ახალი ამბები

ეს არაა ქრისტიანობა, საპატრიარქო ყარს – ქალმა ეპისკოპოს იაკობს ქადაგება შეაწყვეტინა

12 ივლისი, 2021 • 4185
ეს არაა ქრისტიანობა, საპატრიარქო ყარს – ქალმა ეპისკოპოს იაკობს ქადაგება შეაწყვეტინა

12 ივლისს, ძალადობრივი, ჰომოფობიური აქციიდან ერთი კვირის თავზე, ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მომდევნო დღეს, ეპისკოპოს იაკობ იაკობაშვილს ტაძარში მყოფმა ერთ-ერთმა ადამიანმა ქადაგება შეაწყვეტინა და უთხრა, რომ მისი ქადაგება ქრისტიანული არ არის და „საპატრიარქო ყარს“.

„თქვენ სად იყავით?.. ეს ქადაგება არ არის, ეს ერის რუსეთისკენ სვლაა, მეტი არაფერი. სად იყო საპატრიარქო? როგორ მოიქცა? ეს არ არის სიყვარულისკენ სწრაფვა, ეს არ არის ნამდვილი მართლმადიდებლობა… ეს არის ბიზნესი, ადამიანების სულის ჩახშობა, მეტი არაფერი“, – მიმართა ქადაგებაზე მყოფმა ერთ-ერთმა მოქალაქემ, ანა ხუნაშვილმა.

„საპატრიარქოს წევრები კარგად მოიქცნენ. ძალიან კარგად მოიქცნენ“, – უპასუხა იაკობმა.

„53 ადამიანი არის ისეთი ნაცემი, რომ შეიძლება ვერ გადარჩეს, და ამაში თქვენი დამსახურებაა“, – ამბობს მოქალაქე ვიდეოში, რომელიც ბოდბელი ეპისკოპოსის ფეისბუკის გვერდზე გავრცელდა.

„მე ვერ ვხედავ აქ ჭეშმარიტ სარწმუნოებას… დაწერეს, და, დიახ, მართლა ყარს საპატრიარქო. ყარს და თქვენ არ გინდათ, გასუფთავდეს ამ სუნისგან? მართალი იყო დავით აღმაშენებელი, მართლები არიან ეს ადამიანები. გაუსაძლისი გახდა აქ ცხოვრება“, – ამბობს მოქალაქე.

„ჩემი ცხოვრება მივუძღვენი წმინდა ნინოს ცხოვრებას… მე ყოველთვის ვქადაგებ იმას, რომ რწმენა არის სიყვარული, ჭეშმარიტი სიყვარული და მე ამას აქ ვერ ვხედავ“, – ამბობს მოქალაქე.

5 ივლისის მოვლენები

5 ივლისს, თბილისში, თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის ჩასაშლელად, ჰომოფობიური ჯგუფები საპატრიარქოს ორგანიზებით რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ.

ძალადობრივი ჯგუფები რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე 53 ჟურნალისტს დაესხნენ თავს. რამდენიმე მათგანი ახლაც საავადმყოფოშია. აგრესიული ადამიანები თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ ყველას, ვინც რაიმე ნიშნით – მათ შორის მიკროფონით, კამერითა თუ ფოტოაპარატით – მედიასთან ასოცირდებოდა.

ქალაქის ცენტრში, პოლიციის თანდასწრებით, ჟურნალისტებს უმოწყალოდ სცემდნენ, აგინებდნენ, აპარატურას სტაცებდნენ და უმტვრევდნენ.

გარდა მძიმე გამოცდილებისა, რომელიც მედიის წარმომადგენლებმა ძალადობრივი ჯგუფების მოქმედების შედეგად მიიღეს, არაერთი დაზარალებული ხაზს უსვამს უმოქმედობას პოლიციისას, რომელიც 5 ივლისს, მოვლენათა ეპიცენტრში, შესამჩნევად მცირე რაოდენობით იყო წარმოდგენილი.

ოპერატორის გარდაცვალება

ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს საპატრიარქოს ორგანიზებით შეკრებილი ძალადობრივი ჯგუფის წევრები მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში ფიზიკურად გაუსწორდნენ, საკუთარ სახლში გარდაცვლილი 11 ივლისს იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გამოძიება დაიწყო და სიკვდილის მიზეზის დასადგენად ტარდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე მედიასაშუალებების წარმომადგენლები, 5 ივლისის ძალადობის გამო პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და შესაბამისად, ითხოვენ პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას.

მასალების გადაბეჭდვის წესი