ახალი ამბებისამართალი

რა ჩანს და რაზე მიანიშნებს ნინოწმინდის პანსიონიდან დღეს გავრცელებული ვიდეო

4 ივნისი, 2021 • 10357
რა ჩანს და რაზე მიანიშნებს ნინოწმინდის პანსიონიდან დღეს გავრცელებული ვიდეო

ფეისბუკზე ვრცელდება ვიდეოები, სადაც ჩანს, თუ როგორ ერევა მთავარეპისკოპოსი სპირიდონი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ბავშვებისა და სოციალური მუშაკების ურთიერთობაში. ის სოცმუშაკებს ბავშვებს პანსიონიდან არ ატანს.

სავარაუდოდ, კადრებში ჩანან ის ბავშვები, რომელთა დაწესებულებიდან გაყვანაზეც სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო მუშაობს. მანამდე უწყებამ პანსიონიდან 6 ბავშვი მათივე მოთხოვნის საფუძველზე უკვე გადაიყვანა. 

გავრცელებულ კადრებში ისმის, რომ მთავარეპისკოპოსი სხვა ზრდასრულებთან ერთად ეკითხება ბავშვებს, უნდათ თუ არა წასვლა. რამდენიმე მათგანი გადაღების მიმდინარეობისას ტირის კიდეც, ნაწილი კი წასვლაზე უარს აცხადებს.

სახალხო დამცველის აპარატი და ბავშვთა უფლებების ადვოკატები ამბობენ, რომ ამ კადრებით იკვეთება ბავშვებზე ფსიქოლოგიური ძალადობის ნიშნები. ამასთანავე, მათი ნაწილის თქმით, ვიდეო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბავშვები პანსიონში უკანონოდ ხვდებიან: ყველანაირი საკანონმდებლო პროცედურის გამოტოვებით და ამასთან, არ არის გამორიცხული, პანსიონში უფრო მეტი ბავშვი ცხოვრობდეს, ვიდრე ეს სახელმწიფოს აქვს აღრიცხული.

რა ჩანს ვიდეოში?

ვიდეოებს ფეისბუკზე ე.წ. ლაივის [პირდაპირი ეთერის] მეშვეობით ავრცელებს თავად მღვდელმთავარი, რომელიც ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანლია. რამდენიმე ვიდეოში ჩანს, რომ მთავარეპისკოპოსი სპირიდონი ზის დიდ ოთახში, სოციალურ მუშაკებთან, პანსიონის თანამშრომლებთან და ბავშვებთან ერთად. ოთახში პერიოდულად შემოდიან  სხვა არასრულწლოვნებიც, მათი ნაწილი ტირის და ანერვიულებულია.

ბავშვებს, მათ შორის ატირებულს, მთავარეპისკოპოსი ეკითხება, უნდათ თუ არა სხვა დაწესებულებაში გადასვლა. ბავშვები ამ წინადადებაზე უარს აცხადებენ.

ამის შემდეგ მთავარეპისკოპოსი სპირიდონი ურეკავს ბავშვის ოჯახის წევრებს, მშობელსა და ბებიას. ისინიც აცხადებენ, რომ უნდათ, ბავშვები დაწესებულებაში დარჩნენ.

საქართველოს საკანონმდებლო პრაქტიკით, სახელმწიფო ზრუნვაში მოქცეული ბავშვის წარმომადგენელი უკვე არა მშობელი, არამედ სახელმწიფოა  – სოციალური მუშაკისა და ზრუნვის სააგენტოს მეშვეობით.

მთავარეპისკოპოსი სპირიდონი ოჯახის წევრებთან საუბრის შემდეგ, ერთ-ერთი მშობელს ეუბნება: „აქ არავითარი პრობლემა არაა, ამ ბავშვებს შვილებივით ვუვლით, ძალიან საყვარელები არიან“. მშობელი ამის შემდეგ კიდევ ერთხელ უდასტურებს სასულიერო პირს, რომ არ უნდა, მისმა შვილმა დაწესებულება დატოვოს – „ე.ი. ჩვენ არ გავატანთ[ბავშვებს]“.

ამ ეტაპისთვის დაუდგენელია, რა პროცედურა უძღვის წინ იმ მოვლენებს, რომელიც ვიდეოზეა ასახული. უცნობია, ცდილობენ თუ არა სოცმუშაკები ბავშვების დაწესებულებიდან გამოყვანას და მოითხოვეს თუ არა ეს ბავშვებმა თავად. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ამ კადრებთან დაკავშირებით ჯერ კომენტარს არ აკეთებს.

“უკანონოდ მიჰყავთ, ყველანაირი პროცედურების გარეშე”

ნეტგაზეთი ვიდეოს შინაარსთან დაკავშირებით ესაუბრა ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ადვოკატს, ანა არგანაშვილს.

ის გვეუბნება, რომ ვიდეო რამდენიმე თვალსაზრისითაა პრობლემური და აჩვენებს, რომ სახელმწიფო ჯეროვნად ვერ იცავს დაწესებულებაში მყოფი ბავშვების უფლებებს.

„როდესაც ბავშვი არის ან ბავშვთა სახლში, ან სახელმწიფო ზრუნვის ნებისმიერ ფორმაში – ანუ როდესაც ბავშვი ოჯახიდანაა გაყვანილი, ეს ნიშნავს, რომ ბავშვზე გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო, რომელმაც თავის მხრივ უნდა მიმართოს სასამართლოს და საბოლოოდ სასამართლომ უნდა თქვას, რომ ეს ზრუნვა განახორციელოს სახელმწიფომ. თუ ეს ეტაპები გამოტოვებულია, ეს ნიშნავს, რომ ბავშვი ოჯახიდან უკანონოდაა გამოყვანილი“, – გვიხსნის ანა არგანაშვილი.

არგანაშვილი ხაზს უსვამს, რომ ერთ-ერთ ვიდეოში ისმის მშობლის ხმა „ბოლო-ბოლო მე წავიყვან სახლში“. ის ამბობს, რომ თუ ბავშვის ოჯახს შეუძლია მისი შენახვა, არასრულწლოვანი მით უფრო არ უნდა იყოს სახელმწიფო ზრუნვაში. საქართველოს დღევანდელი კანონმდებლობა ამბობს, რომ ბავშვი არ უნდა მოწყდეს ოჯახურ გარემოს და სახელმწიფო ზრუნვაში გადადის მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევაში.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ოჯახს არ აქვს ბავშვის შენახვის ფინანსური შესაძლებლობა, სახელმწიფოს პირველი ინტერესი ოჯახის გაძლიერება უნდა იყოს და არა – ბავშვის გაყვანა.

ანა არგანაშვილი ამბობს, რომ თუ ოჯახს შეუძლია ბავშვის სახლში დატოვება და ის მაინც დაწესებულებაშია – ეს იმთავითვე არის ბავშვის უფლების დარღვევა. ის ამბობს, რომ ვიდეოს ნახვის შემდეგ, რამდენიმე ძირეული დარღვევა დაინახა:

‘ბავშვთა სახლის ადმინისტრატორმა, ამ შემთხვევაში მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა, ისიც კი არ იცის, ვისგან უნდა აიღოს თანხმობა ბავშვის გადაყვანაზე. ანუ საერთოდ არ იცნობს კანონმდებლობას, არც საქართველოს კონსტიტუცია, არც ბავშვთა უფლებების კოდექსი, არც ერთი საკანონმდებლო აქტი არ იცის, რითიც ხდება ბავშვის ჩარიცხვა ან ამორიცხვა. ჩვენ ვხედავთ, ბავშვის მშობელი ამბობს, „ბოლო-ბოლო მე წავიყვანო“, ე.ი. ყოფილა შესაძლებლოიბა, ბავშვმა იცხოვროს ოჯახში და ბავშვის იქ მოთავსება არ იყო აუცილებლობა. ეს მეორე მნიშვნელოვანი დარღვევა. თუ ბავშვი იქ იყო, მაშინ მშობელს არ უნდა ჰქონდეს ბავშვზე წარმომადგენლობა, სხვანაირად ბავშვის იქ დატოვება არ შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით. სასამართლო გადაწყვეტილება უნდა არსებობდეს. თუ მშობელს არ ჰქონია შეზღუდული წარმომადგენლების უფლება, ე.ი. უკანონოდ ფუნქციონირებდა თავიდან ბოლომდე ეს დაწესებულება. ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ სახელმწიფო უწყება არის სრულიად პასიური, აქამდე ვერ მოახერხა ლიცენზირების მიმღები სააღზმრდელო დაწესებულების ადმინისტრაციისთვის განემარტა კანონმდებლობა. ეს ნიშნავს, რომ არ უმუშავია არცერთი დღე სოციალურ მუშაკს ისე, როგროც უნდა ემუშავა. არც სააგენტოს და რეგულირების სააგენტოს, ან სახელწმიფო ზრუნვის. ეს არის სრული ჩამოშლა ამ ბავშვთა კეთილდღეობის სისტემის“, – ამბობს არგანაშვილი.

ის აღნიშნავს, რომ ვიდეო ასევე ბადებს ეჭვს, რომ რეალურად ამ დაწესებულებაში უფრო მეტი ბავშვი ცხოვრობს, ვიდრე ეს სისტემამ იცის. ამასთანავე, ის დასძენს, რომ ვიდეოში აღწერილი მდგომარეობა ბავშვისთვის უკიდურესად სტრესულია, რაც ბავშვზე ფსიქოლოგიურ ძალადობაზეც მიუთითებს.

„ეს არის ბავშვზე ძალადობა. როგორ შეიძლება ბავშვს ასეთ მდგომარეობაში ჰკითხო, სად გინდა დარჩენაო –  მიმდინარეობს ბავშვზე ფსიქოლოგიური ძალადობა და ამიტომ უნდა გაიყვანონ ბავშვი [სოცმუშაკებმა], და თუ ვერ გაჰყავთ, მაშინ სახელმწიფო არ გვქონია“, – აცხადებს არგანაშვილი.

ვიდეოს პრობლემურად მიიჩნევენ სახალხო დამცველის აპარატშიც. ომბუდსმენის პირველი მოადგილე, ეკა სხილაძე ნეტგაზეთთან ამბობს, რომ გავრცელებული კადრების ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ ბავშვების ალტერნატიულ ზრუნვაში გადაყვანის პროცესი გააგრძელოს.

„ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი ტიპის დაწესებულებაში მყოფი ყველა ბავშვი იმყოფება სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ. შესაბამისად, სახელმწიფო იღებს გადაწყვეტილებას მათი განთავსების შესახებ, რა თქმა უნდა, მათი საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით. ჩვენ დღეს ვიდეოზე რასაც ვხედავთ, არის ის, რომ დაწესებულების ხელმძღვანელი კვლავ აგრძელებს თვითნებურად სახელმწიფოსთვის ხელის შეშლას მისი ვალდებულების განხორციელებაში.

ამ ჩანაწერების ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ გააგრძელოს ამ ბავშვების ალტერნატიულ ზრუნვაში გადაყვანის პროცესი და ეს არ შეფერხდეს არცერთი მიზეზის გამო, რადგან ჩვენ მოვისმინეთ საკმაოდ ბევრი იქ არსებული სავარაუდო დანაშაულისა თუ უფლებადარღვევის ფაქტების შესახებ.

მეორე, ასევე მნიშვნელოვანია, ეს ბავშვები სახელმწიფომ დაიცვას ზეწოლისა და ძალადობისგან პანსიონში. მანამ, სანამ ეს ბავშვები პანსიონში იმყოფებიან, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ მათზე არ მოხდეს ზეწოლა, არ მოხდეს მათი საუკეთესო ინტერესების დაზიანება და უფრო რთულ ვითარებაში მათი ჩაყენება დაწესებულების წარმომადგენლების მხრიდან.

მესამე და ასევე მნიშვნელოვანია, რომ უნდა დაიწყოს გამოძიება სავარაუდო ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე, რისი დასტურიცაა დღეს გავრცელებული ვიდეოჩანაწერები. ეს მოკვლევა უნდა განხორციელდეს ისევ და ისევ ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით იმ პირობებში, რომ დღეს ეს ბავშვები კვლავ ამ დაწესებულებაში რჩებიან“, – გვეუბნება სხილაძე.

ნეტგაზეთმა სხილაძეს ჰკითხა, ხომ არ ადასტურებს ვიდეო იმასაც, რომ სუსტი სახელმწიფო კონტროლის პირობებში, დაწესებულებაში შესაძლოა ბავშვები თვითდინებით ან სხვა გაზებითაც ხვდებოდნენ და უფრო მეტი ბავშვი იყოს ნინომწინდაში, ვიდრე ამას სააგენტო აღრიცხავს. მანამდე თავად მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა განაცხადა, რომ პანსიონში 150 ბავშვი ცხოვრობს, სააგენტოს ინფორმაციით – 47.

სხილაძე გვპასუხობს, რომ ბოლო პერიოდში განსხვავებული რიცხვები ვრცელდება ბავშვების რაოდენობასთან დაკავშირებით და ისინი არაა თანხევდრაში იმ ოფიციალურ მონაცემებთან, რაც სახალხო დამცველის აპარატს აქვს. ამის პარალელურად კი პანსიონში სახალხო დამცველს უბრალოდ არ უშვებენ, შესაბამისად, რიცხვებზე ვერც აპარატი ისაუბრებს.

„ამ დაწესებულებაში არ უნდა ხვდებოდეს ბავშვი შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე –  ზრუნვის სააგენტოს ჩართულობის გარეშე. თუ ასეთ შემთხვევას აქვს ადგილი, ეს არის კიდევ უფრო საგანგაშო ვითარება და საჭიროებს მყისიერ რეაგირებას.

თუმცა, რასაც ჩვენ ამ პერიოდში ამ დაწესებულების მიმართ ვისმენთ, არ არის გამორიცხული იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო ფაქტობრივ ზედამხედველობას ვერ ახორციელებს და ყველამ ვიცით, რომ სოციალური მუშაკების ვიზიტები არის ფორმალური ხასიათის, მას არ აქვს დოკუმენტაციაზე სრული წვდომა – არ გამოვრიცხავთ, რომ იქ ნამდვილად იყოს მსგავსი ტიპის დარღვევები“, – აცხადებს სხილაძე.

“ჩვენი ინფორმაციით, ბოლო წლების განმავლობაში დაწესებულებაში ოფიციალურად არცერთი ბავშვი ჩარიცხულა. საუბარია დაახლოებით 2016 წლიდან პერიოდზე. თუ ასეთ ფაქტებს აქვს ადგილი, ეს არის სამართლებრივი პროცედურების მიღმა და შესაბამის რეაგირებას მოითხოვს. თუმცა მე კიდევ დავაზუსტებ, რომ ჩვენ ამ დროისთვის სხვა მონაცემები არ გვაქვს.“

როცა მშობლები სახელმწიფოზე მეტად ეკლესიას ენდობიან

ნეტგაზეთი ესაუბრა 2 სხვადასხვა მშობელ/ბებიას, რომელთა შვილები/შვილიშვილები ნინოწმინდის პანსიონში ცხოვრობენ.

ორივე მათგანი ამბობს, რომ ბავშვები პანსიონში არა სახელმწიფო ზურნვის სისტემის გავლით, არამედ თვითდინებით მოხვდნენ, მათ თავად მიიყვანეს ბავშვები საპატრიარქოს დაწესებულებაში.

მათთან საუბარში გამოიკვეთა, რომ სახელმწიფომ (სოცმუშაკებმა) ბავშვების ნინოწმინდის პანსიონში მოხვედრის შესახებ პოსტ-ფაქტუმ შეიტო.

თამილა, 2 ბავშვის დედა

თამილა ამბობს, რომ მძიმე ეკონომიური მდგომარეობიდან გამომდინარე მისი ორი შვილი პანსიონში 6 წლის წინ თავად მიიყვანა, შვილებს ნინოწმინდაში ხშირად აკითხავს, ყოველდღიური კონტაქტი აქვს “ვოთსაფით” და ზაფხულობით, როდესაც ბავშვებს სკოლიდან ითხოვენ, სახლში მოჰყავს.

დედა ამბობს, რომ პანსიონში მისი ახლობელი მუშაობდა და სწორედ მისი რჩევით გადაწყვიტა იქ მიყვანა. 

თამილას თქმით, სოცმუშაკებმა, რომლებთანაც ურთიერთობა წლებია აქვს, მხოლოდ პოსტ-ფაქტუმ გაიგეს, რომ ბავშვები სკოლიდან ამოეწერნენ და ცხოვრება და სწავლა ნინოწმინდაში განაგრძეს. მისი თქმით, ამის შემდეგ სოცმუშაკები მას ეკითხებოდნენ, როგორ გრძნობდნენ ბავშვები თავს ნინოწმინდაში. თამილას თქმით, თავადაა ბავშვების კანონიერი წარმომადგენელი და ისინი პანსიონში სახელმწიფო ზრუნვის სისტემის გავლით არ მოხვედრილან.

დედა დარწმუნებულია, რომ მის შვილებს სკოლაში კარგად უვლიან და არ ძალადობენ. დედის თქმით, იმას, რასაც ბავშვები პანსიონში იღებენ (კვება, განათლება და ა.შ.), თავად ვერ შესთავაზებდა საკუთარი ეკონომიური მდგომარეობიდან გამომდინარე.

“ყოველდღე მაქვს კონტაქტი ბავშვებთან, იქ რომ რაიმე ცუდი ხდებოდეს, მე ჩემს შვილებს გავაჩერებდი? ძალიან კმაყოფილი ვარ’, – გვეუბნება თამილა და დასძენს, რომ პანსიონის დატოვება არც მის შვილებს სურთ.

თამილასთან საუბრიდან გამომდინარეობს, რომ სახელმწიფო ზრუნვის სისტემას, კერძოდ, მინდობით აღზრდის პროგრამას, როდესაც ბავშვებს სახელმწიფო მიმღებ ოჯახში ანაწილებს და მას ფინანსურად ეხმარება, არ ენდობა. თამილას თქმით, თუ სახელმწიფოს იმდენი რესურსი აქვს, რომ მიმღებ ოჯახებს ფინანსურად დაეხმაროს, უმჯობესია, ეს თანხები მას მისცენ და დღესვე წამოიყვანს ბავშვებს პანსიონიდან.

მეორე მხრივ, თამილას თქმით, სახელმწიფოს ზრუნვის ფარგლებში მისთვის ალტერნატივა (მიმღები ოჯახი, მცირე ზომის ბავშვთა სახლი) არარსდროს არაფერი შეუთავაზებია და მხოლოდ იმას ეკითხებიან, როგორ გრძნობენ ბავშვები თავს პანსიონში. მისი თქმით, ერთადერთი, რაც სახელმწიფომ შესთავაზა, 300-ლარიან სამსახურში დასაქმება იყო, რომლის მეშვეობითაც 2 შვილს საცხოვრებლად საჭირო პირობებით ვერ უზრუნვლყოფდა.

დარეჯანი, 3 ბავშვის ბებია

დარეჯანიც, რომელიც ნინოწმინდის პანსიონში მცხოვრები 3 ბავშვის ბებია და მისი თქმით, კანონიერი წარმომადგენელია, ასევე ამბობს, რომ მისი შვილიშვილებიც დაწესებულებაში თვითდინებით, სახელმწიფო ზრუნვის სისტემის გვერდის ავლით მოხდვნენ.

სიტუაცია აქაც თამილას შემთხვევის მსგავსია. დარეჯანს ჯანმრთელობა და ეკონომიური მდგომარეობა ხელს არ უწყობდა, რომ 3 პატარა ბავშვი აღეზარდა და ნაცნობის რჩევით მიმართა ნინოწმინდის პანსიონს დასახმარებლად. ეს ახლობელიც ნინოწმინდის პანსიონშია დასაქმებული. დარეჯანის შვილიშვილები პანსიონში მიმდინარე წლის იანვარში ჩაირიცხნენ.

დარეჯანის თქმით, ამის შემდეგ პოსტ-ფაქტუმ ჩააყენა საქმის კურსში ზრუნვის სააგენტო და განაცხადა, რომ აღარ სურდა იმ ფინანსური მხარდაჭერის მიღება, რომელსაც ბავშვების მოვლის გამო იღებდა სახელმწიფოსგან.

დარეჯანიც ამბობს, რომ ყოველდღიური კონტაქტი აქვს ბავშვებთან მესენჯერის მეშოვებით. მისი თქმით, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, როდესაც რეკავს, ძიძა რთავს კამერას და ბებიას უჩვენებს, რას აკეთებენ ბავშვები.

ნინოწმინდაში არსებული პირობებით დარეჯანიც კმაყოფილია და მადლობელია ეკლესიის, რომელმაც მისი თქმით, ბავშვებს ის პირობები შეუქმნა, რასაც თავად ვერ შეუქმნიდა მისი რთული ეკონომიური და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე.

დარეჯანის თქმით, სახელმწიფოს არც მისთვის შეუთავაზებია ზრუნვის ალტერნატიული სისტემა, იქნება ეს მინდობით აღზრდა თუ მცირე ზომის ბავშვთა სახლი. 

დარეჯანთან საუბრით ირკვევა, რომ სახელმწიფო ზრუნვის სისტემას არც ის ენდობა და ურჩევნია ბავშვები ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფ პანსიონში ცხოვრობდნენ.

“ჩემთვის ხომ უნდა ეკითხათ, ის ბავშვები რატომ მოხვდნენ იქ, ან რატომ გავაკეთე არჩევანი?! სოცმუშაკები ხომ ჩემთან უფრო ახლოს არიან, ნინოწმინდა არის ჩემგან 300 კილომეტრის დაშორებით”, – გვეუბნება დარეჯანი.

ბებიის თქმით, თუ ვინმეა საქართველოში ყველაზე მეტად დაინტერესებული იმით, რომ ბავშვები კარგ გარემოში ცხოვრობდნენ, ეს ადამიანი თვითონაა, რადგან იმ დაწესებულებაში მისი ყველაზე საყვარელი 3 ადამიანი ცხოვრობს. თუმცა დარწმუნებულია, რომ ნინოწმინდაში ბავშვებზე არავინ ძალადობს. მისი თქმით, მანამ, სანამ მძიმე მდგომარეობაშია და ბავშვებზე მზრუნველობა დროებით თავად არ შეუძლია, ურჩევნია ეს ეკლესიასთან აფილირებულმა დაწესებულებამ გააკეთოს, ვიდრე, მაგალითად, მიმღებმა ოჯახმა, რომელშიც როგორი ადამიანები ცხოვრობენ და რა ღირებულებებით აღზრდიან ბავშვს, მისთვის უცნობია. თუმცა ხაზს უსვამს, რომ პანსიონის ალტერნატივა მისთვის არასდროს არავის შეუთავაზებია.

“დარწმუნებული ვარ, რომ სოცმუშაკი მაგაზე უკეთეს გარემოში ვერ წაიყვანს”, – გვეუბნება დარეჯანი.

“სახელმწიფომ ბოდიში უნდა მოუახადოს ყველას, ვისაც ვერ დაეხმარა”

იმაში, რომ მშობელთა ნაწილი ოფიციალურ ინსტიტუტებზე მეტად ეკლესიასთან დაკავშირებულ დაწესებულებებს ენდობა, სახელმწიფოს პასუხისმგებლობას ხედავს ანა არგანაშვილი, ბავშვთა უფლებდამცველი.

მისი თქმით, სახელმწიფო უმოქმედებას და უსუსურობას ფარავს ეკლესიის ბავშვთა სახლებში, რომლებიც უკანონოდ არსებობს. მისი თქმით, სახელმწიფო უნდა დაელაპარაკოს და ბოდიში მოუხადოს ყველას, ვისაც მისი დახმარება ესაჭიროებოდა და ეს ვერ გააკეთა.

“სახელმწიფომ ბოდიში უნდა მოუხადოს ყველას და დაეხმაროს ყველას, ვისაც აქამდე ვერ დაეხმარა”, – ამბობს არგანაშვილი.

სახელმწიფოს პასუხი

ოფიციალური მონაცემებით, დღეს ნინოწმინდის პანსიონში 47 ბავშვი ირიცხება, აქედან 10-თან მიდის მუშაობა, რათა სახელმწიფო ზრუნვის სხვა ფორმაში გადაიყვანონ. სავარაუდოდ, იმ 10 ბავშვიდან რამდენიმეს ესაუბრება დღეს მთავარეპისკოპოსი სპირიდონი.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონს, როგორც სახელმწიფო მზრუნველობაში ყველა ბავშვსა და დაწესებულებას, კურირებს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო. მისი ხელმძღვანელი მერი მაღლაფერიძე ჟურნალისტების კითხვაზე, რეალურად რამდენი ბავშვია პანსიონში – აცხადებს, რომ მათი რაოდენობა 47-ს აღწევს.

„10 ბავშვი ამწუთას რომ ითხოვდეს, ისინი უკვე გადმოყვანილი იქნებოდნენ… მიმდინარეობს მათთან მუშაობა, რომ მათი სურვილები დაფიქსირებული იქნას. ძალიან მნიშვნელოვანია გადმოყვანის სურვილი და როგორც კი გვექნება ეს მოწესრიგებული, იმწუთში გამოვიყვანთ,“.

მერი მაღლაფერიძე. ფოტო: სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო

მაღლაფერიძე იხსენებს, რომ 2015 წელს პანსიონების ლიცენზირება მოხდა და დაიწყო ბავშვების უკვე ოფიციალურად ჩარიცხვის პროცესი. თავდაპირველად ნინოწმინდის პანსიონში 127 ბავშვი იყო, თუმცა ამ პერიოდამდე 74 ბავშვი პანსიონიდან გამოიყვანეს.

„მე ბოლო ეთერში ვიძახდი, რომ 53 ბავშვი იმყოფებოდა, თუმცა, ვინაიდან 6 დააკლდა, 47 ბავშვი იმყოფება ამწუთას ადგილზე“, —აცხადებს ის.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე პანსიონი სპეციალისტების მუდმივი დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

„როგორც გითხარით,ადგილზე იმყოფება სოციალური მუშაკების ჯგუფი, ასევე, ფსიქოლოგების. ისინი დაწესებულებაში დარჩებიან, დაწესებულება ჩვენთან თანამშრომლობს. იქ ცხოვრობს 4 ადამიანი, 4 სოციალური მუშაკი და იქ იქნებიან სწორედ იმიტომ, რომ ჩვენც კარგად ვაცნობიერებთ, რომ როდესაც ასეთი საუბარი ხდება, რა თქმა უნდა, იზრდება რისკები. და ეს არ ეხება მხოლოდ ამ დაწესებულებას“, – ამბობს მერი მაღლაფერიძე. 


რა ხდება ნინოწმინდაში?

გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლება 7 მაისს დაავალდებულა, უზრუნველეყო მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგი იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაში არიან იქ ბავშვები.

ჯერჯერობით სახელმწიფო დუმს. ეკლესია ომბუდსმენს არ აძლევს უფლებას პანსიონატში შევიდეს. ამასთანავე, 2 ივნისს სახალხო დამცველმა გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ 2016-2021 წლებში პანსიონში სისხლის სამართლის 4 გამოძიება მიმდინარეობს, მათ შორის ერთი – გაუპატიურების მუხლით, დანარჩენი კი ძალადობის.

ოფიციალური ინფორმაციით, 5 ივნისის მდგომარეობით პანსიონში 47 ბავშვი ირიცხება, თუმცა, მანამდე, ეკლესიის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ბავშვების ოდენობა 150-ს აღწევს. 4 ივნისს ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ პანსიონიდან 6 ბავშვი გადაიყვანა, 10 ბავშვის გადაყვანაზე მუშაობა კი მიმდინარეობს.

ამასთანავე, სახალხო დამცველის 2015 და 2018 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ პანსიონში სხვა პრობლემებთან ერთად, გამოიკვეთა – „მკაცრი აღზრდის სტილი და სოციალიზაციის ნაკლებობა“. პანსიონში წარსულში მკაცრი პედაგოგების არსებობას ადასტურებს ერთ-ერთი დეკანოზიც.

მას შემდეგ, რაც მედიაში ნინოწმინდის პანსიონის შესახებ ცნობები გავრცელდა, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ თქვა, რომ დაწესებულებაში სოციალური მუშაკები შეუშვეს.

19 მაისს სახალხო დამცველმა კიდევ განცხადება გაავრცელა, რომ ნინოწმინდის პანსიონში აპარატის წარმომადგენლები ისევ არ შეუშვეს. ამ დრომდე [5 ივნისი] სახალხო დამცველი დაწესებულებაში ვერ შედის.

აპარატის თქმით, არშეშვების კიდევ ერთი ფაქტი აჩვენებს, რომ სახელმწიფო არ ასრულებს გაეროს მიერ დაკისრებულს ვალდებულებას და არღვევს ბავშვის უფლებათა დაცვის კუთხით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.

ამის პარალელურად, პანსიონში შეუშვეს ულტრანაციონალისტური განწყობების მამა-შვილი ფალავანდიშვილები, დიმიტრი ლორთქიფანიძე და „ალტ-ინფო“. რამდენიმე დღის წინ პანსიონი მოინახულა მიტროპოლიტმა სერაფიმემ (ჯოჯუა), რომელსაც არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი