ახალი ამბები

“თანამშრომლობისთვის სრული მზაობაა” — ლომჯარიამ ნინოწმინდის პანსიონი დატოვა

28 ივნისი, 2021 • 882
“თანამშრომლობისთვის სრული მზაობაა” — ლომჯარიამ ნინოწმინდის პანსიონი დატოვა

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ რამდენიმესაათიანი ვიზიტის შემდეგ ნინოწმინდის ბავშთა პანსიონი დატოვა. როგორც ის აცხადებს, პანსიონში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ვიზიტს გააგრძელებენ.

წლების განმავლობაში პირველად დღეს, 28 ივნისს, სახალხო დამცველი პირველად შევიდა ნინოწმინდის პანსიონში ვიზიტით. მას თან ახლდნენ ბავშვთა ფსიქოლოგი, აპარატის წარმომადგენლები და მთავარეპისკოპოსი იაკობი.

ჟურნალისტებთან საუბრისას ნინო ლომჯარიამ ბევრ დეტალზე არ ისაუბრა, თქვა, რომ ეს ვიზიტი უფრო მეტად გაცნობითი ხასიათის იყო და პანსიონში მცხოვრებლებს, მათ შორის, ბავშვებს, აპარატის მანდატის შესახებ ესაუბრნენ.

„როგორც აქამდე ვამბობდი, რა თქმა უნდა, იყო გარკვეული გაუცხოება ბავშვების მხრიდანაც, გარკვეული ცრუ წარმოდგენები და შიშები, ამიტომ დღევანდელი ვიზიტის მთავარი დანიშნულება იყო, რომ ჩვენ გავცნობოდით ბავშვებს, შევსულიყავით მათთან კონტაქტში. გავესაუბრეთ მათ, რა თქმა უნდა, გაგრძელდება ვიზიტები.

ასევე, პირველადად, რაც შესაძლებელი იყო, გავეცანით დოკუმენტაციას და გვაქვს პირველადი რეკომენდაციები. უპირველეს ყოვლისა, დოკუმენტაცია იქნება მოსაწესრიგებელი, იმიტომ, რომ საკმაოდ ბევრია და ცოტა ქაოსურად არის — ერთი დღე არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ყველაფერს გავეცნოთ“, – ამბობს ის.

მისივე თქმით, მან დღეს დაინახა სრული მზაობა, რომ ყველანაირი რეკომენდაცია იყოს გათვალისწინებული.

„დავათვალიერე ასევე ინფრასტრუქტურა და ზოგადად, ჩვენთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით არსებობს გამოხატული სრული მზაობა, სამომავლოდ ვიზიტები იქნება ეს თუ რეკომენდაციების შესრულება“, — დასძენს ის.

სახალხო დამცველის თქმითვე, უპირველეს ყოვლისა, სანახავი იქნება ბავშვების დოკუმენტაცია:

„ერთი შეხედვით რაც დავინახეთ, არ არსებობს ერთი სრულყოფილი მონაცემები, ვგულისხმობ ბაზებს ბავშვების შესახებ. რამდენიმე სია არის და მოგვიწია მთელი დღის განმავლობაში შედარება ამ სიების. გარკვეული დასკვნების გაკეთებას არ ვიჩქარებ, განსხვავებები ამ სიებში ვნახეთ, გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას“.


ნინოწმინდის პანსიონი ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოიქცა, რაც ჯერ კიდევ აპრილში სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ სასულიერო პირები აპარატის წარმომადგენლებს ბავშვების მდგომარეობის შესასწავლად არ უშვებს.

ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 7 მაისს გამოაქვეყნა გაერომაც და თქვა, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს კონსტიტუციური ორგანოს მიერ მონიტორინგი.

ბავშვთა უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR), 5 ივნისს თქვა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

ორგანიზაციამ 4 ივნისს მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით და მოითხოვა, უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ყველა ბავშვი დაუყოვნებლივ გამოყვანილიყო. მოსამართლემ შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა, რაც გულისხმობს თავშესაფრიდან მხოლოდ შშმ ბავშვების გაყვანას. თუმცა სახელმწიფო უწყებებმა თავშესაფრიდან სხვა ბავშვების გაყვანაც დაიწყეს. მათი ნაწილი ოჯახებში დააბრუნეს, ნაწილი — მცირე ზომის საოჯახო დაწესებულებებში.

ბავშვების გამოყვანასთან ერთად, საპატრიარქომ, კერძოდ პანსიონის ახალმა ხელმძღვანელმა, მთავარეპისკოპოსმა იაკობმა დააანონსა, რომ ამ ტერიტორიაზე ნინოწმინდის დიდი პანსიონის ნაცვლად ეკლესია რამდენიმე მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის მოწყობას გეგმავს.

მთავარეპისკოპოსი იაკობის დანიშვნიდან მალევე ეკლესიასა და სახალხო დამცველს შორის შეხვედრა მოეწყო. შეხვედრის შემდეგ ორივე მხარე თანამშრომლობაზე შეთანხმდა. 28 ივნისს კი პირველად 2018 წლის შემდეგ სახალხო დამცველი ბავშვთა ფსიქოლოგთან ერთად პანსიონში შევიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი