“ცისარტყელას ფონდმა” საქართველოში ლგბტქ+ აქტივისტების სამართლებრივი დახმარებისთვის “თბილისი პრაიდს” 130,000 შვედური კრონა (47 000 ლარი) შეუგროვა.
როგორც ფონდი წერს, თანხა რამდენიმე საათში შეგროვდა და ის დაეხმარება “თბილისი პრაიდს”, ფეხზე წამოდგეს, დაიცვას და სამართლებრივი დახმარება გაუწიოს ქვეყანაში ლგბტქ აქტივისტებს:
“თბილისი პრაიდი შეწყდა, მათი ოფისი დაარბიეს, ჟურნალისტებს კი ფიზიკურად გაუსწორდნენ. რამდენიმე საათში “ცისარტყელას ფონდმა” 130 000 შვედური კრონის მობილიზება შეძლო. ეს თანხა დაეხმარება “თბილისი პრაიდს,” ფეხზე წამოდგეს, დაიცვას და სამართლებრივი დახმარება გაუწიოს ქვიარ აქტივისტებს საქართველოში”, – ნათქვამია ფონდის განცხადებაში.
“ცისარტყელას ფონდი” შვედური ორგანიზაციაა, რომელიც ქვიარ ადამიანის ჩაგვრის აღმოსაფხვრელად კომპეტენტურ ორგანიზაციებსა და პროექტებს უჭერს მხარს. ფონდი 2014 წლიდან არსებობს და მისი მიზანია მსოფლიოს გარშემო ქვიარ ადამიანების უფლებებისა და თავისუფლების ხელშეწყობა და დემოკრატიის მხარდაჭერა.
5 ივლისს, თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის ჩასაშლელად, საპატრიარქოს ორგანიზებით ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ. “ქართული ოცნების” საწინააღმდეგო კარვების, ასევე, “სირცხვილიას” და “თბილისი პრაიდის” ოფისებზე შეტევის პარალელურად, ჯგუფები განსაკუთრებული აგრესიით მედიის მიმართ გამოირჩეოდნენ.
ჯამში, ამ პირებმა რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე 53 ჟურნალისტს სცემეს. რამდენიმე მათგანი ახლაც საავადმყოფოშია. აგრესიული ადამიანები თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ ყველას, ვინც რაიმე ნიშნით – მიკროფონით, კამერითა თუ ფოტოაპარატით – მედიასთან ასოცირდებოდა.
ქალაქის ცენტრში, პოლიციის თანდასწრებით, ჟურნალისტებს უმოწყალოდ სცემდნენ, აგინებდნენ, აპარატურას სტაცებდნენ და უმტვრევდნენ. გარდა მძიმე გამოცდილებისა, რომელიც მედიის წარმომადგენლებმა ძალადობრივი ჯგუფების მოქმედების შედეგად მიიღეს, არაერთი დაზარალებული ხაზს უსვამს უმოქმედობას პოლიციისას, რომელიც 5 ივლისს, მოვლენათა ეპიცენტრში, შესამჩნევად მცირე რაოდენობით იყო წარმოდგენილი.
ჟურნალისტებზე თავდასხმის ბრალდებით, ამ ეტაპზე, 7 პირია დაკავებული. შსს ამბობს, რომ გამოძიება გრძელდება.