“2012 წლამდე სასამართლო იყო ჩვეულებრივი პროკურატურის დანაყოფი. მე, სამწუხაროდ, და ძალიან მიკვირს, არ მომისმენია არასდროს არც ამერიკის და არც ევროპის კრიტიკული შენიშვნა იმდროინდელი სასამართლოს მიმართ”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 18 ივლისს.
ამ განცხადებას წინ უძღოდა ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების, მათ შორის, აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის მწვავე კრიტიკა უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის შესახებ.
„ამერიკის შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა დანიშვნით, რაც ეწინააღმდეგება 19 აპრილის შეთანხმებას. ამბიციური სასამართლო რეფორმა საქართველოს წარმატებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, – ეს არის სახელმწიფო მდივნად დანიშვნის შემდეგ ენტონი ბლინკენის პირველი “ტვიტი” საქართველოზე.
12 ივლისს საქართველოს პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშნა 6 მოსამართლე: რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუა, ლაშა ქოჩიაშვილი, ლევან თევზაძე, გიორგი გოგიაშვილი და გოჩა აბუსერიძე.
პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატთან გასაუბრება 6 ივლისიდან დაიწყო. სამოქალაქო სექტორი და დიპლომატები საქართველოს პარლამენტს მოუწოდებდნენ, არ აერჩია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული მართლმსაჯულების რეფორმის გატარებამდე.
19 აპრილის შეთანხმების თანახმად, “უზენაეს სასამართლოში ყველა მიმდინარე დანიშვნა უნდა შეჩერდეს და ხელახლა დაიწყოს განცხადებების მიღება ახალ კანდიდატებთან დაკავშირებითაც მას შემდეგ, რაც ახალი კანონი ძალაში შევა”. თუმცა “ქართულმა ოცნებამ” განაცხადა, რომ შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებული პირობა დოკუმენტის ხელმოწერამდე შეასრულა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესი არ შეაჩერა.
საქართველოში ვიზიტით მყოფმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დღეს დაადასტურა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ნაჩქარევი დანიშვნები არ ასახავდა მისი შუამავლობით მიღწეული შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებას და ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს. ამასთან, შარლ მიშელმა ხაზი გაუსვა, რომ სასამართლო რეფორმა 19 აპრილის შეთანხმების ერთ-ერთი ძირითადი ნაწილია და საქართველოსთვის ევროკავშირის 60-მილიონიანი მაკროფინანსური დახმარების გადმორიცხვის წინაპირობას წარმოადგენს.
ის, რომ აშშ და ევროპა არ აკრიტიკებდნენ ენმ-ის დროინდელ სასამართლოს, სიმართლეს არ შეესაბამება.
“ნეტგაზეთი” გთავაზობთ ამონარიდებს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიშებიდან და ევროპელი მაღალჩინოსნების განცხადებებიდან, რომლებიც აკრიტიკებენ სასამართლო სისტემას “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს:
- ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის 2008 წლის ანგარიშში სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით ნათქვამია : “კვლავ ვრცელდება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება ისევ განაგრძობს ზეწოლას სასამართლო ხელისუფლებაზე”. დოკუმენტში ტრადიციულად მოყვანილია არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სასამართლო ხელისუფლება ”პროკურორების ნოტარიუსად გადაიქცა”, ხოლო აღმასრულებელი ხელისუფლება ”გადაჭარბებულ გავლენას” ფლობს სასამართლოზე.
- “საზოგადოების დიდი ნაწილი სასამართლო სისტემას ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებულ ინსტიტუტად განიხილავს”, — ვკითხულობთ სახელმწიფო დეპარტამენტის 2009 წლის ანგარიშში.
- აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2011 წლის ანგარიშთან დაკავშირებით შეერთებული შტატების მაშინდელი ელჩი ჯონ ბასი ვიდეომიმართვაში ამბობს: “საქართველოში კვლავ იწვევს წუხილს ის ინფორმაცია, რომელსაც ვიღებთ პატიმრებისა და დაკავებულების მიმართ ცუდი მოპყრობის და სტანდარტების სახიფათოდ შეუსაბამო პირობების შესახებ ზოგიერთ ციხეში. კვლავ რჩება ნაკლოვანებები კანონის უზენაესობის სფეროში, მათ შორის, აღინიშნება წუხილი სასამართლო ხელისუფლების მიერ თანასწორობის პრინციპის საფუძველზე სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვასთან დაკავშირებით”.
სასამართლო სისტემა გაკრიტიკებულია ევროკავშირიც ანგარიშებშიც:
- ევროკომისიის 2012 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც 2011 წლის მოვლენებს მოიცავს, ნათქვამია, რომ “საქართველოში სახელმწიფო მმართველობა კვლავაც გამოირჩევა აღმასრულებელი ხელისუფლების დომინანტური პოზიციით, სუსტი საპარლამენტო კონტროლით და სასამართლო ხელისუფლების არასაკმარისი დამოუკიდებლობით. მიუხედავად სასამართლო სფეროში რამდენიმე მიმართულებით მიღწეული აშკარა პროგრესისა, ზოგიერთი პრობლემა კვლავ რჩება, კერძოდ, სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფა… მთავარი პრობლემა უკავშირდება პროკურორის ძლიერ პოზიციას და სასამართლოს დამოუკიდებლობის ნაკლებობას“.
- 2011 წელს, კონფერნციაზე “საქართველოს ევროპული გზა” სიტყვით გამოსვლისას, ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულემ სასამართლოს დამოუკდიებლობის მიმართულებით გასატარებელ რეფორმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ: “დაუშვებელია სასამართლო სისტემაზე პოლიტიკური ზეგავლენის მოხდენა და ეს ის არის, რასაც ევროკავშირი ზედმიწევნით აკვირდება“.
- აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 2009 წელს საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა: „ვარდების რევოლუცია მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ხელისუფლება იქნება გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და მთლიანად მონაწილეობითი… როდესაც სასამართლოები თავისუფალი იქნება გარე ზემოქმედებისგან, კანონის უზენაესობა მტკიცედ დამყარდება და ძალაუფლების გადაცემა მოხდება მშვიდობიანი, კონსტიტუციური და დემოკრატიული პროცესების გზით და არა — ქუჩაში“.
ოფიციალური სტრუქტურების გარდა, სამართლო სისტემა მუდმივი კრიტიკის ქვეშ ექცეოდა ადამიანის უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებში. Freedom House წერდა, რომ „სასამართლო პროცესის ბედს არა სასამართლო სისტემა, არამედ აღმასრულებელი ხელისუფლება წყვეტდა და შინაგან საქმეთა სამინისტრო თავად არის კანონი, რომელიც არავის მიმართ არის ანგარიშვალდებული”.
გამამართლებელი განაჩენების დაბალი მაჩვენებელი და სამართლიანი სასამართლოს უფლების არქონა იყო ერთ-ერთი საკითხი, რაზეც დასავლეთიდან საქართველოს ყველაზე ხშირად აკრიტიკებდნენ.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს დაუყოვნებელი გამოხმაურება მოჰყვა აშშ-ში. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას სიყალბე უწოდა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა. ფაქტების შეთხზვაზე მიუთითა შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა საქართველოში იან კელიმ.
„გადახედეთ ადამიანის უფლებათა ანგარიშს – ყოველთვის იყო კრიტიკა ნაციონალური მოძრაობის ეპოქის სასამართლო სისტემის მიმართ. მაგალითისათვის 2011 წელი: ”ცრუ, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებები”, ”მთავრობის ოფიციალური პირების მიერ პატიმრებისადმი ცუდად მოპყრობა“, ”სასამართლოს წარმომადგენლები განაგრძობდნენ მოქმედებას მმართველი პარტიის სასარგებლოდ”, – დაწერა იან კელიმ “ტვიტერზე”.
მისი თქმით, ეს სააკაშვილის მთავრობის დროინდელი სასამართლო სისტემის კრიტიკის მხოლოდ ნაწილია და ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს სიმართლე.
“ჩვენ, ამერიკელებმა ვიცით ლიდერის საფრთხე, რომელიც ქმნის საკუთარ ფაქტებს, სიმართლისთვის თვალის გასწორების ნაცვლად”, – აცხადებს ყოფილი ელჩი.
“იყო ღამე, გახდა დღე”
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, “ქართული ოცნების” ხელისუფლება არ არის უშეცდომო სასამართლოს მიმართულებით, თუმცა 8 წელიწადში ბევრი რამ გაკეთდა და სისტემის გაუმჯობესება გრძელდება.
“იყო ღამე, გახდა დღე, ნათელი. ჩვენ სასამართლოს დამოუკიდებლობის და გამჭვირვალობის კუთხით ვუსწრებთ ევროკავშირის ძალიან ბევრ ქვეყანას. სანდოობის მხრივ, ჩვენი მოქალაქეების მხრიდან სასამართლოს მიმართ ვართ მოწინავე რიგებში ევროკავშირის მასშტაბით”, — განაცხადა მან.
იუსტიციის საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი აღნიშნავს, რომ წლების განმავლობაში სასამართლო სისტემის “კლანური” ბირთვი არ შეცვლილა და არც სასამართლო გამხდარა დამოუკიდებელი.
“სასამართლოში წლების განმავლობაში იყო პრობლემები. მეტ-ნაკლებად რეფრომები ხორციელდებოდა, თუმცა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა რომ არ ყოფილიყო, ის რეფორმებიც არ განხორციელდებოდა, რაც კეთდებოდა. როდესაც პრემიერი ამბობს, რომ იყო ღამე და გახდა დღე, მე ვიტყოდი, ეს, ალბათ, ისევ ჩინჩალაძის კლანისთვის, რადგან 2012 წლამდე ისინი იყვნენ მონებივით — ასრულებდნენ დავალებებს და არავინ არაფერს ეკითხებოდა. დღეს ისინი, გარდა იმისა, რომ დავალებებს ასრულებენ, ამავდროულად, აქვთ ძალიან სერიოზული გარანტიები და შეუძლიათ, პირობები წამოუყენონ ხელისუფლებას. ადრე ეს არ ხდებოდა — მურუსიძე და ჩინჩალაძე პირობებს ვერ უყენებდნენ აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას. 2012 წლის შემდეგ ისინი გაძლიერდნენ, უვადოდ დაინიშნენ, ასე რომ, კლანისთვის იყო ღამე და გახდა დღე”, — განუცხადა “ნეტგაზეთს” ნაზი ჯანეზაშვილმა.
ჯანეზაშვილის თქმით, პრემიერს, როგორც ჩანს, თავად არ აინტერესებდა ადამიანის უფლებების და სასამართლოს მდგომარეობა წინა ხელისუფლების დროს, თუ არ აქვს ამ თემებზე საერთაშორისო კრიტიკა მოსმენილი.
“დღეს შეიძლება რაღაცები უფრო მწვავედ იდგეს, თუმცა ამ სიმწვავეს განაპირობებს ის, რომ ეს მოსამართლეები უვადოდ დაინიშნენ და თითო უვადოდ დანიშნული ადამიანის დამატებაზე იმედი ქრება და ქრება. ირაკლი შენგელია ან ნადარაია ან მაშინ რა სტანდარტით აირჩიეს, არ ვიცი, მაგრამ კარგი — 15 წლის წინ რომ აირჩიეს, კიდევ სხვა ვითარება იყო. წლები გადის, სტანდარტი იზრდება, მაგრამ თვითონ ეს ხალხი არ ვითარდება. დასავლეთიდან ჩარევაზე რომ საუბრობენ, საბჭოში დაუჯდა ვინმე და უთხრათ, ნადარია აირჩიეთ ან ვინმე სხვაო? თუ რამეს გვირჩევენ, რეფრომა როგორ სჯობს და საუკეთესო გამოცდილებას გვიზიარებენ, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. ჩვენ არ უნდა გვინდოდეს რეფორმების გატარება? სამართლიანი სასამართლო, პირველ რიგში, ქართველ ხალხს სჭირდება”, — დასძენს ნაზი ჯანეზაშვილი.
ამავე თემაზე
https://batumelebi.netgazeti.ge/news/356134/