ახალი ამბები

აბსანძის დაკავება მედიის დაშინების მცდელობაა – კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის”

13 ივლისი, 2021 • 985
აბსანძის დაკავება მედიის დაშინების მცდელობაა – კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის”

კოალიციის “მედიის ადვოკატირებისთვის” პარტნიორი ორგანიზაციები საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტ ირაკლი აბსანძის დაკავებას მედიის დაშინების მცდელობად მიიჩნევენ.

მათი თქმით, აბსანძის დაკავებისას ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ჟურნალისტი პოლიციას წინააღმდეგობას არ უწევს.

“მნიშვნელოვანია, რომ ირაკლი აბსანძე ბოლო დღეებში სოციალურ ქსელში აპროტესტებდა ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებს და ხელისუფლების წარმომადგენლებს აკრიტიკებდა.

მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავი შეიკავოს ჟურნალისტების შევიწროებისა და დაშინების მსგავსი მექანიზმის გამოყენებისაგან”, – აღნიშნულია მათ განცხადებაში.

განცხადებას უერთდებიან შემდეგი ორგანიზაციები:

  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  • მედიაკლუბი
  • Alliance of Broadcasters – Georgia / რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
  • მედიის განვითარების ფონდი MDF
  • Media Development FoundationMedia Rights • მედიის უფლებები
  • ღია საზოგადოების ფონდი I Open Society Georgia Foundation
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა / Georgian Democracy Initiative
  • Სატელევიზიო ქსელი
ირაკლი აბსანძე 12 ივლისს, გვიან ღამით, „ოცნების“ ოფისთან გამართულ აქციაზე დააკავეს და რამდენიმე საათში გაათავისუფლეს. ჟურნლისტი ირაკლი აბსანძე წერს, რომ პოლიციამ დაკავებისას ხელი მოტეხა.

გავრცელებულ ვიდეოკადრებში, რომელიც აბსანძის დაკავებას ასახავს, ჩანს, რომ მას პოლიციელები ეუბნებიან, „ნასვამია“ და ჟურნალისტურ საქმიანობას არ ეწევა. კადრებში ასევე ჩანს, რომ პოლიციას წინააღმდეგობას არ უწევს და ამ დროს აკავებენ.

„ქართული ოცნების“ ოფისთან სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტებმა პროტესტის ნიშნად შენობას კვერცხები და წითელი საღებავი ესროლეს. აქ მობილიზებული იყო პოლიციის კორდონიც.

რაც შეეხება ირაკლი აბსანძეს,  ბოლო დღეებში ის ღიად აპროტესტებდა ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებს და ხელისუფლების წარმომადგენლებს აკრიტიკებდა.


12 ივლისს, საქართველოს პარლამენტთან მოქალაქეები კვლავ შეიკრიბნენ „ტვ პირველის“ ოპერატორის გარდაცვალებისა და 5-6 ივლისის ძალადობის გასაპროტესტებლად. მათი მთავარი მოთხოვნა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომაა.

აქციის პარალელურად შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი დაინიშნა, რომლის დროსაც თქვეს, რომ შესაძლოა, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკული საშუალებებით ზედოზირება ყოფილიყო. ამის შემდეგ დემონსტრანტება „ქართული ოცნების“ ოფისთან გადაინაცვლეს.

იქ მათ პოლიციის კორდონი დახვდათ. აქციის მიმდინარეობისას შენობას კვერცხები ესროლეს და წითელი საღებავი შეასხეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი