ახალი ამბები

შეიძლება, ჩინური პროდუქცია იყოს — ეპისკოპოსი იაკობი მოსაყდრე შიოს შესაძლო მოწამვლაზე

12 ივლისი, 2023 • 3866
შეიძლება, ჩინური პროდუქცია იყოს — ეპისკოპოსი იაკობი მოსაყდრე შიოს შესაძლო მოწამვლაზე

ბოდბელი ეპისკოპოსის, იაკობის განცხადებით, შესაძლოა, პატრიარქის მოსაყდრე შიო „ჩინურ პროდუქციასაც“ მოეწამლა.

ამის შესახებ მან დღეს, 12 ივლისს, აღნიშნა ჟურნალისტებთან მოსაყდრე შიო შესაძლო მოწამვლაზე საუბრისას.

ბოდბელი ეპისკოპოსის თქმით, მოსაყდრე შიოს საპატრიარქოში მტრები არ ჰყავს და ზოგადადაც, „რაფინირებული ადამიანია იმისთვის, რომ ვინმეს მისი მოწამვლა სდომოდა“.

„ჩემნაირ ადამიანს რომ მტერი ჰყავდეს, სხვანაირი გასაგებია, მაგრამ მოწამვლით მეც რატომ უნდა მომწამლონ? მეუფე [შიო] წესიერი კაცია ურთიერთობებში, გინახავთ, რომ ჩემსავით გამოვიდეს? სულ რაფინირებულად ლაპარაკობს. ლაპარაკობთ, შორენაო [თეთრუაშვილი], მეუფეზე მეტი [რეიტინგი] აქვს? ჯერ მეუფეების რეიტინგი რა გასაზომია. ქალბატონ შორენას თავისი ადგილი აქვს, მეუფე შიოს თავისი ავტორიტეტი. ერთმანეთის საქმეებში ვერ იკვეთებიან.

როდესაც გავიგე, რომ შრომისუნარიანია, ცუდზე არ ვფიქრობ, ღმერთმა კარგად ამყოფოს [მეუფე შიო]. ვნახოთ მიზეზი. შეიძლება, ჩინური პროდუქცია იყოს, ხომ იცით, რაც ხდებოდა სათამაშოებზე. მე არ ვიცი, რომელი მეტალი იყო მის სისხლში, მაგრამ ძალიან ბევრი საწვავია… ის არის… ნებისმიერ თქვენგანს შეიძლება ჰქონდეს [სისხლში მეტალი]. მე ვერც ერთ ვერსიას ვერ გამოვრიცხავ. საპატრიარქოში [მეუფე შიოს] მტერი არ ჰყოლია. რატომ უნდა ჰყოლოდა? მოსაყდრეა, ქორეპისკოპოსია, მტერი რატომ უნდა ჰყავდეს“, — განაცხადა იაკობმა.


საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სისხლის ანალიზში მძიმე მეტალების შემცველობა დასაშვებზე მაღალი აღმოჩნდა.

მისი თქმით, ოფიციალურად არ მიუმართავთ საგამოძიებო უწყებისთვის და თავად იკვლევდნენ, საიდან შეიძლება გაჩენილიყო მიტროპოლიტ შიოს სისხლში აღნიშნული მეტალები. ჯაღმაიძის განცხადებით, განიხილებოდა საკვების ვერსია, თუმცა საკვები, რომელსაც მიტროპოლიტი მიირთმევს, სავარაუდო მოწამვლასთან კავშირში არ აღმოჩნდა.

პატრიარქის მოსაყდრე შიოს შესაძლო მოწამვლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომაც სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, მიტროპოლიტ შიოს ანალიზები გააგზავნეს უცხოეთშიც.

მანამდე, 5 ივლისს, „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პატრიარქ ილია მეორეს მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მუჯირი დარიშხანით მოწამლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი