ახალი ამბები

რატომაა ხარვეზიანი შშმ პირთათვის პენსიის გაცემის ქართული მოდელი

28 იანვარი, 2021 • 6818
რატომაა ხარვეზიანი შშმ პირთათვის პენსიის გაცემის ქართული მოდელი

საქართველოში 2021 წლის იანვრიდან ასაკობრივი პენსია გაიზრდა, თუმცა პენსია (იგივე სოციალური შემწეობა) არ გაზრდილა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

აქტივისტები ამ გადაწყვეტილებაში სახელმწიფოს მხრიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დისკრიმინაციასა და მათი საჭირობების უგულებელყოფას ხედავენ, ვინაიდან, მიუხედავად სურსათზე გაზრდილი ფასებისა და დასუსტებული ლარის კურსისა, შშმ პირთა პენსია,ზოგჯერ საარსებო მინიმუმზე ნაკლებია.

თუმცა მთავარ პრობლემას სოციალური პაკეტის გაცემის ხარვეზიან სისტემაში ხედავენ, რომელიც ეფუძნება არა ინდივიდუალურ შეფასებას, არამედ მხოლოდ და მხოლოდ სამედიცინო დიაგნოზს.

რამდენი აქვთ პენსია შშმ პირებს?

საქართველოში სოციალური პაკეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის არაერთგვაროვანია და ეფუძნება სხვადასხვა გარემოებას, მათ შორის იმას, თუ რა ტიპის შეზღუდული შესაძლებლობა აქვს ადამიანს – მკვეთრად, მნიშვნელოვნად თუ ზომიერად გამოხატული.

მკვეთრად გამოხატული შეზღუდვის მქონე პირებისთვის შემწეობა 220 ლარია, მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდვების მქონე პირებისთვის- 140 ლარი, ხოლო ზომიერად გამოხატული შეზღუდვების მქონე პირისთვის – 100 ლარი.

ამასთანავე, 18 წლამდე ადამიანებისთვის ეს დახმარება  220 ლარია.

შემწეობის რაოდენობა ასევე დამოკიდებულია პირის ასაკზე, შემოსავლის წყაროზე, ვეტერანის სტატუსზე და სხვა. 

ახალი დადგენილების თანახმად, კორონავირუსის პანდემიის დროს 18 წლამდე შშმ პირებსა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს სახელმწიფო 6 თვის განმავლობაში 600 ლარით ეხმარება. სულ ამ დახმარების მიმღები 43 ათასი ბენეიფიცარია აღიცხული. 

შედარებისთვის 2020 წელს, თვეების მიხედვით, საარსებო მინიმუმის რაოდენობა ასე გამოიყურებოდა:

საარსებო მინიმუმი. ფოტო: სქრინი საქსტატის საიტიდან

[შენიშვნა: საქსტატის ზოგადი საარსებო მინიმუმის საბაზისო ნიმუშად შრომისუნარიან კაცს განიხილავს]

„ეს ნიშნავს ჩვენს დისკრიმინაციას შეზღუდული შესაძლებლობების ნიშნით“

იურისტი ესმა გუმბერიძე ერთ-ერთია იმ უფლებადამცველებს შორის, რომელიც სახელმწიფოს აკრიტიკებს შშმ პირთა პენსიის არგაზრდისა და სხვა საჭირო სერვისების ნაკლებობის გამო.

ნეტგაზეთთან საუბარში ის ადასტურებს, რომ სხვადასხვა შეზღუდვების მქონე პირებს სახელმწიფო სხვადასხვაგვარად ეხმარება, თუმცა ეს ფინანსური დახმარება არანაირ გათვლაზე დაფუძნებული არ არის.

„რა არის საკმარისი და რა არა – ეს სუბიექტურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ არის საკმარისი, მაგრამ ამას გარდა, ეს გასაცემლები არაფერს ეფუძნება. არანაირ გათვლას, არც საარსებო მინიმუმთან, არც სამომხმარებლო კალათასთან… არაფერთან არ არის ბმაში, არც ასაკობრივი პენსია არაა ბმაში და არც შშმ პირებისთვის დადგენილი შემწეობა“, – გვიხსნის გუმბერიძე.

ის დასძენს, რომ შშმ პირების პენსია თავისი არსით იმის კომპენსაციაა, რომ შშმ პირს ცხოვრება უფრო ძვირი უჯდება – „მათ შორის, არაადაპტირებული გარემოს, სერვისების არარსებობის და სხვა მიზეზების გამო“.

მაგრამ რეალურად, საქართველოში დადგენილი არ არის, რამდენად უფრო ძვირია შშმ პირისთვის ცხოვრება არა-შშმ პირთან შედარებით.

„ამიტომ ის, რომ შშმ პირებს არ გაეზარდაათ თანხა, ხოლო ასაკობრივი პენსია გაიზარდა, ეს არ ეფუძნება არანაირი ობიექტურ დასაბუთებას. ის, რომ შშმ პირების საჭიროებები უცვლელია, ხოლო ასაკოვანი პირების საჭიროებები შეიცვალა და, შესაბამისად, ერთს გაეზარდა და მეორეს არა, ეს არ ეფუძნება ამ დაშვებას, არაფერს ეფუძნება, ნარჩენობის პრინციპის გარდა.

ბიუჯეტში რა შესაძლებლობაც იყო, ის დაამატეს და გაზარდეს ასაკობრივი პენსია და შშმ პირებს არ გაუზარდეს, იმიტომ, რომ მარტივად რომ ვთქვათ, არ ვართ პრიორიტეტი. ნებისმიერ საკითხზე პრიორიტეტულობას აჩვენებს ის, თუ რაში იხარჯება თანხები“, – განმარტავს ესმა გუმბერიძე.

ესმა გუმბერიძე. ფოტო: პირადი ფეისბუკი

„როდესაც ამ საკითხზე თანხის დახარჯვა არ უნდათ, ეს ნიშნავს, რომ შშმ პირები არ მიაჩნია სახელმწიფოს იმდენად ღირებულ და მნიშვნელოვან ადამიანებად.. მიაჩნიათ, რომ არ ვიმსახურებთ, არ გვჭირდება.

ამასთან, ვიტყვი, რომ ინფლაციის პირობებში სოცპაკეტის იგივე ოდენობის დატოვება ნიშნავს მის შემცირებას. მაშინ, როდესაც ასაკობრივი პენსია ნომინალურად მაინც გაზიარდა და რაღაცნაირად მაინც დაკომპენსირდა. ეს ნიშნავს ჩვენს დისკრიმინაციას შეზღუდული შესაძლებლობების ნიშნით“.

ნეტგაზეთთან საუბარში ესმა გუმბერიძე ასევე აკრიტიკებს სახელმწიფოს მიერ დანიშნულ 100-ლარიან შემწეობას შშმ პირთათვის კორონავირუსის დროს. ის ამბობს, რომ ეს მცირედი დახმარება, 18 წლამდე ასაკის ბავშვების გარდა, ეხება მხოლოდ მკვეთრად გამოხატული შეზღუდვების მქონე ადამიანებს – ე.წ. პირველ ჯგუფს.

„ეს არის მთელი შშმ პირების 24%,  ანუ გამოდის, რომ ეს შემწეობა ეხება მხოლოდ მეოთხედს, რომელიც 6 თვის ვადაში დამთავრდება. შშმ პირების საჭიროებები და კოვიდის ეკონომიკური კრიზისი, დიდი ალბათობით, არ აღმოიფხვრება 6 თვის შემდეგ და დანარჩენი 76% მიღმა დარჩა ამ დახმარების თვალსაზრისითაც კი“, – ამბობს გუმბერიძე და ამატებს, რომ წლების განმავლობაში, მაშინ, როდესაც ე.წ. პირველი ჯგუფისთვის ფინანსური დახმარება მზარდი იყო, სხვა ჯგუფებისთვის ეს არ ხდებოდა.

„ეს არის უკან დახევა და კონვენციის დარღვევა. საქართველოს შშმ პირთა კონვენცია 7 წლის წინ აქვს რატიფიცირებული. ამ კონვენციაში ნათქვამია, რომ სახელმწიფო ვალდებულია შშმ პირთა უფლებები პროგრესულად განახორციელოს, გააუმჯობესოს. ეს ნიშნავს, რომ მათი გაუარესება არ შეიძლება..

მე ზოგადად არ ვარ მომხრე და არასდროს მისაუბრია სოცპაკეტებისა და პენსიების მატებაზე, ვინაიდან მე ყოველთვის იმას ვუჭერდი მხარს, რომ განვითარდეს საჭიროებებზე მორგებული სერვსები, პროგრამები და ა.შ. მაგრამ ეს სოცპაკეტი არის ის, რაც საუკუნეების წინ მიღებული მონაპოვარია და ჩვენი იმისთვის, რომ წინ წავიდეთ, ეს მონაპოვარი უნდა შევინარჩნოთ, რომელიც, პრაქტიკულად, ხელიდან გვეცლება. ის თანხები, რომელიც გვრჩება, არის არაფრის მომცემი. არ არის ხლოს არც საცხოვრებელ მინიმუმთან, არც რეალურ მინიმუმთან, არც შშმ პირის ცხოვრების ღირებულებასთან, მით უფრო, პანდემიის პერიოდში,“ .

რაც შეეხება კორონავირუსის დროს დაწესებულს შემწეობებს, ესმა გუმბერიძე ყვება, რომ ჯერ კიდევ გაზაფხულზე აქტივისტები ითხოვნენ, რომ ეს დახმარება სხვა ჯგუფებისთვის განაწილებულიყო, თუმცა – „სახელმწიფო არ გვისმენს. ტარდება შეხვედრები შეხვედრებისთვის“.

ამასთანავე, გუმბერიძე ამბობს, რომ კორონავირუსმა შეაჩერა შშმ პირებისთვის ბევრი მნიშვნელოვანი სერვისის მიღებაც – იქნება ეს საჭმლის ვაუჩერები, რომლებიც პრობლემურად რიგდება, დისტანციური სწავლება თუ სხვა.

„ჩვენ ისიც არ ვიცით, რამდენ შშმ პირს ჰქონდა კოვიდი, რამდენი გარდაიცვალა. ევროპაში, მაგალითად, დადგინდა, რომ შშმ პირები უფრო მაღალი რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ – ჩვენ კი არ შეგვიძლია ამგვარი დასკვნები გამოვიტანოთ,“.

რატომ არის შშმ პირთა სოციალური პაკეტი არაეფექტიანი – EMC-სა და სახალხო დამცველის შეფასება

სახელმწიფოს მიერ შშმ პირთა სოციალური დახმარების სისტემას ნეტგაზეთთან აკრიტიკებს როგორც სახალხო დამცველის აპარატი, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი.

როგორც ორგანიზაციის, ასევე აპარატის წარმომადგენელი, განმარტავს, რომ მთავარი პრობლემა არაეფექტური შეფასების სისტემაა, რომელიც ეფუძნება არა ინდივიდუალურ შეფასებას, არამედ მხოლოდ და მხოლოდ სამედიცინო სტატუსს.

მარიამ ჯანიაშვილი. ფოტო: EMC

EMC-ს იურისტი მარიამ ჯანიაშვილი, ნეტგაზეთთან ამბობს, რომ ქართული სისტემა, სადაც შშმ პირთათვის სოციალური პაკეტის მინიჭება დიაგნოზით ხდება და არა საჭიროებით, გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციას ეწინააღმდეგება.

„პრობლემა, რომელიც სოციალურ პაკეტთან დაკავშირებით დგას, ორი ძირითადი ნაწილისგან შედეგება. პირველი, ეს არის არსებული სოციალური პაკეტის არაეფექტიანობა. სოციალური პაკეტის ოდენობა არის არაადეკვატური, განსაკუთრებით, მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატულ შშმ პირებთან მიმართებით. საარსებო მინიმუმსაც არ სწვდება. ხშირ შემთხვევაში, შშმ პირები არ არიან დასაქმებულები, განიცდიან მნიშვნელოვან მოწყვლადობას და ხშირად ეს სოციალური შემწეობა არის მათთვის შემოსავლის ერთადერთი წყარო. რაც ნამდვილად არასაკმარისია.

მეორე, როდესაც ვსაუბრობთ სოციალური პაკეტის არაეფქტიანობაზე, აუცილებელია ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, რომ სოციალური პაკეტის მოცულობა არ ეფუძნება პირის ინდივიდუალურ შეფასებას. ეფუძნება დიაგნოზს და არა  რეალურ საჭიროებას, რაც გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციას ეწინააღმდეგება“, – განმარტავს მარიამ ჯანიაშვილი.

იურისტი ამბობს, რომ სოციალური პაკეტის არაეფექტიანობა ჩანს იმაშიც, რომ როგორც წესი, სოციალური დახმარება ეძლევათ მხოლოდ ორ ჯგუფს – მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსა და შშმ ბავშვებს. დანარჩენი კი დახმარების მიღმა რჩება.

ჩვენს კითხვაზე, რაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ასაკობრივი პენსია გაიზარდა, თუმცა, შშმ პირთა სოციალური შემწეობა არა, მარიამ ჯანიაშვილი გვპასუხობს:

„ერთი რომ იზრდება და მეორე არა, ეს მეტყველებს იმაზე, რომ რეალურად შშმ პირების ადეკვატური სოციალური მხარდაჭერის სისტემა არ არსებობს და შშმ პირები არ წარმოადგენენ პრიორიტეტს, ასე რომ ვთქვათ, სახელმწიფოსთვის. მათი უფლებების დაცვა იქნებოდა უპირობო პრიორიტეტი.

როდესაც სახელმწიფომ ამდენი წლის განმავლობაში ვერ მიიღო შესაბამისი ზომები, რომ იგივე სოციალურ მოდელზე გადასულიყო და შეესწავლა მათი საჭიროებები – ამის მიხედვით შეემუშავებინა სერვისები… ამის მაგივრად არც კი უმატებს. მანამ, სანამ ქვეყანა სოციალურ მოდელზე გადავა, ეს დროებითი მყისიერი ზომის ფარგლებშიც კი, პანდემიის პირობებშიც კი არ ახდენს ამ ადამიანების მხარდაჭერას“, – ამბობს ის.

ამავე სისტემის ხარვეზიანობაზე, ნეტგაზეთთან სახალხო დამცველის მოადგილემ, ეკატერინე სხილაძემაც ისაუბრა.

სხილაძის განმარტებით, საქართველოში რომ ყოფილიყო ე.წ. სოციალური შეფასების მოდელი, ეს სისტემა დაგვანახებდა პირის ინდივიდუალურ საჭიროებას და, შესაბამისად, სერვისიც ინდივიდუალურ საჭიროებებზე იქნებოდა მორგებული.

დღეს არსებული სისტემით კი დახმარების გაცემა, მიუხედავად საჭიროებისა, ჯგუფურად ხდება. თუმცა ამ შემთხვევაშიც კი რაოდენობა პრობლემურად მცირეა.

„ამ შემთხვევაში ჩვენი რეკომენდაციების მთავარი ადრესატი, როდესაც ვსაუბრობთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსის მინიჭების ცვლილებაზე, როდესაც ვსაუბრობთ არსებული პროგრამების მოდიფიცირებასა თუ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგების მიმართულებით –  არის საქართველოს მთავრობა და ჯანდაცის სამინისტრო, რომელიც პოლიტიკას განსაზღვრავს ამ სფეროში. შეუძლებელია ითქვას, რამდენით უნდა მოიმატოს დახმარებამ, ვინაიდან თვითონ სისტემაა ხარვეზიანი,“.

სახალხო დამცველის მოადგილე ამბობს, რომ სიტუაციის გაუმჯობესებისთვის აუცილებელია, შშმ სტატუსის მინიჭების მოდელის ცვლილებაზე მუშაობა გააქტიურდეს. პარალელურად კი, პანდემიის პირობებში, სახელმწიფომ შშმ პირთა სოციალურ საჭიროებებს ყურადღება მიაქციოს და დახმარების მიღმა არ დატოვოს ადამიანთა დიდი ნაწილი.

დაიწყება მუშაობა „სოციალური კოდექსის“ შექმნაზე – დეპუტატი

ნეტგაზეთთან საუბარში პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების კომიტეტის წევრი, რიმა ბერაძე ამბობს, რომ მომავალში უნდა დაიწყოს მუშაობა „სოციალური კოდექსის“ შექმნზე – დოკუმენტზე, რომელმაც სოციალური პრობლემების უმეტესობა უნდა მოიცვას.

თუმცა ჯერჯერობით რთულია საუბარი, როდის შეიქმნება აღნიშნული კოდექსი.

„კომიტეტში ჩვენი და ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით ჩატარდა უკვე ერთი შეხვედრა გაცნობითი ხასიათის და იგეგმება სოციალური კოდექსის დაწერა. ამ სოციალურ კოდექსში ყველა მოწყვლადი ჯგუფი იქნება გათვალისწინებული და თავმოყრა ყველა იმ საკითხისა და პრობლემის, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს.

კონკრეტულად ამ წუთას არ შემიძლია თქმა, [შშმ პირთა სოციალური შემწეობის] მიმართულებით როგორ და რა გაიზრდება, თუმცა ამ საქმეში, მათ შორის, დაინტერესებულია რატი იონათამიშვილი და ამ საკითხების თავმოყრა გვინდა“, – ამბობს რიმა ბერაძე.

რიმა ბერაძე განმარტავს, რომ სოციალური კოდექსის მთავარი მიზანი ყველა მოწყვლადი ჯგუფის უფლებებისა და მდგომარეობის გაუმჯობესებაა – „ძალიან დიდი დოკუმენტი იქნება და ეს არ დამთავრდება ერთ ან ხუთ თვეში“.

„ძალიან ბევრი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას, როგორც დაზარალებული, პენსიონერი, ექსპერტი და სხვა. დიდი ჯგუფი იქნება და ამ კუთხით პარლამენტი იწყებს მუშაობს“, – ამატებს ის.

ნეტგაზეთმა სტატიის მომზადებისას ოფიციალური კომენტარისთვის მიმართა ჯანდაცვის სამინისტროსაც, უწყებაში კომენტარი არ გააკეთეს, ვინაიდან, მათი განმარტებით, შშმ პირთა შემწეობის საკითხს არ წყვეტს მხოლოდ ერთი უწყება.


საქართველოში კორონავირუსის პანდემია და თანდართული პრობლემები საზოგადოების დიდი ნაწილისთვის განსაკუთრებულად რთული გამოდგა. მათ შორის, არიან შშმ ბავშვებიც, რომელთა ნაწილს უტრანსპორტობის გამო შშმ სტატუსი მოეხსნა.

ამ თემაზე წაიკითხეთ:

როცა შშმ ბავშვების საჭიროებებს დღის ცენტრები ვეღარ ფარავენ

მასალების გადაბეჭდვის წესი