ახალი ამბები

“პირად მიმოწერას ამოწმებენ” – ალექსანდრე ფალავანდიშვილმა პოლიცია დატოვა

16 ივლისი, 2021 • 906
“პირად მიმოწერას ამოწმებენ” – ალექსანდრე ფალავანდიშვილმა პოლიცია დატოვა

გურამ ფალავანდიშვილის შვილმა, ალესანდრე ფალავანდიშილმა პოლიციის სამმართველო დატოვა, თუმცა, როგორც თავად განაცხადა, ეს საგამოძებო მოქმედებებს უკავშირდება.

ფალავანდიშვილს არ დაუკონკრეტებია, დაბრუნდება თუ არა სამმართველოში.

“ალბათ, გრძელდება გამოკითხვები. ჯერ არის ჩხრეკა, ნივთების და ასეთი რაღაცების. პირად მიმოწერას ამოწმებენ… საგამოძებო თემასთან დაკავშრებით რაღაც დეტალზე გავდივარ. სად მივდივარ, არ გეტყვით”, – უთხრა ჟურნალისტებს ფალავანდიშვილმა სამმართველოს დატოვების შემდეგ. რაც შეეხება გამოკითხვას, მისი თქმით, ისე მოიქცევა, როგორც გამოძიება ეტყვის.

ძალადობრივი და ჰომოფობიური აქციის ორგანიზატორი “ალტ ინფოს” განცხადებით, ჯგუფის ყველა წევრი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ჯგუფის ფეისბუქ გვერდზე, პირდაპირ ეთერში განაცხადეს.

“ალტ ინფოს ყველა წევრი არის გადაყვანილი განყოფილებაში. ჩატარდა ყველა წევრის ბინის ჩხრეკა”, — აღნიშნა “ალტ ინფოს” წამყვანმა თათია გაბრიჭიძემ.

მისი ინფორმაციით, განყოფილებაში გადაყვანილნი არიან შოთა მარტინენკო, გიორგი ქარდავა, ზურა მახარაძე, ირაკლი ყიზილაშვილი და კოკა მორგოშია, რომელთა სახლებშიც ჩხრეკა დილით ჩატარდა.

“ალტ ინფოს” ერთ-ერთი დამფუძნებლის, ზურაბ მახარაძის სახლის ჩხრეკისა და პოლიციაში გადაყვანის ფაქტი “ნეტგაზეთს” მისმა მეუღლემ დაუდასტურა. ასევე მოხდა ძალადობრივი პროტესტის კიდევ ერთი ლიდერის, გურამ ფალავანდიშვილისა და მისი ვაჟის, ალექსანდრე ფალავანდიშვილის შემთხვევაში. ისინი ჟურნალისტების თვალწინ გამოიყვანეს სახლიდან და პოლიციაში წაიყვანეს. გამოკითხვაზე გადაიყვანეს “ქართული იდეის” ლიდერი ლევან ჩაჩუაც.

ჯამში, “ალტ ინფოს” თანახმად, განყოფილებაში 16 პირია გადაყვანილი.

“ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში უდასტურებენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის ჩხრეკა, მიმდინარეობს სხვადასხვა მისამართებზე, თუმცა ამ ეტაპზე უწყებაში სახელებსა და გვარებს, ჯერჯერობით, არ აკონკრეტებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი