ახალი ამბები

„გვინდა ომი დამთავრდეს სწრაფად და ისე, რომ სამართლიანობა არ დაიკარგოს“ — მთავარეპისკოპოსი იაკობი

14 თებერვალი, 2023 •
„გვინდა ომი დამთავრდეს სწრაფად და ისე, რომ სამართლიანობა არ დაიკარგოს“ — მთავარეპისკოპოსი იაკობი

ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ განსახილველ საკითხებს შორის უკრაინაში მიმდინარე ომიც იყო.

მთავარეპისკოპოსი აცხადებს, რომ სინოდის წევრებმა თანაგრძნობა გამოხატეს და სურთ, ომი სწრაფად დასრულდეს ისე, რომ სამართლიანობა არ დაიკარგოს:

„იცით, რომ რაც მძიმე ომი დაიწყო უკრაინაში, მას შემდეგ სინოდი არ შეკრებილა, პირველად შევიკრიბეთ. ჩვენ თანაგრძნობა გამოვხატეთ, იმიტომ, რომ ძალიან დიდი, უდიდესი ტრაგედია ხდება და გვინდა, რომ ომი დამთავრდეს სწრაფად, ომი დამთავრდეს ისე, რომ სამართლიანობა არ დაიკარგოს და აბსოლუტურად გავიზიარეთ ყველა იმ ადამიანის მწუხარება. მთელი მსოფლიოს ტრაგედიაა, რაც ხდება იქ“, — ამბობს მთავარეპისკოპოსი.

ბოდბელი მთავარეპისკოპოსის თქმით, სინოდის წევრებმა ასევე გაიზიარეს თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგები.ა მასთან, სინოდის წევრის თქმით, სხდომაზე გადაწყდა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქია დროებით გადავიდოდა პატრიარქის უშუალო გამგებლობაში:

„ასევე, გავიზიარეთ თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგები, თურქეთის ხელისუფლებას და მსოფლიო პატრიარქს მივუსამძიმრეთ, ასევე სირიაშიც მივუსამძიმრეთ უშუალოდ ანტიოქიის პატრიარქს.

ასევე, იყო სხვა საკითხებიც. მეუფე ზენონთან დაკავშირებით, თვითონ უწმინდესს შეხვდა და გადაწყდა, დროებით ბრიტანეთის და ირლანდიის ეპარქია უშუალოდ პატრიარქის გამგებლობაში გადავა, დროებით ასე იქნება“, — ამბობს მთავარეპისკოპოსი.

მასალების გადაბეჭდვის წესი