ახალი ამბები

სახელმწიფოსგან უსინათლოთათვის გამოყოფილი „თეთრი ხელჯოხები“ გამოუსადეგარია — აქტივისტები

16 აგვისტო, 2021 • 2180
სახელმწიფოსგან უსინათლოთათვის გამოყოფილი „თეთრი ხელჯოხები“ გამოუსადეგარია — აქტივისტები

„თეთრ ხელჯოხები“ – ასე ეძახიან სპეციალურ ხელჯოხებს, რომლებიც უსინათლოებს ყოველდღიური და რუტინული, აუცილებელი მიზნებისთვის სჭირდებათ.

ამგვარი ხელჯოხებით შესაძლებელია უსაფრთხო გადაადგილება, გარემოში გათავისება, სხვადასხვა ვიბრაციის შეგრძნება და სხვა. შესაბამისად, აუცილებელია, რომ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული იყოს — სულ მცირე, ჰქონდეს შესაბამისი სიგრძე და დაბოლოება.

თუმცა საქართველოში მცხოვრები ბევრი უსინათლოსთვის ეს ინდივიდუალური საჭიროებები ვერ კმაყოფილდება. მათი ნაწილი განმარტავს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული ხელჯოხები, ფაქტობრივად, უვარგისია და ვერ აკმაყოფილებს საჭიროებებს.

„ხელჯოხები, რომლებიც სახელმწიფომ შეიძინა, აბსოლუტურად გამოუსადეგარია“.

იურისტი ესმა გუმბერიძე ერთ-ერთია, რომელიც გამოუსადეგარ ხელჯოხებზე საუბრობს. ნეტგაზეთს თავის გამოცდილებას უყვება და განმარტავს, რომ თავადაც ვერ სარგებლობს სახელმწიფოს მიერ მოწოდებული ხელჯოხით.

დღეს ჯანდაცვის სამინისტრო სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამის ფარგლებში შშმ პირებს გარკვეულ სერვისებს სთავაზობს – მათ შორის, ეტლებსა და ხელჯოხებს.

„უსინათლოებისთვის ხელჯოხების გარდა არანაირ სხვა დამხმარე საშუალებას არ გასცემს, რაც პრინციპში, შშმ პირებს შორის გარკვეულ დისკრიმინაციას გულისხმობს და რესურსების არათანაბარ გადანაწილებაზე მიუთითებს, მაგრამ თვითონ ეს ხელჯოხებიც, რაც სამინისტრომ შეიძინა, არის აბსოლუტურად გამოუსადეგარი.

უპირველეს ყოვლისა, ხელჯოხი უნდა მოვარგოთ ადამიანის სიმაღლეს – ადამიანი რომ მოდის, დგამს გარკვეული სიგრძის ნაბიჯებს, ეს ხელჯოხი „ასწრებს“ ადამიანს და გზად თუ რაიმე ბარიერი ხვდება, ხელჯოხი ეხმარება მას, რომ გვერდი აუაროს. შესაბამისად, თუ ხელჯოხი ძალიან მოკლეა კონკრეტული ადამიანისთვის, ეს ნიშნავს, რომ ხელჯოხი მას დროულად ვერ „აფრთხილებს“ და შესაძლოა, მან ერთი ნაბიჯი გადადგას და წამოედოს რაიმეს“, — ამბობს ის.

გუმბერიძე გვიყვება, რომ ტენდერი ჯანდაცვის სამინისტრომ 2017 წლამდე გამოაცხადა და 2017 წლისთვის უკვე შეიძინა ხელჯოხები. თუმცა, როგორც ის ამბობს, აღმოჩნდა, რომ ხელჯოხების მომწოდებელმა კომპანიამ გათვლა არა ხარისხზე, არამედ დაბალ ფასზე გააკეთა.

ესმა გუმბერიძის თქმით, ეს ნაბიჯი წინააღმდეგობაში მოდის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციასთანაც, რომლის თანახმადაც, შშმ პირს აქვს უფლება, აირჩიოს დამხმარე საშუალება, რომელიც მასზე მორგებული იქნება.

ესმა გუმბერიძე. ფოტო: პირადი ფეისბუკი

„პრობლემა არის ისიც, რომ ხელჯოხი დამზადებულია ისე, რომ კარგად ვერ ხახუნობს ზედაპირზე. ნელა და მძიმედ მოძრაობს, შესაბამისად, რაიმე ბარიერი შესაძლოა უბრალოდ ვერ აღიქვას. მაგალითად, შეიძლება ქუჩაში, სადაც ქვაფენილია ან უბრალოდ ზედაპირი არ არის გლუვი, იქ უბრალოდ ამ ხელჯოხს ვერ გამოიყენებ.

დღეს გვაქვს ისეთი რეალობა, რომ როგორც სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი შშმ ეტლები, რომელსაც ბევრი ვერ ირგებს. ხელჯოხიც ასეა. ბევრი ვიცი, რომ ყიდულობენ, რადგან ვერ სარგებლობენ“, – ამატებს ის.

გუმბერიძე იხსენებს, რომ როდესაც სახალხო დამცველმა რამდენჯერმე მოიკითხა ეს ამბავი სამინისტროში, მათ უთხრეს, რომ ხელახალ ტენდერს ვერ გამოაცხადებენ, რადგან შიდა რეგულაციის გამო ნაყიდი ხელჯოხების ამოწურვამდე ახალი ტენდერი ვერ გამოცხადდება.

„მარაგი არ იწურება იმიტომ, რომ ხალხი ამ ხელჯოხებს ვერ იყენებს“, — ამბობს გუმბერიძე.

ესმა თავად გვაჩვენებს თავის ხელჯოხებსაც — ფოტოზე მოკლე ხელჯოხი ჯანდაცვის სამინისტროს მიერაა მოწოდებული, მეორე კი -უცხოეთში ნაყიდი. პრობლემა ისიცაა, რომ საზღვარგარეთიდან ნაყიდი ხელჯოხები ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის, რადგან მისი ფასი 20 დოლარიდან იწყება და შეიძლება რამდენიმე ასეული დოლარიც ღირდეს. ეს იმის ფონზე, როდესაც სახელმწიფოს მიერ შშმ პირებისთვის გაცემული პენსიის მაქსიმალური რაოდენობა 250 ლარის ფარგლებში მერყეობს.

„თეთრი ხელჯოხები“; ფოტო: ესმა გუმბერიძე

ჩვენს კითხვაზე, რა შეიძლება იყოს გამოსავალი, ესმა გუმბერიძე გვპასუხობს:

„დასაფიქრებელია… თუმცა, მაგალითად, შეიძლება იყოს სერვისი. ანუ შენ მიდიხარ, ირჩევ ხელჯოხს და ორგანიზაცია საქართველოდან გიწერს. შესყიდვა კი არ გააკეთოს საქონლის, არამედ შეისყიდოს მომსახურება, რომელშიც შევა ხელჯოხების მორგება და გამოწერა. შეიძლება, ამ გამოწერის ფარგლებში თანადაფინანსების ვარიანტიც შესთავაზონ“.

„ხელჯოხი გადმოსცემს ვიბრაციასაც და თუ ეს ასე არ ხდება, ვერ შევიგრძნობ იმას, რასაც უნდა ვხედავდე,“

კიდევ ერთი აქტივისტი, რომელიც „თეთრი ხელჯოხების“ ნაკლოვანებებზე ნეტგაზეთთან საუბრობს, ანა სიხაშვილია. ისიც ამბობს, რომ სახელმწიფოს მიერ გაცემული ხელჯოხები არაკომფორტულია. არაკომფორტულმა და გამოუსადეგარმა ხელჯოხმა კი შესაძლოა, ადამიანი რისკის ქვეშ დააყენოს.

ანა სიხაშვილი. ფოტო: UNICEF

„ზოგადად, ხელჯოხებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორი იქნება ის. მე, მაგალითად, ნებისმიერ ხელჯოხს ვერ ვიჭერ. ჩემთვის უნდა იყოს მსუბუქი, სახელური უნდა ჰქონდეს მრგვალი და ა.შ. ვიღაცას მოსწონს, რომ სახელური ჰქონდეს ხის და სხვა. მოკლედ რომ ვთქვა, ყველა არის ინდივიდუალური და ყველას აქვს ინდივიდულური საჭიროება. სადღაც გავიგონე შედარება – ხელჯოხი ფეხსაცმელივით არისო და ვეთანხმები. ხომ ვერ მოირგებს ერთი ზომის ფეხსაცმელს ყველა?!“ — განმარტავს სიხაშვილი.

ის გვიყვება, რომ ხელჯოხი დაბოლოების წყალობით ასევე გადმოსცემს ვიბრაციასაც:- „მე მისი დახმარებით შემიძლია გარემოს შეგრძნება. თუ ეს ასე არ არის, ვერ შევიგრძნობ იმას, რაც უნდა ვნახო“.

გამოსავალზე საუბრისას ანა სიხაშვილი ამბობს, რომ უპირველეს ყოვლისა პროგრამის შესახებ ცნობადობა უნდა გაიზარდოს, რადგან ზოგჯერ  თავად თემის წევრებმაც მის შესახებ არ იციან. თანაბრად მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს არჩევანის შესაძლებლობაც.

„მე თავად ვიყიდე იმიტომ, რომ იმდენად დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი იქნება ხელჯოხი, მერჩივნა, მეყიდა. ყველაზე იაფი არის 40-დოლარიანი. ოღონდ თავი აქვს ძალიან დიდი  და ის ცალკე იყიდება. თავი დაახლოებით 11 დოლარი ღირს, ზედა კონსტრუქცია 30 დოლარიც შეიძლება ღირდეს“, — ამბობს ის.

სამინისტროს პოზიცია

ნეტგაზეთმა რამდენიმე დღის წინ მიმართა დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. უწყებისგან ჯერჯერობით პასუხი არ მიგვიღია. თუმცა პრობლემის შესახებ სამინისტრომ, დიდი ალბათობით, იცის. საქართველოში 2011 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება თეთრი ხელჯოხის დღე.

ინტერნეტში ასევე მოიპოვება მაშინდელი სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის სატენდერო მოთხოვნები. ამ დოკუმენტის თანახმად, სამინისტრო აპირებდა არანაკლებ 15 „თეთრი ჯოხის“ შეძენას. მოთხოვნები კი შემდეგი იყო:

სქრინი სატენდერო დოკუმენტაციიდან

ამასთანავე, „თეთრი ხელჯოხის“ პრობლემურობაზე საუბრობს სახალხო დამცველიც. სახალხო დამცველი ჯერ კიდევ 2020 წელს წერდა, რომ კორონავირუსის პანდემიის პირობებში შშმ პირების საჭიროებები განსაკუთრებით ხილვადი გახდა. სახელმწიფო კი ხშირად ვერ უზრუნველყოფს მათ სრულფასოვან შესრულებას.

უშუალოდ „თეთრ ხელჯოხებზე“ კი აპარატი წერდა:

„მიუხედავად თეთრი ხელჯოხის როგორც სიმბოლური, ისე პრაქტიკული დანიშნულებისა, უსინათლო და მცირემხედველი პირებისთვის ქვეყანაში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კვლავ არ არის უზრუნველყოფილი ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული თეთრი ხელჯოხი. ასევე არ არის მისაწვდომი თეთრი ხელჯოხის გამოყენების, სივრცეში ორიენტაციისა და მობილობის, ხმოვანი კომპიუტერული პროგრამებით სარგებლობის, ბრაილის შრიფტის და სხვა მათთვის საჭირო უნარ-ჩვევების შესწავლა.

უსინათლო პირებისთვის ცენტრალურ დონეზე კვლავ მიუწვდომელია კვალიფიციური ასისტენტის მომსახურება, რაც მათი დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია“, — ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი