 შესაძლო კოალიციიდან 4-ის წევრები არიან.

არსებული პროექციით, ე.წ. “დიდი კოალიცია”, რომელიც გერმანიის მხოლოდ ორ უდიდეს ჯგუფს, ქრისტიან-დემოკრატებსა და სოციალ-დემოკრატებს გააერთიანებდა, ვერ შედგება, თუმცა არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, შესაძლოა კვლავ შესაძლებელი იყოს “დიდი კოალიციის” ფორმირება.

გერმანიაში 1961 წლის შემდეგ ყველა მთავრობა კოალიციური იყო, ანუ ის შედგებოდა ორი ან რამდენიმე სხვადასხვა პარტიისგან.

ქრისტიან-დემოკრატთა კანცლერობის კანდიდატი არმინ ლაშეტი იქნება, რომელიც წელს გახდა პარტიის თავმჯდომარე, სოციალ-დემოკრატებიდან — ოლაფ შოლცი, რომლის პოპულარობაც, ისევე როგორც სოციალ-დემოკრატების რეიტინგი, ბოლო კვირების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა, მწვანეებიდან — ანალენა ბერბოკი, რომელიც არჩევნებამდე რამდენიმეჯერ ოფიციალური რეზიუმეს გაყალბებაში დაადანაშაულეს, ხოლო თავისუფალი დემოკრატებიდან — კრისტიან ლინდნერი.

როგორი შეიძლება იყოს ახალი მთავრობის დამოკიდებულება აღმოსავლეთთან, რუსეთთან, კავკასიასთან

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ანალიტიკოსის, ბიძინა ლებანიძის განცხადებით, ახალი სამთავრობო კოალიციების მხრიდან ძირეული ცვლილებები მოსალოდნელი არ არის, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებაში მოვლენ მწვანეები, გერმანია რუსეთის მიმართ უფრო კრიტიკული გახდება.

“ევროკავშირის გაფართოების მხრივ ბევრ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ, რადგან გერმანიაში თითქმის ყველა პარტია ერთ აზრზეა, რომ ამ ეტაპზე დაჩქარებული გაფართოება აღარ უნდა მოხდეს. ერთადერთი პარტია, რომელიც ყველაზე მეტადაა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნებისადმი პოზიტიურად განწყობილი, არის მწვანეთა პარტია, თუმცა არც მათ აქვთ ჩამოყალიბებული პოზიცია გაფართოების მიმართულებით”, — აცხადებს ბიძინა ლებანიძე.

“თუ ხელისუფლებაში მოვლენ მწვანეები, ისინი გამოირჩევიან რუსეთის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებით. მათ გამძაფრებული აქვთ ადამიანის უფლებების დარღვევების მიმართ მგრძნობელობა, ისინი წინააღმდეგნი არიან ჩრდილოეთის გაზსადენის [Nord Stream 2] მშენებლობის და გამომდინარე აქედან, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გერმანიის პოზიცია რუსეთის მიმართ შესაძლოა, კრიტიკული გახდეს.

თუმცა ეს მაინც არ ნიშნავს, რომ ძირეულად შეიცვლება ყველაფერი. მწვანეებსაც მოუწევთ სამთავრობო კოალიციაში პარტნიორი პარტიების ხედვის გათვალისწინებაც”, — მიაჩნია ბიძინა ლებანიძეს.

ბიძინა ლებანიძე, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ანალიტიკოსი

ლებანიძის აზრით, იმ შემთხვევაში, თუ მომავალი კანცლერი სოციალ-დემოკრატი ან ქრისტიან-დემოკრატი იქნება, საქართველოსადმი გერმანიის მხარდაჭერის კუთხით დიდი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ის მწვანეთა პარტიიდან იქნება, რადიკალურად არა, მაგრამ მხარდაჭერა მაინც გაიზრდება.

მსგავსი მოსაზრება აქვს “საერთაშორისო ურთიერთობების გერმანული საბჭოს” საერთაშორისო წესრიგისა და დემოკრატიის პროგრამის ხელმძღვანელს, შტეფან მაისტერს, რომლის განცხადებითაც, იმ შემთხვევაში, თუ ახალ მთავრობაში საგარეო საქმეთა სამინისტროს მწვანეები ჩაიბარებენ, გაიზრდება რუსეთის კრიტიკა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მხარდაჭერა.

“მე ვფიქრობ, ყველა კანდიდატი, ვინც ახლა კანცლერობისთვის იბრძვის, საგარეო პოლიტიკის კუთხით, მათი წარსულისა და პრესტიჟის გათვალისწინებით, უფრო სუსტები არიან, ვიდრე ანგელა მერკელი.

ჩვენ გვეყოლება ახალი კანცლერი, რომელიც იქნება ნაკლებად გამოცდილი. ახალი კანცლერისთვის საჭირო იქნება დრო, რათა იმუშაოს კონკრეტულ საკითხებზე, რამაც შესაძლოა გააძლიეროს საგარეო საქმეთა მინისტრის როლი, რომელიც თავის მხრივ შესაძლოა იყოს მწვანეთა პარტიიდან.

თუ გერმანიას ეყოლება მწვანე საგარეო საქმეთა მინისტრი, იგი იქნება უფრო ხისტი რუსეთთან მიმართებით. ასევე მოსალოდნელია გაცილებით დიდი ჩართულობა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ სახელმწიფოებთან, უკრაინასთან, საქართველოსთან და მოლდოვასთან, მაშინაც კი, როდესაც არ მოველით ძირეულ ცვლილებებს [გერმანულ საგარეო პოლიტიკაში]”

მაისტერის განცხადებით, ახალი მთავრობის პირობებში არ მოელის ევროკავშირის დამატებით აღმოსავლეთით გაფართოებას.

“გადაწყვეტილებების უმეტესობა მიიღება ევროკავშირის დონეზე, ამიტომ მე არ მოველი რაიმე წევრობის პერსპექტივას [საქართველოსთვის და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებისთვის], მაგრამ მწვანე საგარეო საქმეთა მინისტრის შემთხვევაში მოველი, რომ იქნება ამ ქვეყნებთან თანამშრომლობის მეტი ინტერესი”, — განუცხადა შტეფან მაისტერმა ნეტგაზეთს.

ბერლინის როლი ევროპულ პოლიტიკაში და რა შეიძლება გააკეთოს საქართველომ მასთან დაახლოებისთვის 

შტეფან მაისტერის განცხადებით, საქართველოსთვის ევროპასთან დაახლოების გზაზე მნიშვნელოვანია, გაიაზროს, თუ როგორ ფუნქციონირებს გერმანია და როგორ აღიქმება საქართველოში მიმდინარე პროცესები ბერლინში.

“მე ვფიქრობ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ნებისმიერი ქვეყნისთვის ევროკავშირი და ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა გერმანია და საფრანგეთი, უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატები, რადგან ვაშინგტონის ჩართულობა რეგიონში არ იზრდება, ხოლო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ევროკავშირს კვლავ აქვს სამეზობლო პოლიტიკა.

სხვა საკითხია, რამდენად ძლიერია ეს პოლიტიკა, მაგრამ მე ვფიქრობ, [საქართველოსთვის] ევროკავშირი და მისი წევრი წამყვანი სახელმწიფოები უაღრესად მნიშვნელოვანია.

სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველომ გაიაზროს, თუ როგორ ფუნქციონირებს გერმანია, მისი როლი ევროკავშირში. საჭიროა მეტი ჩართულობა, რადგან გერმანია არის ერთ-ერთი უმთავრესი ქვეყანა, თუ არა უმთავრესი, აღმოსავლეთ პარტნიორობის კუთხით”, — ამბობს მაისტერი ნეტგაზეთთან ინტერვიუში.

შტეფან მაისტერი © ბიოლის ფონდი

მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია დემოკრატიული რეფორმები, რადგან უკუსვლას ამ მიმართულებით ნეგატიური გავლენა ექნება ორი ქვეყნის ურთიერთობებზე.

“სხვა საკითხია, თუ როგორ ხედავს გერმანია საქართველოს, მის დემოკრატიულ უკუსვლას, უმცირესობებსა და მედიაზე ზეწოლას. ვფიქრობ, ეს ყოველივე ძალიან ნეგატიურად აღიქმება გერმანიაში. თუ ეს ყოველივე არ შეიცვლება, რა თქმა უნდა, იქნება ნაკლები მხარდაჭერა, მათ შორის ფინანსური, და იქნება მეტი ზეწოლა ბუნდესტაგის მხრიდან.

საქართველო მიდის არასწორი მიმართულებით და ამას ექნება უარყოფითი შედეგები საქართველოსთან ურთიერთობისთვის”, —განაცხადა მაისტერმა.

ბიძინა ლებანიძე ეთანხმება იმ აზრს, რომ წლების განმავლობაში საქართველოს საგარეო პოლიტიკა ნაკლებ ყურადღებას უთმობდა გერმანიის როლს, თუმცა ბერლინთან დაახლოებისთვის ასევე საჭიროა “კონსოლიდირებულ დემოკრატიად ჩამოყალიბება”.

“ამის გამო ვიწვნიეთ ი,ს რაც მოხდა ბუქარესტის [ნატოს] სამიტზე, როცა საქართველოს მაშინდელმა მთავრობამ მთელი ფსონი აშშ-ზე დადო, ხოლო გერმანიისა და საფრანგეთის ინტერესები არ გაითვალისწინა, რაც ერთ-ერთი მიზეზი იყო იმისა, თუ რატომაც ვერ მივიღეთ ე.წ. “მაპი”.

პირველ რიგში, საქართველომ საშინაო დავალებები უნდა შეასრულოს. გაატაროს ეფექტური შიდაპოლიტიკური რეფორმები, რათა ამ გაურკვევლობიდან გადავიქცეთ კონსოლიდირებულ დემოკრატიად.

როდესაც ველაპარაკებით დასავლეთს, უნდა გვქონდეს მყარი არგუმენტი, თუ რის გამო უნდა მიგიღონ ნატოსა და ევროკავშირში, ან რატომ უნდა გვქონდეს მჭიდრო ურთიერთობები დასავლეთთან. სამწუხაროდ, ეს არგუმენტები დღეს არ გვაქვს”, — აცხადებს იგი.


სტატია მომზადებულია საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტთან თანამშრომლობის ფარგლებში. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა, არ ასახავდეს ორგანიზაციის პოზიციას. 

მასალების გადაბეჭდვის წესი