ახალი ამბები

ოპოზიციურმა ფრაქციებმა ნატოში გაწევრიანებაზე მემორანდუმი გააფორმეს

1 ივლისი, 2021 • 1173
ოპოზიციურმა ფრაქციებმა ნატოში გაწევრიანებაზე მემორანდუმი გააფორმეს

პარლამენტში ოპოზიციურმა ფრაქციებმა – “ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის” და „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფმა” – ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ფრაქციათაშორის საპარლამენტო მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის ხელმომწერები საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ორი ქვეყნის გაწევრიანება ნატოში მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონში მოკავშირეთა უსაფრთხოებისათვის. მათი თქმით, მათ რწმენას ამყარებს პრაქტიკაც, რომ ნატო გაფართოებისას პრიორიტეტს რეგიონულ დინამიკას ანიჭებს.

როგორც მემორანდუმზე ხელმომწერები აცხადებენ, აუცილებელია, შეიქმნას მიზნობრივი საერთაშორისო საპარლამენტო პლატფორმა, რათა ერთობლივი ძალისხმევა მიმართული იყოს ნატოში წევრობისკენ.

მათივე თქმით, პროცესი ღია და გახსნილი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისათვის.

მიზნის მისაღწევად მემორანდუმზე ხელმომწერები შემდეგი ღონისძიებებს გეგმავენ:

  • საპარლამენტო დონეზე შევიმუშაოთ ერთობლივი სამოქმედო გეგმა. სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით ვაწარმოებთ აქტიურ კომუნიკაციას, როგორც მეგობარ ქვეყნებთან, ასევე შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან. პროცესში ჩასართავად მოვიწვევთ ქართველ და უკრაინელ დეპუტატებს, ისევე როგორც ნატოს ასპირანტი და წევრი ქვეყნების არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს.
  • ინიციატივის ფარგლებში ჩვენ დავიწყებთ საერთო ეროვნულ განხილვებს, რათა ყველას მიეცეს პროცესში ჩართულობის შესაძლებლობა. პერიოდულად ფრაქციათაშორის სამუშაო ფორმატში ფართო საზოგადოების ჩართულობით განვიხილავთ პროგრესს ნატოში გაწევრიანების გზაზე.
  • განვახორციელებთ საპარლამენტო ზედამხედველობას აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს, ნატოს სტანდარტების შესრულება ჩვენი ქვეყნების დემოკრატიული განვითარების, კანონის უზენაესობისა და თავდაცვის სფეროში ნატოსთან თავსებადობის ხარისხის ასამაღლებლად.
  • ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი მუდმივად იყოს ნატოს მაღალი ოფიციალური შეხვედრების დღის წესრიგში.

მასალების გადაბეჭდვის წესი