ახალი ამბები

პოლიციის შენობა 5 ივლისის აქციების კიდევ სამმა ლიდერმა დატოვა

16 ივლისი, 2021 • 858
პოლიციის შენობა 5 ივლისის აქციების კიდევ სამმა ლიდერმა დატოვა

პოლიციის შენობა დატოვეს 5 ივლისის ძალადობრივი აქციების ლიდერებმა: რამაზ გაგნიძემ, გურამ ფალავანდიშვილმა და კონსტანტინე მორგოშიამ.

ისინი პოლიციაში რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდნენ. გამოკითხვას წინ უსწრებდა ჩხრეკა მათ სახლებში.

გურამ ფალავანდიშვილმა პოლიციის მთავარი სამმართველო დატოვა. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მისი სახლის ჩხრეკისას პოლიციას კანონსაწინააღმდეგო არაფერი ამოუღია, დაინტერესდნენ მხოლოდ ტელეფონებით და 5 ივლისის შეკრებისკენ მოწოდებებით. ფალავანდიშვილი ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების მოქმედებებზე პასუხისმგებლობას კვლავ არ იღებს. მანამდე პოლიციის შენობა დატოვა გურამ ფალავანდიშვილის შვილმა, ალექსანდრე ფალავანდიშვილმაც.

“ქართული მისიის” დამფუძებელმა, რამაზ გაგნიძემ პოლიციის შენობა დატოვა. მისი თქმით, გამოძება ძალადობის ორგანიზების მიმართულებით მიმდინარეობს. გაგნიძის განცხადებით, გამოძების ფარგლებში პოლიციამ სხვადასხვა სახლის ჩხრეკისას დაკანონებული იარაღი, კომპიუტერები და ტელეფონები ამოიღო და ექსპერტიზებისთვის დაიტოვა. თუმცა, გაგნიძის თქმით, პოლიციას არ ამოუღია მიმოწერები. “კითხვები იყო, ვარ თუ არა ძალადობის მომხრე, ვუთხარი, რომ არა. შემეკითხნენ, თქვენი აზრით, რატომ მოხდა ფიზიკური ძალადობაო. ჩემი აზრით, ფიზიკური ძალადობა რატომ მოხდა, მაგას მნიშნელობა კი აქვს, მაგრამ მე ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგი ვარ-მეთქი. კიდევ რომელი ძალადობის წინააღმდეგი ხარო, მეკითებოდნენ. მე როგორც ფიზიკური, ასევე, ფსიქოლოგიური ძალადობის წინააღმდეგი ვარ”,- განაცხადა გაგნიძემ. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ გამოიკვეთება ძალადობის კვალი, “ალბათ დააკავებენ სხვებსაც”. გაგნიძის თქმით, მონაწილეობა არცერთ ძალადობრივ აქტში არ მიუღია და არ იცის, რატომ გაუჩნდა კითხვები მის მიმართ გამოძიებას.

ალტ-ინფოს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა კონსტანტინე მორგოშიამ კი განაცხადა, რომ  5 ივლისს მომხდარ ძალადობაზე პასუხისმგებლობას მედიას აკისრებს. როგორც ცნობილია, 5 ივლისს აქციის მონაიწლეებმა 50-ზე მეტი ჟურნალისტი სცემეს. მორგოშიას თქმით, სამართალდამცველების კითხვები შეეხებოდა “სირეცხვილიას” ოფისთან მისვლის მომენტსაც. როგორც ცნობილია, მომიტინგეთა ნაწილს “სირცხვილიას” ოფისთან მისვლისკენ სწორედ მორგოშიამ მოუწოდა.

ძალადობრივი და ჰომოფობიური აქციის ორგანიზატორის, “ალტ ინფოს” განცხადებით, ჯგუფის ყველა წევრი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ჯგუფის ფეისბუქ გვერდზე, პირდაპირ ეთერში განაცხადეს.

“ალტ ინფოს ყველა წევრი არის გადაყვანილი განყოფილებაში. ჩატარდა ყველა წევრის ბინის ჩხრეკა”, — აღნიშნა “ალტ ინფოს” წამყვანმა თათია გაბრიჭიძემ.

მისი ინფორმაციით, განყოფილებაში გადაყვანილნი არიან შოთა მარტინენკო, გიორგი ქარდავა, ზურა მახარაძე, ირაკლი ყიზილაშვილი და კოკა მორგოშია, რომელთა სახლებშიც ჩხრეკა დილით ჩატარდა.

“ალტ ინფოს” ერთ-ერთი დამფუძნებლის, ზურაბ მახარაძის სახლის ჩხრეკისა და პოლიციაში გადაყვანის ფაქტი “ნეტგაზეთს” მისმა მეუღლემ დაუდასტურა. ასევე მოხდა ძალადობრივი პროტესტის კიდევ ერთი ლიდერის, გურამ ფალავანდიშვილისა და მისი ვაჟის, ალექსანდრე ფალავანდიშვილის შემთხვევაში. ისინი ჟურნალისტების თვალწინ გამოიყვანეს სახლიდან და პოლიციაში წაიყვანეს. გამოკითხვაზე გადაიყვანეს “ქართული იდეის” ლიდერი ლევან ჩაჩუაც.

ჯამში, “ალტ ინფოს” თანახმად, განყოფილებაში 16 პირია გადაყვანილი.

“ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში უდასტურებენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის ჩხრეკა, მიმდინარეობს სხვადასხვა მისამართებზე, თუმცა ამ ეტაპზე უწყებაში სახელებსა და გვარებს, ჯერჯერობით, არ აკონკრეტებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი