ნამახვანჰესის საკითხზე ენერგეტიკული გაერთიანების მონაწილეობით მედიაციაში ჩართული მხარეები, – ერთი მხრივ, „რიონის ხეობის მცველები“ და საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მეორე მხრივ კი, ეკონომიკის სამინისტრო, მოლაპარაკებების პროცესის შეფერხებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
არასამთავრობოების პოზიცია
30 ივლისს მედიაციის პროცესში ჩართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, – „მწვანე ალტერნატივამ“, „დედამიწის მეგობრებმა“, „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ და სხვებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც წერენ, რომ:
„ნამახვანჰესის გარშემო შექმნილი კრიზისის დაძლევისთვის აუცილებელია, პირველ რიგში, რიონის ხეობაში მიმდინარე სამშენელო სამუშაოების შეჩერება, ისევე როგორც პროექტის დამოუკიდებელი, კვალიფიციური შეფასების პროცესის უზრუნველყოფა“.
ორგანიზაციების თანახმად, ივნისი-ივლისის განმავლობაში მიეცათ შესაძლებლობა, ჩართულიყვნენ „ტექნიკური დავალების“ შემუშვების პროცესში, რითაც მომავალში დამოუკიდებელმა ექსპერტებმა უნდა იხელმძღვანელონ. თუმცა:
„სამწუხაროდ, კვლავ გამოწვევად და შესასრულებელ ამოცანად რჩება ექსპერტების შერჩევა პროფესიონალიზმისა და მიუკერძოებლობის პრინციპით, დაფინანსების სანდო წყაროს მოძიება და შეფასების ამ პროცესისადმი მხარეებისა და ფართო საზოგადოებისთვის ნდობის გარანტიების შექმნა“.
განცხადების თანახმადვე, ამჟამად „კვალიფიციური და მიუკერძოებელი შეფასებების შესასრულებლად ერთ-ერთ პრეტნედენტად განიხილება სფეროში უდიდესი გამოცდილებისა და რეპუტაციის მქონე ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული ინსტიტუცია ჩვენი მეგობარი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოდან“.
განცხადების თანახმად, პროცესში აღნიშნული ორგანიზაციის ჩართულობა სრულად მისაღებია როგორც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის, ისე თავად ენერგოგაერთიანებისთვისაც. თუმცა მთავრობას აქვს მცდელობა, რომ მიმდინარე მოლაპარაკებიბიდან და, შესაბამისად, მომავალში დოკუმენტების რევიზიის პროცესიდან გამოირიცხოს ეს ერთ-ერთი ყველაზე სანდო და კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაცია.
განცხადებაში ეს ორგანიზაცია დაზუსტებული არ არის, თუმცა ნამახვანჰესის გარშემო პარლამენტში ერთ-ერთი განხილვაზე ორგანიზაციების მხრიდან დასახელებული იყო ნიდერლანდების გარემოზე ზემოქმედების კომისია (NCEA- Netherlands Commission on Environmental Assessment). ამაზე პასუხად მინისტრმა თურნავამ მაშინ განაცხადა, რომ ეს ორგანიზაცია „ბაქო-ჯეიჰანს [ნავთობსადენს] ეწინააღმდეგებოდა“, ამიტომ არ იცის, „რამდენად გამოგვადგება“
30 ივლისს სამოქალაქო ორგანიზაციების გავრცელებული განცხადების თანახმად, ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ „აღნიშნული მოლაპარაკებების ფარგლებში სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან ასეთი მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციის ერთპიროვნულად და დაუსაბუთებლად “გამორიცხვა” პროცესისადმი საზოგადოების ნდობას ასუსტებს და მხარეებს უთანასწორო პირობებში აყენებს. შესაბამისად, აუცილებელია, მთავრობის წარმომადგენლებმა უახლოეს მომავალში საჯაროდ წარმოადგინონ არგუმენტები, თუ რატომაა ამ ევროპული ორგანიზაციის ჩართვა პროცესში მათთვის მიუღებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში საფრთხე ექმნება ექსპერტთა შერჩევის მომდევნო პროცესს, მის ვალიდურობასა და გამჭვირვალობასაც“.
ამასთან, განცხადების თანახმად, მოლაპარალებების პროცესში ორგანიზაციების პრინციპული პოზიციაა, რომ „დამოუკიდებელი შეფასების პროცესის დასრულებამდე კომპანიამ შეაჩეროს ხეობაში მიმდინარე სამუშაოები, რათა არ დავუშვათ ხეობის ბუნებრივი და სოცუალური გარემოს შეუქცევადი და გამოუსწორებელი დაზიანება“.
„ჩვენთვის სასიხარულოა, რომ რიონის ხეობაში ამჟამად სიტუაცია სტაბილიზებულია, თუმცა საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მთავრობის მხრიდან 12 ივნისს ნატახტარში გამართულ შეხვედრაზე, შეთანხმებულ სხვა საკითხებთან ერთად, მთავრობას ჯეროვნად და სრულყოფილად არ შეუსრულებია მედიაციის არცერთი წინაპირობა.
რამდენიმეკვირიანმა მოლაპარაკებებმა ცხადყო, რომ დროებით ღონისძიებად ჰესის მშენებლობის შეჩერება და მშენებლობის პროცესით გამოწვეული საფრთხეებისა თუ რისკების აღმოფხვრა მთავრობის ინტერესში არ შედის, რაც რიონის ხეობაში სიტუაციის მოულოდნელი ესკალაციის საშიშრობას არ ამცირებს.
ეს საკითხი განსაკუთრებულ კრიტიკულობას იძენს იმის გამო, რომ კომპანია “ენკამ”უარი განაცხადა მოლაპარაკებებში ჩართვაზე. სანაცვლოდ, კომპანია საჯარო განცხადებებში ამბობს, რომ ხეობაში მშენებლობა არ ჩერდება და ეს საკითხი არც კი განიხილება.
რეგიონში სტაბილურობის შესაქმნელად კრიტიკულად მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ მთავრობამ არ შეასრულა რიონის ხეობაში შეუფერხებელი და თავისუფალი გადაადგილების აღდგენის ვალდებულება, რომელიც მას მოლაპარაკებების შედეგად ჰქონდა აღებული. ნაცვლად ამისა, პოლიციამ მხოლოდ სოფელ გუმათში უკანონოდ აღმართული რკინის ბარიერი მოხსნა“, – აცხადებენ ორგანიზაციები.
რას ამბობს მთავრობა
ამ განცხადებას წინ უძღოდა მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკა მედიაციის პროცესში როგორც სამოქალაქო ორგანიზაციების, ისე „რიონის ხეობის მცველების“ მისამართით.
კერძოდ, 24 ივლისს ერთ-ერთ მედიასაშუალებაში ეკონომიკის სამინისტროს დაკვეთით გამოქვეყნდა ინტერვიუ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილთან, სადაც მედიაციის პროცესში „რიონის ხეობის მცველებს“ და ორგანიზაციების აკრიტიკებს.
თვალაბეიშვილი ამბობს, რომ მართალია, პირველი შეხვედრის შედეგები იმედის მომცემი იყო, რადგან გარკვეული საკითხები შეთანხმდა, მთავრობა ვალდებულებას ასრულებს, მეორე მხარე კი არა.
„მთავრობამ შეასრულა პირობა და შეთანხმებიდან რამდენიმე დღეში აიღო ჯებირები გუმათში.
ამასთან, მთავრობამ პროექტის მოწინააღმდეგეებს შესთავაზა 13 ალტერნატიული ტერიტორია სოფელ ნამოხვანში, სადაც ისინი შეძლებდნენ გადანაცვლებას, გაშლიდნენ კარავს და აწარმოებდნენ მშვიდობიან პროტესტს იმგვარად, რომ ეს ხელს არ შეუშლიდა გზაზე გადაადგილებას.
მას შემდეგ, რაც რიონის ხეობის დამცველები გადავიდოდნენ გუმათიდან მათ მიერ არჩეულ ტერიტორიაზე ნამახვანში, პოლიცია მთლიანად გახსნიდა გზას გუმათში იმ პირობით, რომ პროტესტის მონაწილეებისგან იქნებოდა მიღებული გარანტია, რომ ისინი უკანონოდ არ მოახდენდნენ ხეობის ბლოკირებას და იმოქმედებდნენ კანონის ფარგლებში“.
თვალაბეიშვლის თანახმად, „მიუხედავად მთავრობის მიერ დეესკალაციის მიზნით გადადგმული ზემოაღნიშნული ნაბიჯებისა, რიონის ხეობაში არსებულმა საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, უარი თქვეს, გადასულიყვნენ შეთავაზებული ცამეტი ლოკაციიდან რომელიმეზე, უარი თქვეს, დაედოთ პირობა სამშენებლო სამუშაოების ხელის არშეშლაზე და ამის ნაცვლად, მათ გააგრძელეს გუმათში გზის ბლოკირება კომპანია ენკასთვის“.
რას ამბობენ რიონის ხეობის მცველები?
თვალაბეიშვილის ამ განცხადების შემდეგ, 27 ივლისს, „რიონის ხეობის მცველების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა მოძრაობის ფეისბუკის გვერდზე ჩართვაში განაცხადა:
„შეინიშნება დაბრალება, რომ არ შევასრულეთ გარკვეული პირობები, და თითქოს ჩვენ იმით ვართ დაინტერესებული, რომ რუსეთზე დამოკიდებულები ვიყოთ“,
გოლეთიანმა განაცხადა, რომ მათი დაყენებული პირობები პრაქტიკულად არ შეასრულა მთავრობამ:
„თუ არ ჩავთლით იმას, რომ [გუმათჰესთან] ბარიკადი ვიზუალურად აღარ დევს, რაც გაღიზიანებას იწვევდა, თუმცა შინაარსობრივი ცვლილება ამას არ მოჰყოლია, გადაადგილება კვლავ გვაქვს შეზღუდული“.
გოლეთიანის თანახმად, მათი მოთხოვნა იყო, პროტესტის თავდაპირველ ადგილს დაბრუნებოდნენ, რაზეც უარი თქვა კომპანიამ, რადგან აღნიშნული ტერიტორია მისი საკუთრება იყო, რის შემდეგაც, მედიაციის პირობების თანახმად, ალტერნატიული ადგილი უნდა გამოყოფილიყო.
გოლეთიანის თქმით, მართალია, მთავრობამ მათ 13 ალტერნატიული ადგილი შესთავაზა, თუმცა „უმრავლეს მათგანზე არ იჭერდა ტელეფონი, ისეთი ადგილი იყო ფიზიკურად, სადაც კარავს ვერ დადგამდი, – ციცაბო კლდეები იყო, ვერც დავდგებოდით“.
ბოლოს, „რიონის ხეობის მცველების“ ლიდერის თქმით, აღმოჩნდა ერთი ნაკვეთი, რომელიც პროტესის თავდაპირველი ადგილის მოპირდაპირედ მდებარეობდა, პირდაპირ სამშენებლო მოედანზე, „რომელზეც შეიძლებოდა გადასვლა“ .
თუმცა, გოლეთიანის თქმითვე, ამ წუთას აღნიშნული ტერიტორია „ენკას“ ბალანსზე არ აისახება იუსტიციის სახლში და „ხელისუფლებას ჰქონდა შესაძლებლობა, შემოეთავაზებინა, თუმცა განგვისაზღვრეს ვადა 4-დან 6 თვემდე“.
„მათ კარგად იციან, რომ ამ დროის შემდეგ ენკა გახდება ამ მიწის მფლობელი და ის, რომ შემოგვთავაზონ განუსაზღვრელი ვადით, ან ჩვენ ავიღოთ იჯარით, არც განიხილებოდა“, – განაცხადა გოლეთიანმა.