ახალი ამბები

იმის მაგივრად, ვინ და როდის დაიწყო ომი, უნდა გვესმოდეს, დეოკუპაცია ზეპარტიული საკითხია – გახარია

8 აგვისტო, 2021 •
იმის მაგივრად, ვინ და როდის დაიწყო ომი, უნდა გვესმოდეს, დეოკუპაცია ზეპარტიული საკითხია – გახარია

პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარია აცხადებს, რომ დეოკუპაციისა და დებორდერიზაციის სტრატეგია ზეპარტიული საკითხია და ყველას ერთიანი პოზიცია უნდა ჰქონდეს. ამის შესახებ მან დღეს, 8 აგვისტოს, შინდისის გმირების მემორიალთან განაცხადა.

„13 წელი გავიდა, გრძელდება ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია. მე რამდენჯერმე მითქვამს და კიდევ ხშირად გავიმეორებ, რომ ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის 20%-ის მიწის ოკუპირება. ეს ჩვენი ქვეყნის განვითარების შეზღუდვაა, ჩვენი ადამიანური რესურსის შეზღუდვაა და ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყნის დეოკუპაციის გარეშე, მე ვერ წარმომიდგენია საქართველოს სრულფასოვანი განვითარება, ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბება.

სწორედ ამიტომ არის, რომ დეოკუპაციის სტრატეგია, დებორდერიზაციის სტრატეგია ეს არის ზეპარტიული საკითხები, რომელზეც ჩვენ ყველა უნდა შევთანხმდეთ და იმის მაგივრად, რომ ერთმანეთს ვებრძოლოთ და დისკუსიები გავმართოთ იმაზე, ვინ დაიწყო ომი და როდის დაიწყო ეს ომი, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის უაღრესად ზეპარტიული საკითხი, ერთადერთი აუცილებელი პირობა ძლიერი ქართული სახელმწიფოს მშენებლობისთვის და ჩვენ ყველანი ამ დღეს მაინც უნდა შევთანხმდეთ, რომ დეოკუპაციისა და დებორდერიზაციის სტრატეგია ეს არის ზეპარტიული საკითხი და ყველას უნდა გვქონდეს ერთიანი პოზიცია”.- განაცხადა გიორგი გახარიამ.

აგვისტოს ომის მეცამეტე წლისთავზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წინა ხელისუფლების პასუხისმგებლობას ახსნებს და აცხადებს, რომ მსგავსი “ანტისახელმწიფოებრივი პროვოკაცია” არცერთმა ხელისუფლებამ უნდა გაიმეოროს.

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კი აცხადებს, რომ 8 აგვისტო გვახსენებს “ნაციონალური მოძრაობის” ღალატს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ”.

მისი თქმით, უნდა გვახსოვდეს “ნაციონალური მოძრაობის” ღალატი”, რომ გავუფრთხილდეთ სამშობლოს და მისი “გაყიდვის შესაძლებლობა აღარასდროს აღარავის მივცეთ”.


წელს 13 წელიწადი გავიდა 2008 წლის სამხედრო კონფლიქტიდან, რომელიც “აგვისტოს ომის” სახელით მოიხსენიებენ. ომი 5 დღე, 7 აგვისტოდან 13 აგვისტომდე გაგრძელდა, რის შემდეგაც საქართველომ დაკარგა კონტროლი კოდორის ხეობასა და ახალგორის რაიონზე.

ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის შეჭრის შედეგად დაღუპულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი.

2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ამჟამად რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი