ახალი ამბები

ინსპექტორი აბსანძის მიმართ პოლიციის უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას იძიებს

14 ივლისი, 2021 • 1137
ინსპექტორი აბსანძის მიმართ პოლიციის უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას იძიებს

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს 12 ივლისს “ქართული ოცნების” ოფისთან გამართულ აქციაზე შსს-ს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტებას.

როგორც უწყებაში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, გამოძიება 13 ივლისს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით დაიწყო და გამოძიების დაწყებისთანავე ირაკლი აბსანძეს გამოკითხვის მიზნით დაუკავშირდა. ინსპექტორის სამსახურში აღნიშნავენ, რომ მათთან კომუნიკაციაში აბსანძემ განაცხადა, რომ გამოკითხვაზე მივიდოდა, თუმცა ამ დრომდე ინსპექტორის სამსახურში არ გამოცხადებულა:

“აღნიშნულ საქმეზე ინტენსიურად ტარდება საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, გამოთხოვილი იქნა გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მიმდინარეობს პროცესის სხვა მონაწილეების გამოკითხვა.

საქმეზე სრულყოფილი გამოძიების ჩასატარებლად და ჭეშმარიტების დასადგენად, მნიშვნელოვანია გამოძიებასთან თანამშრომლობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის სრულყოფილი ინფორმაციის დროულად მიწოდება”, – აცხადებენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში.

აღნიშნულთან დაკავშირებით ნეტგაზეთი “პირველი არხის” წამყვანსა და ჟურნალისტს დაუკავშირდა. ირაკლი აბსანძემ განგვიცხადა, რომ 12 ივლისს მიყენებული დაზიანებების გამო დღეს ოპერაციას იკეთებს და გადაწყვეტილებას გამოკითხვაზე მისვლასთან დაკავშირებით მას შემდეგ მიიღებს, რაც ჯანმრთელობის საკითხებს მოიგვარებს.

მომხდართან დაკავშირებით ირაკლი აბსანძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ მისი დაკავება სადამსჯელო ღონისძიებას ჰგავდა. ჟურნალისტი იხსენებს, რომ პოლიციის მანქანაში არაერთხელ განაცხადა, რომ ხელი სტკიოდა, შსს-ს თანამშრომელი კი ამაზე იცინოდა და ხელბორკილს უფრო უჭერდა:

“მანქანაში რომ ჩამსვეს, ბორკილებდადებული და ხელებგადაგრეხილი, გვერდით მეჯდა პოლიციელი, რომელსაც ვეუბნებოდი, რომ ხელი მტკიოდა, ის კი იცინოდა, ცინიკურად იცინოდა და უფრო მიჭერდა ბორკილს. ხმა არ ამოუღია, მაგრამ აშკარად არ იყო ნეიტრალური სამართალდამცავი, ჰგავდა ეს სადამსჯელო ოპერაციას”, – ამბობს ჟურნალისტი “ნეტგაზეთთან” საუბარში.

ირაკლი აბსანძე, ბოლო დღეებში ღიად აპროტესტებდა ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებს და ხელისუფლების წარმომადგენლებს აკრიტიკებდა.

როგორც სახელემწიფო ინსპექტორის სამსახურის 2020 წლის საქმიანობის ანგარიშში ვკითხულობთ,  ხელბორკილის დადებისას ფიზიკური ტკივილის მიყენების ან/და შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში გასულ წელს გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 44 საქმეზე.

აღნიშნულ 44 სისხლის სამართლის საქმეში, ინსპექტორის განცხადებით, ფიგურირებს 48 სავარაუდო მსხვერპლი. ანგარიშის მიხედვით, მათი უმრავლესობა (41 მათგანი) შესაძლო ძალადობის ჩამდენად ასახელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, ძირითადად, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს.

უწყების განცხადებით, წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეებში სავარაუდო მსხვერპლები მიუთითებენ, რომ სამართალდამცავები ხელბორკილს ადებენ მჭიდროდ, ხანგრძლივად და შეგნებულად არ იყენებენ სიმჭიდროვის მარეგულირებელ მექანიზმს, მათზე ძალადობის მიზნით.

ასევე, ისინი პრეტენზიას გამოთქვამენ ხელბორკილის დადების სტილთან დაკავშირებით. კერძოდ, ინსპექტორის თქმით, ხელბორკილის სკამის საზურგის უკან ან სკამის ფეხზე მიმაგრება, აგრეთვე, ზურგს უკან იმგვარად დადება, რომ ხელები შებრუნებული ჰქონდათ ერთმანეთის საპირისპირო მხარეს, რაც კონკრეტულ მდგომარეობაში ყოფნისას (მათ შორის, ავტომანქანაში ჯდომისას) იწვევს ძლიერ ტკივილს და დისკომფორტს.

ვრცლად წაიკითხეთ:

როგორ შეიძლება პოლიციამ ბორკილები გამოიყენოს ტკივილის მისაყენებლად — ინსპექტორის ანგარიში

აბსანძის დაკავება მედიის დაშინების მცდელობაა – კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის”

მასალების გადაბეჭდვის წესი