ახალი ამბები

მსგავსი ანტისახელმწიფოებრივი პროვოკაცია არცერთმა ხელისუფლებამ არ უნდა გაიმეოროს – ღარიბაშვილი

8 აგვისტო, 2021 • 1402
მსგავსი ანტისახელმწიფოებრივი პროვოკაცია არცერთმა ხელისუფლებამ  არ უნდა გაიმეოროს – ღარიბაშვილი

აგვისტოს ომის მეცამეტე წლისთავზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი  წინა ხელისუფლების პასუხისმგებლობას ახსნებს და აცხადებს, რომ მსგავსი “ანტისახელმწიფოებრივი პროვოკაცია” არცერთმა ხელისუფლებამ უნდა გაიმეოროს.

“13 წელი გავიდა აგვისტოს ომის ტრაგიკული დღეებიდან. ჩვენ ვუსამძიმრებთ ყველას, მთელს საქართველოს, ჩვენს ხალხს. ჩვენი დაღუპული გმირების ხსოვნის წინაშე ქედს ვიხრით. ჩვენმა გმირმა ჯარისკაცებმა გმირულად გაწირეს თავი ჩვენი სამშობლოს დასაცავად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დასაცავად და ძალიან ბევრი ოჯახი გაუბედურდა. კიდევ ერთხელ გვახსენდება რაოდენ მძიმეა ტკივილი და მოუშუშებელია ის იარა, რომელიც აგვისტოს ომმა ჩვენ ყველას მოგვაყენა, ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას.

გამოუსწორებელი შედეგები დადგა აგვისტოს ომის შემდეგ. ქვეყანაში დაკანონდა ოკუპაცია, ქვეყნის ტერიტორიის 20% არის მითვისებული და ოკუპირებული რუსეთის მიერ. მე აქ, ჩვენი გარდაცვლილი გმირების ოჯახების წინაშე, აღარ მინდა ვილაპარაკო იმ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, რომელიც წინა ხელისუფლებას ეკისრება. ამის თაობაზე ჩვენ უკვე გავაკეთეთ შეფასება და ქართველ ხალხს ვერდიქტი უკვე გამოტანილი აქვს. მაგრამ მინდა ყველას შევახსენო, რომ მსგავსი ანტისახელმწიფოებრივი პროვოკაცია არასოდეს არ უნდა გაიმეროს არცერთმა ხელისუფლებამ”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის თქმით, “ქართული ოცნების” ხელისუფლებას ოკუპაციასთან მიმართებაში პრაგამატული და გონივრული პოლიტიკა  აქვს და გამოირჩევა იმით, რომ ქვეყანას ომი აარიდა.

“ეს არის ჩვენი ვალი, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი და დავიცვათ ჩვენი ხალხი, ყოველი აგრესიისგან, დამპყრობლებისგან და ოკუპანტებისგან.

მთლიანობაში ჩვენი საერთო საზრუნავი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. ჩვენ შერჩეული გვაქვს პრაგამატული და გონივრული პოლიტიკა ოკუპაციის წინააღმდეგ და დეოკუპაციის მისაღწევად. ამას სჭირდება მუხლჩაუხრელი შრომა და გონივრული პოლიტიკა. ჩვენი მმართველობის პერიოდი არის გამორჩეული იმითაც, რომ ჩვენს ხალხს და ქვეყანას ავარიდეთ კიდევ უფრო მეტი დეესკალაცია, მეტი სირთულეები და ომი. ჩვენი მიზანმიმართული, თანმიმდევრული და მშვიდობიანი პოლიტიკით მე მჯერა, რომ დადგება დრო, როცა ჩვენი ქვეყანა გამთლიანდება”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.


წელს 13 წელიწადი გავიდა 2008 წლის სამხედრო კონფლიქტიდან, რომელიც “აგვისტოს ომის” სახელით მოიხსენიებენ. ომი 5 დღე, 7 აგვისტოდან 13 აგვისტომდე გაგრძელდა, რის შემდეგაც საქართველომ დაკარგა კონტროლი კოდორის ხეობასა და ახალგორის რაიონზე.

ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის შეჭრის შედეგად დაღუპულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი.

2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ამჟამად რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი