ახალი ამბები

ეს დღე გვახსენებს ნაციონალური მოძრაობის ღალატს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ – კობახიძე

8 აგვისტო, 2021 • 1620
ეს დღე გვახსენებს ნაციონალური მოძრაობის ღალატს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ – კობახიძე

აგვისტოს ომიდან მეცამეტე წლისთავზე “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ 8 აგვისტო გვახსენებს “ნაციონალური მოძრაობის” ღალატს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ”.

მისი თქმით, უნდა გვახსოვდეს “ნაციონალური მოძრაობის” ღალატი”, რომ გავუფრთხილდეთ სამშობლოს და მისი “გაყიდვის შესაძლებლობა აღარასდროს აღარავის მივცეთ”.

“ეს დღე გვახსენებს გიორგი ანწუხელიძის, შინდისის გმირების, ასეულობით სამხედრო და სამოქალაქო პირის გმირობას, რომლებმაც ქვეყნის დამოუკიდებლობას საკუთარი სიცოცხლე შესწირეს.
ეს დღე გვახსენებს რუსულ აგრესიასა და ოკუპაციას, რომელმაც ასეულობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ათასობით ადამიანი დევნილად აქცია.
ეს დღე გვახსენებს ნაციონალური მოძრაობის ღალატს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, რომელმაც რუსეთს ჩვენი ორი ისტორიული კუთხის ოკუპაციის საშუალება მისცა და ეს ოკუპაცია თავისივე ხელმოწერით გაუფორმა.
უნდა გვახსოვდეს ჩვენი გმირები, რომ დამოუკიდებლობა შევინარჩუნოთ!
უნდა გვახსოვდეს რუსული აგრესია, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივა არ დავთმოთ!
უნდა გვახსოვდეს ნაციონალური მოძრაობის ღალატი, რომ გავუფრთხილდეთ სამშობლოს და მისი გაყიდვის შესაძლებლობა აღარასდროს აღარავის მივცეთ!” – წერს კობახიძე სოციალურ ქსელში.


წელს 13 წელიწადი გავიდა 2008 წლის სამხედრო კონფლიქტიდან, რომელიც “აგვისტოს ომის” სახელით მოიხსენიებენ. ომი 5 დღე, 7 აგვისტოდან 13 აგვისტომდე გაგრძელდა, რის შემდეგაც საქართველომ დაკარგა კონტროლი კოდორის ხეობასა და ახალგორის რაიონზე.

ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის შეჭრის შედეგად დაღუპულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი.

2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ამჟამად რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი