ახალი ამბები

მამა-შვილი ფალავანდიშვილები პოლიციაში გადაიყვანეს

16 ივლისი, 2021 • 1420
მამა-შვილი ფალავანდიშვილები პოლიციაში გადაიყვანეს

ძალადობრივი და ჰომოფობიური აქციების ერთ-ერთი ლიდერი გურამ ფალავანდიშვილი, ასევე, მისი ვაჟი, ალექსანდრე ფალავანდიშვილი, პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. აღნიშნულს წინ უძღოდა ჩხრეკა მათ ბინაში.

“ჩვენს სახლში ვერანაირი კანონსაწინააღმდეგო ვერ ნახეს. ვერც ნივთი და ვერც ნივთიერება”, — თქვა გურამ ფალავანდიშვილმა და დაამატა, რომ თავად ის და მისი ვაჟი “ძალიან კანონმორჩილი” ხალხია, თუ ეს კანონები “არ ეწინააღმდეგება 10 მცნებას”.

“ახლა ჩვენ მივდივართ განყოფილებაში. როგორც მე ვიცი, არ გვაკავებენ, [მაგრამ] უნდათ ჩვენი დაკითხვა. ჩვენ დაკითხვაზე უარს ვაცხადებთ სასამართლოს და ადვოკატის [გარეშე]”, — თქვა მან.

მანამდე პოლიციაში გადაიყვნაეს ძალადობრივი და ჰომოფობიური “ალტ ინფოს” ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ მახარაძე. ფალავანდიშვილების მსგავსად, მისი სახლიც გაჩხრიკეს.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 5 ივლისის ძალადობრივი და ჰომოფობიური პროტესტის ლიდერების სახლებს ჩხრეკდნენ, თავდაპირველად ინფორმაცია “რუსთავი2”-მა 16 ივლისს, დილით გაავრცელა. ტელეარხის თანახმად, ჩხრეკა ჩატარდა კონსტანტინე მორგოშიას სახლშიც.

“ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში უდასტურებენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის ჩხრეკა, მიმდინარეობს სხვადასხვა მისამართებზე, თუმცა ამ ეტაპზე უწყებაში სახელებსა და გვარებს არ აკონკრეტებენ.

ზურაბ მახარაძე ბინის ჩხრეკის შემდეგ პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს

მასალების გადაბეჭდვის წესი