ნეტგაზეთი | კიდევ ერთხელ გავხდით ხელისუფლების მხრიდან ძალადობის წახალისების მოწმე – სათემო ორგანიზაციები კიდევ ერთხელ გავხდით ხელისუფლების მხრიდან ძალადობის წახალისების მოწმე – სათემო ორგანიზაციები – Netgazeti
Batumelebi | RU

კიდევ ერთხელ გავხდით ხელისუფლების მხრიდან ძალადობის წახალისების მოწმე – სათემო ორგანიზაციები

ჰომოფობიური აქციის მონაწილეების ქმედებებთან და ხელისუფლების პოზიციებთან დაკავშირებით სათემო ორგანიზაციებმა საერთო განცხადება გაავრცელეს.

“თანასწორობის მოძრაობა”, “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი” და “იდენტობა იუს” განცხადებაში აღნიშნავენ, რომ დღეს, ჰომოფობიური აქციის პარალელურად, პრემიერ-მინისტრის გამოსვლა ძალადობის წახალისება იყო. ასევე სათემო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ აღკვეთა “თბილისი პრაიდის” “ღირსების მარშის” წინააღმდეგ მობილიზებული სიძულვილის ჯგუფების ძალადობრივი ქმედებები.

“დღეს დილიდან, პრემიერ-მინისტრის განცხადების ფონზე, რომელმაც თავის გამოსვლაში გაჟღერებული საშიში აქცენტებით ჰომოფობიური ძალადობა წაახალისა, გუშინდელი დღიდან მობილიზებულმა სიძულვილის ჯგუფებმა დაიწყეს ძალადობრივი ქმედებები თბილისის ქუჩებში სხვადასხვა ადგილზე. ისინი დაუპირისპირდნენ მედიის წარმომადგენლებს, დაუზიანეს ტექნიკა და ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტებს. განსაკუთრებით შემზარავია ფორმულას ჟურნალისტების ცემა და აბუჩად აგდება.

ყურადსაღებია ისიც, რომ ძალადობრივი მოქმედებები არ ლოკალიზდება ერთ კონკრეტულ უბანსა თუ ქუჩაზე, ის მთელ ქალაქს მოედო და სხვადასხვა ქუჩაზე არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციების ოფისებზე თავდასხმაში გამოიხატა.

დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ გავხდით აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან ძალადობის მიზანმიმართული წახალისების მოწმე. ამით ხელისუფლებამ რადიკალურ ექსტრემისტ ჯგუფებს მისცა ლეგიტიმაცია ემოქმედათ კონსტიტუციისა და კანონის მიღმა.

საქართველოს ხელისუფლებამ დღეს უარი თქვა ემოქმედა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში. მან არ აღკვეთა თბილისი პრაიდის ღირსების მარშის წინააღმდეგ მობილიზებული სიძულვილის ჯგუფების უკანონო, არაკონსტიტუციური და ძალადობრივი ქმედებები”, – წერია განცხადებაში.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით სათემო ორგანიზაციები შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებენ:

  • დაუყოვნებლივ აღკვეთოს ძალადობრივი ინციდენტები და დააკავოს მასში მონაწილე პირები;
  •  აწარმოოს თანმიმდევრული საგამოძიებო მოქმედებები;
  • პრევენციული ღონისძიებები გაატაროს და აღკვეთოს ინციდენტები დროულად და ეფექტიანად.

ასევე მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, რომ ღიად დაგმოს ძალადობა და თავდასხმები და ხელი შეუწყონ სიტუაციის სტაბილიზაციას.

თბილისში, ჰომოფობური ჯგუფების ძალადობრივ აქციაზე მედიის 40-ზე მეტ წარმოამდგენელს დაესხნენ თავს. მათ შორის არიან ჟურნალისტები, ოპერატორები და ფოტოგრაფები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ გაუვრცელებია ინფორმაცია იმის შესახებ, დააკავეს თუ არა ვინმე მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმისთვის.

ძალადობრივ აქციაზე თავს 40-ზე მეტ ჟურნალისტს დაესხნენ

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი