სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 2020 წლის საქმიანობის ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს ხელბორკილის დადებისას ფიზიკური ტკივილის მიყენების ან/და შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 44 საქმეზე.
აღნიშნულ 44 სისხლის სამართლის საქმეში, ინსპექტორის განცხადებით, ფიგურირებს 48 სავარაუდო მსხვერპლი. ანგარიშის მიხედვით, მათი უმრავლესობა (41 მათგანი) შესაძლო ძალადობის ჩამდენად ასახელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, ძირითადად, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს.
“პატრულ-ინსპექტორები დაკავებულ პირებთან ფორმალურ პროცედურებს უმეტესწილად ატარებენ არა ადმინისტრაციულ შენობებში, არამედ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის ავტომანქანებში, რის გამოც დაკავებული პირები, სხვებთან შედარებით, ხანგრძლივად იმყოფებიან ხელბორკილით. შესაძლოა ეს განაპირობებდეს სავარაუდო მსხვერპლთა ამგვარ განცხადებებს. იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები ძალადობის ჩამდენ პირებად მხოლოდ 7 სისხლის სამართლის საქმეში დაასახელეს” ,— ვკითხულობთ ანგარიშში.
უწყების განცხადებით, წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეებში სავარაუდო მსხვერპლები მიუთითებენ, რომ სამართალდამცავები ხელბორკილს ადებენ მჭიდროდ, ხანგრძლივად და შეგნებულად არ იყენებენ სიმჭიდროვის მარეგულირებელ მექანიზმს, მათზე ძალადობის მიზნით.
ასევე, ისინი პრეტენზიას გამოთქვამენ ხელბორკილის დადების სტილთან დაკავშირებით. კერძოდ, ინსპექტოირს თქმით, ხელბორკილის სკამის საზურგის უკან ან სკამის ფეხზე მიმაგრება, აგრეთვე, ზურგს უკან იმგვარად დადება, რომ ხელები შებრუნებული ჰქონდათ ერთმანეთის საპირისპირო მხარეს, რაც კონკრეტულ მდგომარეობაში ყოფნისას (მათ შორის, ავტომანქანაში ჯდომისას), იწვევს ძლიერ ტკივილს და დისკომფორტს.
სახელმწიფო ინსპექტორის თქმით, 44 სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა 560-ზე მეტი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.
ანგარიშში ნათქვამია, რომ სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა 46 სავარაუდო მსხვერპლს, ხოლო ორმა მათგანმა უარი განაცხადა ექსპერტიზის ჩატარებაზე დაზიანებების არარსებობის გამო.
ხელბორკილის დადებისას ფიზიკური ტკივილის მიყენების ან/და შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიება, ინსპექტორის განცხადებით, სპეციფიკურია, რაც აფერხებს როგორც სრულყოფილი და ეფექტიანი გამოძიების ჩატარებას, აგრეთვე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებას. კერძოდ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გამოყოფს შემდეგ გარემოებებს:
- სავარაუდო მსხვერპლმა ტკივილი შეიძლება განიცადოს სამართალდამცავთა განზრახ, მიზანმიმართული ძალადობის შედეგად, ან საკუთარი აქტიური მოქმედებითა და წინააღმდეგობის გაწევით. ამ ფაქტის დასადგენად უკიდურესად მნიშვნელოვანია დაკავებული პირის მიმართ განხორციელებულ ქმედებათა ამსახველი სრული, უწყვეტი ვიდეოჩანაწერების მოპოვება. ვინაიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო საგამოძიებო დეპარტამენტს ვიდეოჩანაწერებს შეფერხებით აწვდის, დანაშაულის ფაქტის დადასტურება ან უარყოფა ძალიან რთულდება ან/და შეუძლებელი ხდება;
- ხელბორკილის დადების შედეგად პირისთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრისა და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის ქმედების შესაფასებლად, ასევე, არსებითად მნიშვნელოვანია ხელბორკილის დადების ხანგრძლივობის დადგენა – ეს იყო დაკავების ადგილზე მყისიერი შეკავების მექანიზმი თუ გრძელდებოდა უწყვეტად (მაგ. დაკავების ადგილიდან სამართალდამცავ ორგანოში გადაყვანამდე, ავტომანქანით ტრანსპორტირებისას). ამგვარი კატეგორიის საქმეებში თითქმის შეუძლებელია ნეიტრალური მოწმეების მოძიება, რომლებიც ესწრებოდნენ ან/და აკვირდებოდნენ ხელბორკილის დადებიდან მის მოხსნამდე განვითარებულ მოვლენებს. ამდენად, გამოძიება ხშირად ვერ არკვევს ხელბორკილის დადების ხანგრძლივობას;
- ასევე, ძალადობის ფაქტის დასადასტურებლად ან უარსაყოფად, ზოგჯერ არ არის საკმარისი მხოლოდ ვიდეოჩანაწერი – გამოსახულებით შეუძლებელია დადებული ხელბორკილის სიმჭიდროვის განსაზღვრა და ცხადად არ იკვეთება სავარაუდო მსხვერპლის პროტესტი, მისი მოთხოვნა ხელბორკილის მოხსნასთან/მოშვებასთან დაკავშირებით და სამართალდამცავთა მხრიდან ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების ობიექტური შესაძლებლობა.
უწყების განცხადებით, ხელბორკილების გამოყენების სტანდარტული პროცედურული წესები არ არსებობს. ასეთი სახელმძღვანელო დოკუმენტი პოლიციის თანამშრომლებს დაუწესებდა ხელბორკილის სწორ დროსა და ვითარებაში გამოყენების სტანდარტს და მოახდენდა არასათანადო მოპყრობის პრევენციას.
ინსპექტორი მიიჩნევს, რომ ამასთან, ასეთი დოკუმენტის არსებობა მნიშვნელოვანია, რომ გაბათილდეს ან დადასტურდეს, გადაამეტა თუ არა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელმა უფლებამოსილებას ხელბორკილის გამოყენებისას.