ახალი ამბები

პოლიცია ჩხრეკს ფალავანდიშვილის, მახარაძისა და მორგოშიას სახლებს – რ2

16 ივლისი, 2021 • 2174
პოლიცია ჩხრეკს ფალავანდიშვილის, მახარაძისა და მორგოშიას სახლებს – რ2

5 ივლისის ძალადობრივი აქციის ლიდერების — გურამ ფალავანდიშვილის, ზურაბ მახარაძისა და კონსტანტინე მორგოშიას — საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა მიმდინარეობს. ინფორმაცია თავდაპირველად “რუსთავი2”-მა გაავრცელა.

“ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში უდასტურებენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის ჩხრეკა, მიმდინარეობს სხვადასხვა მისამართზე, თუმცა უწყებაში სახელებსა და გვარებს ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ.

ზურაბ მახარაძე ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფის “ალტ ინფოს” ერთ-ერთი ლიდერია. ის, ისევე როგორც ფალავანდიშვილი და მორგოშია, 5 ივლისს თბილისში გამართულ ჰომოფობიურ აქციას ლიდერობდნენ.

5 ივლისს ძალადობრივმა ჯგუფებმა ათეულობით ჟურნალისტი სცემეს, დაარბიეს ოპოზიციის კარვები, ასევე, “თბილისი პრაიდის” ოფისი და იერიში მიიტანეს მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისზეც.

“სირცვილიას” ოფისის დარბევამდე მორგოშიამ პარლამენტთან შეკრებილებს მიმართა და უთხრა, რომ იქვე მდებარეობდა “სირცხვილიას” ოფისი, სადაც პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ღირსების მარშს უწევდნენ ორგანიზებას.

“ახლა მოვიდა ჩვენთან ინფორმაცია, რომ აი, აქ, ინგოროყვას ქუჩაზე, სადაც უშიშროების შენობაა, ამის წინ არის “სირცხვილიას” ოფისი, სადაც ახლა ის მართლა სირცხვილიას ხალხი… წნეხის ქვეშ ამყოფებენ ამ ლგბტ ორგანიზატორებს, რომ გინდა თუ არა, უნდა გამოვიდნენ რუსთაველზე. ახლა ყოველგვარი ქაოსის გარეშე, დაახლოებით 500-600 კაცი გამოვეყოთ ქუჩის აქეთა მხარეს და დავიძრათ მაგათი ოფისისკენ. 500 კაცი პირველი სკოლის ეზოში გადმომყვეს მე”, — თქვა მან.

ამ მოწოდების შემდეგ ძალადობრივი ჯგუფები “სირცხვილიას” ოფისისკენ დაიძრნენ და დაარბიეს, ჟურნალისტებს კი  — მათ შორის, “ტვ პირველის” ოპერატორს, ალექსანდრე ლაშქარავს  — სცემეს.

“ნეტგაზეთი” შსს-სგან დამატებით დეტალებზე ინფორმაციას ელის.

მასალების გადაბეჭდვის წესი