ახალი ამბები

გია ბუღაძე ეკლესიას ურჩევს, ტაძარში ანჩის ხატის ასლი გადაიტანოს

5 აგვისტო, 2021 • 2672
გია ბუღაძე ეკლესიას ურჩევს, ტაძარში ანჩის ხატის ასლი გადაიტანოს

მხატვარ გია ბუღაძის განცხადებით, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში დაცული ანჩის ხატის საპატრიარქოსთვის შესაძლო გადაცემის კატეგორიული წინააღმდეგია. ამის შესახებ მან “ნეტგაზეთთან” ისაუბრა.

მისი თქმით, საპატრიარქოს შეუძლია გადაიტანოს ხატის ზუსტი ასლი, რომელსაც იგივე საკრალური დატვირთვა ექნება, როგორც ორიგინალს. მისი თქმით, ორიგინალ ნამუშევარს საკრალურის გარდა კულტურული მნიშვნელობის დატვირთვაც აქვს და მის შესანახად აუცილებელია სპეციალური პირობები.

“საკრალური მნიშვნელობით ასლიც იგივე ორიგინალია. გადაიტანოს [საპატრიარქომ] ასლი იმიტომ, რომ მადლი ხომ გადადის, თუ საკრალურ-რელიგიური მნიშვნელობით შევხედავთ. კარგი გაკეთებული ასლი ატარებს იგივე მადლს. ასე კეთდებოდა მთელ საქრისტიანოში. ორიგინალი კულტურული ფაქტორია. ის უნდა იყოს მუზეუმში, სადაც არის კლიმატის, ტემპერატურის, ნესტის კონტროლი. ხელოვნების ნაწარმოების გადაადგილება არ არის ვაშლის და მსხლის ყიდვა. ამას უნდა სერიოზული მოფრთხილება და დისერტაციებია დაცული, როგორ უნდა გადაადგილდეს”, – განაცხადა ბუღაძემ.

3 აგვისტოს საქართველოს მართმადიდებელმა საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება. საპატრიარქო აცხადებს, რომ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან საეკლესიო ექსპონატთა ნაწილი სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გადავა, მეორე ნაწილი კი – შალვა ამირანაშვილის მუზეუმის მომიჯნავე შენობაში, რომელსაც ამჟამად სარემონტო სამუშაოები სჭირდება. საპატრიარქო წერს, რომ ამ საკითხზე შეხვედრა კულტურის მინისტრთან, თეა წულუკიანთან უკვე გაიმართა.

ასევე, 3 აგვისტოს მინისტრმა თეა წულუკიანმა თქვა, რომ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში განთავსებულ ექსპონატების გატანას ორ ახლომდებარე სივრცეში განიხილავენ, შემდეგ კი განახლებულ მუზეუმში დააბრუნებენ.

ამის პარალელურად, საქართველოს საპატრიარქომ ირაკლი ღარიბაშვილს ანჩის ხატის ეკლესიისთვის დაბრუნება სთხოვა. ანჩისხატი წლების განმავლობაში სწორედ შალვა ამირანაშვილის სახელობის მუზეუმში ინახებოდა.

გარეკანის ფოტო: კადრი Artarea-ს ვიდეოდან

მასალების გადაბეჭდვის წესი