ახალი ამბები

ახლად რეაბილიტირებული ქეთევან წამებულის გამზირი უსინათლოებისთვის ადაპტირებული არაა – აქტივისტი

30 ნოემბერი, 2022 • 1260
ახლად რეაბილიტირებული ქეთევან წამებულის გამზირი უსინათლოებისთვის ადაპტირებული არაა – აქტივისტი

„ვიწვევ კალაძეს, თვალებახეულმა გაიაროს გამზირზე“, – ამბობს ნეტგაზეთთან ინტერვიუში ანა სიხაშვილი, აქტივისტი, რომელიც საქართველოში უსინათლოთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის იბრძვის.

ანა ქეთევან წამებულის გამზირთან ახლოს ცხოვრობს. ამბობს, რომ გამზირი, რომელსაც სულ ახლახან ჩაუტარდა რეაბილიტაცია, უსინათლო ადამიანებზე მორგებული არ არის, შესაბამისად, არ აკმაყოფილებს არც საერთაშორისო და არც ადგილობრივ სტანდარტს.

მთავარი პრობლემა შუქნიშანს უკავშირდება. ანა გვეუბნება, რომ შუქნიშანი არ გამოსცემს საკმარისად ხმამაღალ ხმას, რაც საფრთხეს უქმნის მის გადაადგილებას. გარდა ამისა, არაა მოწყობილი არც ტაქტილური ბილიკები – სპეციალური საფარი, რომელიც მოქალაქემ ხელჯოხით შეიძლება იგრძნოს.

ანას ქეთევან წამებულის გამზირზე გავლა თითქმის ყოველდღე უწევს. ნეტგაზეთთან ინტერვიუში ამბობს, რომ სანამ მერია 6-მილიონიან რეაბილიტაციის პროექტს დაასრულებდა, მას მოლოდინი ჰქონდა, რომ გამზირით სარგებლობა გართულებების გარეშე შეეძლებოდა. მაგრამ რეაბილიტაციის შემდეგ აღმოაჩინა, რომ გამზირი ვერ აკმაყოფილებს უნივერსალურ სტანდარტს.

„2021 წელს საქართველომ მიიღო ეროვნული მისაწვდომობის რეგლამენტი. შესაბამისად, წესითა და რიგით, მათ აქვთ ვალდებულება, რომ ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელსაც შეასრულებენ, აღჭურვონ უნივერსალური დიზაინით. ეს ნიშნავს, რომ უნდა იყოს გათვალისწინებული პანდუსები, ხმოვანი შუქნიშნები, ტაქტილური ბილიკები და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა. რა თქმა უნდა, იმედი გვქონდა, რომ როდესაც გამზირს გააკეთებდნენ, როდესაც დასრულდებოდა რეაბილიტაცია – ეს ყველაფერი გათვალისწინებული იქნებოდა“,- ამბობს ანა ნეტგაზეთთან.

რეაბილიტაციიდან 1 კვირის თავზე ანა გამზირზე გავიდა. მისი თქმით, სულ 3 შუქნიშანი დათვალა, რომელიც ასე თუ ისე გამოსცემდა ხმას, ასევე ნახა პანდუსები – თუმცა, სხვა ვერაფერი. ანამ მოქალაქეებისთვის სპეციალური ვიდეომიმართვაც ჩაწერა:

„არ არის ტაქტილური ბილიკები, არ არის რელიეფურად აღნიშნული ავტობუსის გაჩერებები. ხმოვან შუქნიშნებს რაც შეეხება, მთელ გამზირზე მხოლოდ რამდენიმეა და ესეც… როგორც წესი, ასეთი შუქნიშანი ორივე მხარეს უნდა იყოს, მაგრამ ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთ მხარეს, ერთ ბოძზეა, მეორე მხარეს თუ დადგები, ვერ გაიგებ. თან იმდენად ხმადაბალია, რომ 2 მეტრშიც კი არ ისმის – ძალიან ახლოს უნდა მიხვიდე, რომ გაიგო. წარმოიდგინეთ, ქარში ან წვიმაში საერთოდ ვერ გაიგებ. თან არ არის დაცული ის სტანდარტი, რომელიც იყო ჭავჭავაძეზე – იქაც არ იყო გადასარევი ხმოვანი შუქნიშნები, მაგრამ იქ სხვა ხმა აქვს. ერთი სტანდარტი ვერ დაამყარეს, რომელსაც ყველგან გამოიყენებდნენ.

ანა ასევე საუბრობს დიდ ზებრა გადასასვლელზე, რომელიც მეტრო ავლაბართან მდებარეობს. ამბობს, რომ აქ რამდენიმე შუქნიშანია თავმოყრილი, თუმცა, იმის გამო, რომ ადაპტირებული არ არის, შეუძლებელია გაიგო, როდის უნდა იარო და როდის – გაჩერდე: „ამას უსინათლო ვერ გააკონტროლებს იმიტომ, რომ არც ხმოვანი შუქნიშანია დაყენებული და არც რელიეფური ბილიკი, რომ ფეხით შეიგრძნო და გაჩერდე. გამოდის, რომ გვითხრეს, უბრალოდ დასხედით სახლშიო“.

„ჩემთვის ეს არის მესიჯი ზოგადად სახელმწიფოსგან, რომ  შენ ხარ მეორეხარისხოვანი მოქალაქე და როდესაც სხვა პრობლემები მოგვარდება, საყველპუროდ, ბოლოსკენ შემოვინახავთ და მერე გავაკეთებთ. იქამდე ბევრი პრობლემაა და შენი პრობლემა პრიორიტეტი არ არის. თავს ვგრძნობ ისე, რომ ჩემი ხმა, თუნდაც არჩევნებში, არაფერს ნიშნავს მათთვის. სხვა შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, ამას ასე არ გააკეთებდნენ. ფაქტობრივად, არა მხოლოდ მე, არამედ ყველა შშმ პირს თავს აგრძნობინებენ, რომ ვართ არაპრიორიტეტული ჯგუფი. დემოკრატიისთვის კი არაპრიორიტეტული ჯგუფები არ არსებობენ. მე ვიწვევ კალაძეს, მოვიდეს ქეთევან წამებულზე, აიხვიოს თვალები და გადაკვეთოს ზებრა გადასასვლელი.

ანამ თბილისის მუნიციპალიტეტს პროექტის შესახებ რამდენჯერმე მისწერა, ერთ წერილში მერიამ უპასუხა, რომ „სამუშაოები მიმდინარეობს საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად, რომელშიც გათვალისწინებულია შშმ პირებისთვის პანდუსების მოწყობა“, ხოლო მეორე წერილში ნათქვამია, რომ სარეაბილიტაციო პროექტში გამზირზე და მეტროს მიმდებარედ იგეგმებოდა ხმოვანი შუქნიშნების მოწყობა.

ანა გოგოლაძე, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და თბილისის საკრებულოს დეპუტატია, ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, რომ პროექტის დასრულებამდე, როგორც გამგებელსა და გამგეობას, ასევე მერიას მიმართეს შეკითხვით: იყო თუ არა სამუშაოებში გათვალისწინებული უნივერსალური დიზაინის კომპონენტები?

„მათ შორის, დაკონკრეტებული გვქონდა ტაქტილური ბილიკები, ხმოვანი შუქნიშნები, კონტრასტული ფერები, ავტობუსის მონიშვნები და ა.შ. და ვთხოვეთ, დეტალური პროექტის გადმოგზავნა, ისევე, როგორც ხარჯთაღრიცხვის, სადაც შესაძლებელი იქნებოდა დაგვენახა – გათვალისწინებული იყო თუ არა ეს კომპონენტები.

ჩვენ მივიღეთ არა მხოლოდ დაგვიანებული, არამედ ზედაპირული პასუხი. ეწერა, რომ იყო გათვალისწინებული აღნიშნული კომპონენტები. ამ გამზირის რეაბილიტაციაზე დაიხარჯა დაახლოებით 6 მილიონი ლარი და რაც მე ვიხილე – სრულიად შეუსაბამოა და არღვევს არაერთ ნორმას, იქნება ეს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონი, 2021 წლის ეროვნული რეგლამენტი თუ გაეროს შშმ პირთა კონვენცია, რომელსაც თავად „ქართული ოცნება“ მიუერთდა 2014 წელს”, – ამბობს საკრებულოს წევრი.

მერიის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის საქალაქო სამსახურებს ჯერჯერობით არ უპასუხიათ ნეტგაზეთისთვის ზემოხსენებულ საკითხზე დასმულ კითხვაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი