ახალი ამბები

იმედი ნუ ექნებათ, რომ ვიღაც რაღაც სიას შეადგენს… დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ – იაკობი

27 იანვარი, 2023 • 768
იმედი ნუ ექნებათ, რომ ვიღაც რაღაც სიას შეადგენს… დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ – იაკობი

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი აცხადებს, რომ თუ სხვა ქვეყნებს საქართველოსთან ურთიერთობა სურთ, მაშინ საქართველოსთან უნდა ისაუბრონ და არა „რაღაც სია შეადგინონ“. ამის შესახებ მან დღეს, 27 იანვარს, ქადაგებისას ისაუბრა.

ბოდბელ ეპისკოპოსს არ დაუკონკრეტებია, რა სიას გულისხმობს, თუმცა, სავარაუდოდ, ის საუბრობს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით “მაგნიტსკის აქტის” ანალოგის შექმნაზე.

როგორც სასულიერო პირმა განაცხადა, საქართველო დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყანაა.

„ვიღაცები ცდილობენ, უცხოელებმა რაღაც გვითხრან და მათ ჭკუაზე ვიცხოვროთ. ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, ნებისმიერ ქვეყანაში პირველ რიგში უნდა გატარდეს იმ ერის და ხალხის ინტერესები, ვინც იქ ცხოვრობს. ჩვენ სხვისი დღის წესრიგით ვერასდროს ვიცხოვრებთ ისევე, როგორც სხვა ქვეყნებს აქვთ თავიანთი დღის წესრიგი, ჩვენ არ შეიძლება ვინმეს დავაწესებინოთ.

მით უმეტეს, ქრისტეს, ღვთისმშობლის ერი ვართ და წმინდა ნინო არის ჩვენი დედა. ვინ უნდა გვასწავლოს, დღეს რა უნდა გავაკეთოთ და რა — არა. მთავარია, ერთმანეთი შევიყვაროთ, არ დავჭამოთ და იმის იმედი ნუ ექნებათ, რომ ვიღაც რაღაც სიას შეადგენს. საქართველოსთან ურთიერთობა თუ უნდათ, ჩვენც თუ გვინდა მსოფლიოსთან ურთიერთობა, ერთმანეთთან ლაპარაკი ყველამ უნდა ვისწავლოთ.

თუ შეცდომები გვაქვს, ჩვენ ვიქნებით თუ ისინი იქნებიან, დავსხდეთ და წყნარად ვილაპარაკოთ. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, თავისუფალი ქვეყანა და თვითონ გვჭირდება თავდაცვის საშუალებებიც. ჩვენ თავს არასდროს არავის ვესხმით. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გავაძლიეროთ“, — განაცხადა მეუფე იაკობმა.


37 წლის სერგეი მაგნიტსკი 2011 წელს, თითქმის ერთი წლის განმავლობაში იყო ციხეში ისე, რომ ბრალი არ ჰქონდა წაყენებული. გავრცელებული ვარაუდით, სამედიცინო პერსონალის მხრიდან უყურადღებობით დაიღუპა – მას პანკრეასის დაავადება ჰქონდა და აუცილებელ მედიკამენტზე უარი უთხრეს. დაღუპულის დედა შემდეგ აცხადებდა, რომ მისი შვილის გვამს ორი თითი მოტეხილი ჰქონდა, ხელებზე კი „შავი და ლურჯი“ ჰემატომები აღენიშნებოდა.

სწორედ ამის შემდეგ შეადგინეს 60- კაციანი სია [მაგნისტსკის სია], რომელიც შეიცავდა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასამართლო სისტემისა და „ეფესბეს“ წარმომადგენლების სახელებს. ბროუდერი აცხადებდა, რომ  მაგნიტსკი ამ პირებმა აწამეს და მოკლეს მას შემდეგ, რაც ადვოკატმა გამოააშკარავა მათი მილიონობით ევროს ოდენობის საგადასახადო მაქინაცია.

სწორედ მსგავსი სიის შექმნას ცდილობენ მიხეილ სააკაშვილი და მისი ადვოკატები. სიის შექმნის თხოვნით „მაგნიტსკის სიის“ ერთ-ერთ ავტორს თავად სააკაშვილმა მიმართა.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ „მაგნიტსკის სიის“ ქართული ანალოგზე მუშაობა გრძელდება.

ხაჭაპურიძის თქმით, სიაზე მუშაობა საქართველოში არ მიმდინარეობს და მის შედგენაზე სააკაშვილის უცხოელი ადვოკატები აშშ-სა და ლონდონში მუშაობენ, თავად კი უცხოელ კოლეგებს იმ ადამიანებზე უგზავნის მტკიცებულებებს, რომლებიც სიაში შეჰყავთ

მასალების გადაბეჭდვის წესი