ახალი ამბები

უმნიშვნელოვანესია, ამ სამოქალაქო ბრძოლაში არ გაქრეს ქვიარ თემის ადგილი – “თბილისი პრაიდი”

12 ივლისი, 2021 • 776
უმნიშვნელოვანესია, ამ სამოქალაქო ბრძოლაში არ გაქრეს ქვიარ თემის ადგილი – “თბილისი პრაიდი”

“თბილისი პრაიდის” გუნდი „TV პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ტრაგედია 5-6 ივლისს ჰომოფობიურ ნიადაგზე მომხდარ ორგანიზებულ ძალადობას მოჰყვა.

მათი თქმით, ამაზე პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობას, მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსა და სიძულვილის რადიკალურ ჯგუფებს ეკისრებათ.

“აქვე გვსურს, გამოვეხმაუროთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ჰომოფობიურ და ანტისახელმწიფოებრივ განცხადებას, რომელშიც მან 5 ივლისს მომხდარ შემზარავ ძალადობაზე პასუხისმგებლობა “თბილისი პრაიდსა” და სამოქალაქო აქტივისტებს დააკისრა, რითაც კიდევ ერთხელ წაახალისა ჩვენზე ძალადობა.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ორი დაპირისპირებული მხარე, რომელზეც ღარიბაშვილმა ისაუბრა, არ არსებობს! როცა სახელმწიფო ტოლობის ნიშანს სვამს მშვიდობიან სამოქალაქო პროტესტსა და სიძულვილის რადიკალურ ჯგუფებს შორის, რომლებიც ადამიანების უსაფრთხოებას, ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს უქმნიან საფრთხეს, ეს მისი დისფუნქციურობის მაჩვენებელია”, – აცხადებს “თბილისი პრაიდის” გუნდი.

მათი თქმით, ხელისუფლებას არ გადაუდგამს ქმედითი ნაბიჯები, რათა თავიდან აეცილებინა 5 ივლისს მომხდარი ძალადობა.

როგორც “თბილისი პრაიდის” წარმომადგენლები აცხადებენ, სისტემატურად აწვდიდნენ მათ ინფორმაციას სიძულვილის ჯგუფების ორგანიზებაზე, აფრთხილებდნენ დაანონსებული ძალადობის შესახებ და ითხოვდნენ, რომ მიეღოთ პრევენციული ზომები, რათა თავიდან აეცილებინათ 2013 წლის მსგავსი არეულობა თბილისის ქუჩებში.

“შევთავაზეთ ღირსების მარშის ალტერნატიული გეგმაც. ნაცვლად ამისა, მივიღეთ დახურული ალტერნატიული ლოკაციის დაპირება, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების პრინციპებს. 4 ივლისის საღამოს შემდეგ კი, მიუხედავად შეთანხმებისა შემდგომი სამუშაო პროცესის შესახებ, შსს-მ ჩვენთან კომუნიკაცია შეწყვიტა.

ირაკლი ღარიბაშვილს, რომელსაც უკიდურესად პრიმიტიულად ესმის დემოკრატიის იდეა, გვსურს განვუმარტოთ, რომ დემოკრატია უმრავლესობის მმართველობაა, რომელშიც დაცული და გარანტირებულია უმცირესობის უფლებები, განურჩევლად მათი რასის, ეთნოსის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, კონფესიური, რელიგიური, სოციალური, იდეოლოგიური თუ სხვა კუთვნილებისა!” – აცხადებს “თბილისი პრაიდის” გუნდი.

5-6 ივლისს მთელმა მსოფლიომ იხილა ის ჰომოფობიური გარემო, რომელიც ქვიარ ადამიანებისთვის ყოველდღიურობაა. სწორედ ქვიარ ადამიანების მოუთოკავი სიძულვილი, წახალისებული და ინსტრუმენტალიზებული ხელისუფლებისა და საპატრიარქოს მიერ, ამოძრავებდათ ადამიანებს, რომლებიც ღირსების მარშის ორგანიზატორებს მთელი დღის განმავლობაში დაგვდევდნენ ქუჩებსა და ოფისებში, ფიზიკურად უსწორდებოდნენ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს და არბევდნენ “თბილისი პრაიდისა” და მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისებს.

მათი თქმით, უმნიშვნელოვანესია, სამოქალაქო ბრძოლაში არ გაქრეს ქვიარ თემის ადგილი და მათი ბრძოლა ღირსეული ცხოვრებისთვის.

“მათი მთავარი სამიზნე სწორედ “თბილისი პრაიდი” და თანასწორობისთვის ბრძოლაში ჩვენი პარტნიორი მოძრაობები იყვნენ. უმნიშვნელოვანესია, ამ მძლავრ სამოქალაქო ბრძოლაში არ გაქრეს ქვიარ თემის ადგილი, ჩვენი ბრძოლა ღირსეული ცხოვრებისთვის, და მკაფიოდ მოინიშნოს სახელმწიფოსა და საპატრიარქოს ჰომოფობია.

სამწუხაროდ, ამ მართული და მიზანმიმართული ძალადობის შედეგად, მიმდინარე დღეებში, თბილისის ქუჩებში კვლავ გრძელდება თავდასხმები არა მხოლოდ ქვიარ ადამიანებზე, არამედ ყველა მოქალაქეზე, ვინც სიძულვილის ჯგუფების “სტანდარტს” ვერ აკმაყოფილებს. აუცილებელია, საზოგადოებამ გადაიაზროს სიძულვილი ქვიარ ადამიანების მიმართ და გახდეს ჩვენი აქტიური მოკავშირე იმისთვის, რომ თითოეულმა მოქალაქემ შეძლოს საჯარო სივრცეში ღიად და უსაფრთხოდ არსებობა”, – აცხადებენ
“თბილისი პრაიდის” წარმომადგენლები.

ამასთან, “თბილისი პრაიდის” წარმომადგენლები კიდევ ერთხელ უსვამენ ხაზს მედიის როლს გამოჩენილი სამოქალაქო გმირობისთვის და  მადლობას უხდიან თავისუფალ მედიას და თითოეულ ჟურნალისტს, ვინც სიცოცხლის რისკის ფასად აშუქებდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს.

“დასასრულს, კვლავ მივმართავთ ირაკლი ღარიბაშვილს, რომ საზოგადოების მოტყუების, შუღლისა და სიძულვილის გაღვივების ნაცვლად, აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა 5 ივლისს მომხდარ ძალადობაზე, ქვიარ თემის წევრებზე, სამოქალაქო აქტივისტებსა და ჟურნალისტებზე გამოცხადებულ ნადირობაზე და დატოვოს თანამდებობა!!!” – აცხადებენ “თბილისი პრაიდის” წევრები.

მასალების გადაბეჭდვის წესი