ფრაქცია “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფმა” დაარეგისტრირა დროებითი საგამოძიებო კომისიის პროექტი, რომელიც შეისწავლის და გამოიძიებს 5-6 ივლისს თბილისში განვითრებულ მოვლენებს.
“სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოკვლევისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით, იქმნება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, რომლის უფლებამოსილების ვადად განსაზღვრულია 3 თვე.
დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანს წარმოადგენს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხი, რომელიც ზიანს აყენებს ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებასა და ეროვნულ ინტერესებს. საგამოძიებო კომისიის შექმნას სჭირდება 50 ხმა”, – ნათქვამია რესპუბლიკური პარტიის განცხადებაშიც, რომელიც წარმოდგენილია ფრაქციაში “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი”.
5 ივლისს თბილისში”ღირსების მარშის” საწინააღმდეგოდ მიმდინარე კონტრაქციის მონაწილეები თავს დაესხნენ ჟურნალისტებსა და ცალკეული ორგანიზაციების ოფისებს, რა დროსაც ფიზიკურად დაშავდნენ მოქალაქეები.
6 ივლისს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის პარალელურად გამართული კონტრაქციის მონაწილეები შეკრებილ მოქალაქეებს ესროდნენ ასაფეთქებელ საშუალებებსა წყლის ბოთლებს. მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც კონტრაქციის მონაწილეებმა დაიკავეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, ჩამოხსნეს ევროკავშირის დროშა.