ახალი ამბები

იან კელი ღარიბაშვილზე: “ამერიკელებმა ვიცით ლიდერის საფრთხე, რომელიც ქმნის საკუთარ ფაქტებს”

18 ივლისი, 2021 •
იან კელი ღარიბაშვილზე: “ამერიკელებმა ვიცით ლიდერის საფრთხე, რომელიც ქმნის საკუთარ ფაქტებს”

ამერიკის ყოფილი ელჩის საქართველოში, იან კელის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვები, რომ მას არასდროს მოუსმენია ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატებისგან სააკაშვილის მთავრობის დროინდელი სასამართლო სისტემის კრიტიკა, არის ტყუილი.

“გადახედეთ ადამიანის უფლებათა ანგარიშს – ყოველთვის იყო კრიტიკა ნაციონალური მოძრაობის ეპოქის სასამართლო სისტემის მიმართ. მაგალითისათვის 2011 წელი: ”ცრუ, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებები”, ”მთავრობის ოფიციალური პირების მიერ პატიმრებისადმი ცუდად მოპყრობა“, ”სასამართლოს წარმომადგენლები განაგრძობდნენ მოქმედებას მმართველი პარტიის სასარგებლოდ”, – წერს იან კელი საკუთარ ტვიტერის პოსტში.

კელის განცხადებით, ეს სააკაშვილის მთავრობის დროინდელი სასამართლო სისტემის კრიტიკის მხოლოდ ნაწილია და ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს სიმართლე.

“ჩვენ, ამერიკელებმა ვიცით ლიდერის საფრთხე, რომელიც ქმნის საკუთარ ფაქტებს, სიმართლისთვის თვალის გასწორების ნაცვლად”, – აცხადებს ყოფილი ელჩი.

“თქვენ გახსოვთ, რა ქვეყანაში ვცხოვრობდით: 2012 წლამდე სასამართლო იყო პროკურატურის ჩვეულებრივი დანაყოფი. სამწუხაროდ, მე არ მომისმენია არასოდეს არც აშშ-ის, არც ევროპის კრიტიკული შენიშვნა იმდროინდელ სასამართლოს მიმართ, რაც რა თქმა უნდა სამწუხაროა და არ არის სამართლიანი”, – განაცხადა მოსამართლეების დანიშვნის პროცესთან დაკავშირებით აშშ-ის მიერ გახმიანებული კრიტიკის კომენტირებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი