ახალი ამბები

კედლის მხატვრობები ქართული თემატიკით: აღმოჩენა სასტუმრო “ლონდონის” სადარბაზოში

20 ივლისი, 2021 • 3919
კედლის მხატვრობები ქართული თემატიკით: აღმოჩენა სასტუმრო “ლონდონის” სადარბაზოში

თბილისში, ყოფილი სასტუმრო “ლონდონის” შენობის სადარბაზოს რესტავრაციის პროცესში კედლის უნიკალური მხატვრობები აღმოაჩინეს. როგორც სარესტავრაციო ჯგუფის ხელმძღვანელი “ნეტგაზეთთან” საუბრისას განმარტავს, XIX საუკუნის მხატვრობებში ქართული თემატიკა იკითხება, რაც იმ პერიოდის სადარბაზოებისთვის ნაკლებად არის დამახასიათებელი.

სასტუმრო “ლონდონის” სადარბაზოს სრული რესტავრაცია პროექტ “ახალი ტფილისის” ფარგლებში მიმდინარეობს, რომელსაც “თბილისის განვითარების ფონდი” 2015 წლიდან ახორციელებს. უწყების განცხადებით, პროექტის ერთ-ერთი მიზანი სწორედ ისტორიული სადარბაზოების შეძლებისდაგვარად აღდგენაა.

სასტუმრო “ლონდონის” კედლის მხატვრობის რესტავრაცია აბარია ჯგუფს, რომელსაც რესტავრატორი ლელა ნინოშვილი ხელმძღვანელობს. მისი თქმით, ჯგუფი ელოდა, რომ მუშაობის პროცესში საბჭოთა კავშირის პერიოდში დაფარული მხატვრობები გამოჩნდებოდა, თუმცა მოულოდნელი აღმოჩნდა შინაარსი, რომელსაც სულ რამდენიმე დღის წინ აღმოჩენილი მასალა ატარებს.

სასტუმრო "ლონდონის" შენობაში აღმოჩენილი მხატვრობა. ფოტო: ცირა ელისაშვილი სასტუმრო "ლონდონის" შენობაში აღმოჩენილი მხატვრობა. ფოტო: ცირა ელისაშვილი

“ველოდებოდით უფრო დეკორატიულ მხატვრობას, იმიტომ, რომ თვითონ სადარბაზოს ცენტრალური სივრცე უფრო დეკორატიული მხატვრობით არის მორთული, როგორც დამახასიათებელია იმ პერიოდისთვის, რა პერიოდშიც ეს შენობა აიგო.

მაგრამ ახლა გამოვლენილი მხატვრობა თავისი კომპოზიციური გადაწყვეტით და თემატიკით ნამდვილად უნიკალური და განსხვავებულია სხვა სადარბაზოებისგან, რადგან აქ გამოსახულია პეიზაჟები ქართულ თემატიკაზე. ეს კი ძალიან უცხოა მეცხრამეტე საუკუნის სადარბაზოებისთვის.

როგორც წესი, ქართულ თემატიკაზე შესრულებული მხატვრობები ნაკლებად არის და შეიძლება, სულ თითზე ჩამოსათვლელი იყოს. მხოლოდ წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მდებარე სადარბაზო მახსენდება ამ კუთხით. დანარჩენი მხატვრობები უფრო მხატვრულ დეკორატიულია”, — აღნიშნავს ნინოშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

კედლის მხატვრობის სარესტავრაციო ჯგუფი, რომელიც სასტუმრო "ლონდონის" შენობის სადარბაზოში მუშაობს. ფოტო: ცირა ელისაშვილი

მისი თქმით, მხატვრობები ნაწილობრივ უკვე გაწმენდილია, თუმცა პროცესი დიდ დროს მოითხოვს და ჯერ დასრულებული არ არის.

“…თუმცა კომპოზიციების დიდი ნაწილი უკვე აღქმადია”, — დასძენს ხსენებული სარესტავრაციო ჯგუფის ხელმძღვანელი.

რას წარმოადგენს სასტუმრო “ლონდონის” შენობა?

შენობა თბილისის ისტორიულ ნაწილში მდებარეობს და ორ მისამართს მოიცავს: ათონელის ქ. N31 და ხიდის ქ. N2. “თბილისის განვითარების ფონდის” თანახმად:

“თბილისის 1867 წლის გეგმაზე [აღნიშნული] ტერიტორია გაუშენებელი ჩანს. დაახლოებით ამ დროს ის ალექსანდრე იაკობის ძე ზუბალაშვილმა შეიძინა და მასზე სასტუმროს აგება გადაწყვიტა. შენობის პროექტი არქიტექტორმა ოტო სიმონსონმა შეადგინა.შენობის მშენებლობა 1875 წელს დასრულდა.

ცოტა ხნის შემდეგ შენობა ალექსანდრე ზუბალაშვილის ძმის – ცნობილი კომერსანტისა და მეცენატის, კონსტანტინეს საკუთრებაში გადავიდა, ხოლო 1901 წელს, კონსტანტინეს გარდაცვალების შემდეგ, მემკვიდრეობით ერგო მის მესამე ვაჟს, პეტრეს. მშენებლობის დამთავრებისთანავე, 1875 წელს აქ გაიხსნა სასტუმრო ,,ლონდონი“, რომელიც ჩვეულებრივ მოიხსენიებოდა ფრანგული სახელწოდებით “Hôtel de Londres”. ის წლების მანძილზე თბილისის საუკეთესო სასტუმრო იყო და ცოცხალი კვალი დატოვა ქალაქის ისტორიაში.

ეს ფაქტორი დიდწილად განსაზღვრავს შენობის ისტორიულ მნიშვნელობას და ღირებულებას. გზამკვლევები ,,ლონდონს’’ ერთხმად ასახელებდნენ ქალაქის ყველაზე კარგ სასტუმროთა შორის, ხოლო ბევრი სტუმარი საუკეთესოდაც თვლიდა – არამხოლოდ თბილისში და კავკასიაში, არამედ მთელ რუსეთის იმპერიაშიც”.

სასტუმრო "ლონდონის" შენობა

როგორც ამავე გზამკვლევშია აღნიშნული, 1880-90 წლებში სასტუმროში მრავალი შეძლებული უცხოელი ჩერდებოდა. ამასთან, ეს იყო თბილისის ერთ-ერთი პირველი შენობა, რომელშიც ელექტროგანათება მოეწყო:

“1913 წელს სასტუმროს ჰქონდა ავტოგარაჟი. მოგზაურები ახსენებდნენ სასტუმროს სამკითხველოს, რომელშიც შესაძლებელი იყო ევროპული პრესის გაცნობა. ,,ლონდონის’’ გამორჩეული ღირსება იყო აგრეთვე ევროპულ ენებზე მოლაპარაკე პერსონალი.

1913 წლის სარეკლამო განცხადებით, აქ შეეძლოთ სტუმრებთან საუბარი ფრანგულად, გერმანულად და ინგლისურად. პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, 1914 წლის დეკემბერში პეტრე ზუბალაშვილმა მისი შენობა ხელისუფლებას დაუთმო სამხედრო ლაზარეთად და აღჭურვილობისათვის, 20 000 მანეთიც მისცა.

ომის დასრულების შემდეგ ,,ლონდონი’’ აღარ აღუდგენიათ. 1925 წელს ყოფილი სასტუმრო გლეხთა ცენტრალურ სახლად აქციეს, 1950 წელს კი სახლი ლიკვიდირებული იქნა და შენობა ერთხანს მილიციის სამმართველომ დაიკავა. დაახლოებით 1960 წელს ის საცხოვრებელ სახლად გადაკეთდა”.

უწყება შენობის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობად გამოარჩევს სწორედ მის სადარბაზოსა და კიბის უჯრედს, რომლებიც “არსებითი გადაკეთების გარეშე შემორჩა, “თუმცა მოუვლელობისა და უდიერი მოპყრობისგან ბევრგან დაზიანებულია”:

“მხატვარ-დეკორატორების არტელს, რომელმაც ეს სივრცე გააფორმა, გულმოდგინედ უმუშავია – დეკორატიული ფერწერა ფარავს არა მხოლოდ კედლებსა და პლაფონებს, არამედ კიბის მარშებს და ზურგებსაც.

კიბის უჯრედის გაფორმებაში ჩართულია ფერწერული პანოებიც. ამათგან სამი ზედ კედელზეა დახატული, ერთი – ყველაზე დიდი- მუყაოზე და ჩადგმულია მოჩარჩოებულ მართკუთხა ნიშაში პირველი სართულის კიბესთან, დეკორატიული გაფორმება ჰქონდა სასტუმროს ნომრებსაც”.

ათონელის 31-ში სარესტავრაციო სამუშაოები 2020 წლის ბოლოს დაიწყო და გეგმის თანახმად, 2021 წლის ნოემბერში უნდა დასრულდეს. პროექტის ღირებულება 439,840 ლარს შეადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი