ახალი ამბები

პარლამენტთან ძალადობრივი აქციის შემდეგ ევროკავშირის დროშა ხელახლა აღმართეს

7 ივლისი, 2021 • 1407
პარლამენტთან ძალადობრივი აქციის შემდეგ ევროკავშირის დროშა ხელახლა აღმართეს

პარლამენტის წინ ხელახლა აღმართეს ევროკავშირის დროშა, რომელიც გუშინ, 6 ივლისს, ჰომოფობური და ძალადობრივი ჯგუფის წევრებმა დახიეს და დაწვეს.

ინფორმაცია ამის შესახებ პარლამენტის თავმდჯომარემ, კახა კუჭავამ გაავრცელა.

„ეროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია და ამ გზაზე აუცილებლად ვივლით წინ!

მიუღებელია ევროკავშირის დროშის დაშვება. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე მუდმივად დგანან. მათი წვლილი საქართველოს განვითარებაში ფასდაუდებელია.

უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ, ყველას, ერთი სამშობლო გვაქვს, რომლის ისტორიას, ტრადიციებსა და რელიგიას არაფერი აქვს საერთო ძალადობასთან“, – წერს კუჭავა.


პარლამენტთან  გუშინ მდუმარე აქცია გაიმართა, რა დროსაც მოქალაქეებმა 5 ივლისს განვითარებული ძალადობრივი მოვლენები გააპროტესტეს. 5 ივლისს ძალადობრივი აქციის გამო თბილისი პრაიდმა “ღირსების მარშის” გამართვა ვერ მოახერხა. რუსთაველზე 50-ზე მეტ ჟურნალისტს სცემეს.

მდუმარე აქციის საწინააღმდეგოდ ჰომოფობურმა ჯგუფებმა ძალადობრივი კონტრაქცია მოაწყვეს. მათ შორის იყვნენ მართლმადიდებელი მღვდლებიც. ისინი მდუმარე აქციის მიმართულებით ისროდნენ ქვებს, ბოთლებს, კვერცხებსა ად სხვა ნივთებს. ცდილობდნენ პოლიციის კორდონის გარღვევასაც, რომელიც ორი აქციის მონაწილეებს შორის იყო.

ძალადობრივი, ჰომოფობიური აქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონის გარღვევა რამდენჯერმე სცადეს, რა დროსაც პოლიციამ რამდენიმე მათგანი დააკავა.  ამ დღეს პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 100 ადამიანი დააკავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი