ახალი ამბები

“ქართული იდეის” ლიდერი ლევან ჩაჩუაც გამოკითხვაზეა

16 ივლისი, 2021 • 868
“ქართული იდეის” ლიდერი ლევან ჩაჩუაც გამოკითხვაზეა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზეა გადაყვანილი ანტილიბერალური ჯგუფის, “ქართული იდეის” ლიდერი ლევან ჩაჩუაც.

ინფორმაციას ამის შესახებ “ქართული იდეის” ფეისბუკ გვერდი ავრცელებს. მის გარდა, პოლიციაში გადაყვანილი არიან ძალადობრივი და ჰომოფობიური აქციების ლიდერები, “ალტ ინფოს” წევრები და გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილები.

“ალტ ინფოს ყველა წევრი არის გადაყვანილი განყოფილებაში. ჩატარდა ყველა წევრის ბინის ჩხრეკა”, — აღნიშნა “ალტ ინფოს” წამყვანმა თათია გაბრიჭიძემ.

მისი ინფორმაციით, განყოფილებაში გადაყვანილნი არიან შოთა მარტინენკო, გიორგი ქარდავა, ზურა მახარაძე, ირაკლი ყიზილაშვილი და კოკა მორგოშია, რომელთა სახლებშიც ჩხრეკა დილით ჩატარდა.

“ალტ ინფოს” ერთ-ერთი დამფუძნებლის, ზურაბ მახარაძის სახლის ჩხრეკისა და პოლიციაში გადაყვანის ფაქტი “ნეტგაზეთს” მისმა ცოლმა დაუდასტურა.

ასევე მოხდა ძალადობრივი პროტესტის კიდევ ერთი ლიდერის, გურამ ფალავანდიშვილისა და მისი ვაჟის, ალექსანდრე ფალავანდიშვილის შემთხვევაში. ისინი ჟურნალისტების თვალწინ გამოიყვანეს სახლიდან და პოლიციაში წაიყვანეს.

“ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში უდასტურებენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის ჩხრეკა, მიმდინარეობს სხვადასხვა მისამართებზე, თუმცა ამ ეტაპზე უწყებაში სახელებსა და გვარებს, ჯერჯერობით, არ აკონკრეტებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი