ახალი ამბები

მუსლიმი აქტივისტები ემიჯნებიან ლგბტ ადამიანების დისკრიმინაციასა და დევნას

5 ივლისი, 2021 • 1471
მუსლიმი აქტივისტები ემიჯნებიან ლგბტ ადამიანების დისკრიმინაციასა და დევნას

საქართველოს მუსლიმი თემის ახალგაზრდა აქტივისტები თბილისის პრაიდის კვირეულის გარშემო განვითარებულ პროცესებზე განცხადებას ავრცელებენ. ისინი, ერთი მხრივ, ემიჯნებიან მუსლიმთა სამმართველოს მიერ 1 დღით ადრე გახმიანებულ ჰომოფობიურ განცხადებას, მეორე მხრივ კი — მოუწოდებენ სახელმწიფოს, დაიცვას ლგბტქ+ ადამიანების გამოხატვის თავისუფლება.

“ჩვენ, ახალგაზრდა მუსლიმი აქტივისტები, ვემიჯნებით სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმრათველოს განცხადებას და ვთვლით, რომ მათი აღნიშნული დამოკიდებულება არ გამოხატავს საქართველოს მუსლიმი თემის საერთო პოზიციას და ის არ უნდა იყოს გამოყენებული, როგორც პოლიტიკური არგუმენტი დისკრიმინაციის და დევნის ლეგიტიმაციისათვის.

მუსლიმი აქტივისტები ვთვლით, რომ კონსტიტუცია უნდა იყოს მთავარი გარანტი თანაბრად უზრუნველყოს თითოეული მოქალაქის გამოხატვის თავისუფლება, მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვა და შექმნას თანასწორი და სამართლიანი გარემო.

მუსლიმი აქტივისტები:

1. მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, უზრუნველყონ ლგბტქ+ ჯგუფის გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციური უფლება, რადგან მათი შესაძლო გულგრილობა, პირველ რიგში, გააღრმავებს მოსახლეობაში პოლიციისა და საქართველოს ხელისუფლების მიმართ უნდობლობას, ამასთანავე, გამოიწვევს დაპირისპირების წახალისებას.

2. მოსახლეობას მოვუწოდებთ, გამოიჩინონ მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთა მიმართ პატივისცემა და შეინარჩუნონ მშვიდობა, არ აჰყვნენ პროვოკაციებს, თავი შეიკავონ ისეთ ქმედებისაგან, რომელმაც შესაძლოა დაძაბოს სიტუაცია და გამოიწვიოს დაპირისპირება.

3. მოვუწოდებთ რელიგიურ ორგანიზაციებს, არ იყვნენ ძალადობისა და დევნის წამახალისებელნი, პირიქით, მათ შეასრულონ მშვიდობის შენებაში პოზიტიური როლი”.

განცხადებას ხელს აწერენ:

ლუიზა მუთოშვილი, სამირა ბაირამოვა, ელნურ ალისოი, ქამრან მამედლი, მაია რიჟვაძე, ლია დეკანაძე, ლელა დეკანაძე, ნესტან ანანიძე, ზაზა მიქელაძე, ზაურ ხალილოვი, რუსლან ომაროვი, იმრან სულეიმანოვი, რაბილ ისმაილი, სემა სადიკი, აითაჯ ხალილლი ,Შენაი სადიკი, Რაჰიბ სეიდლი, ელდარ ჯავახიძე, ავთანდილ შავაძე, ჰურიე აბაშიძე, რამზან გორგიშვილი, ოქტაი ქაზუმოვი, აიჰან გასანოვი, თოზუ გულმამედლი, არის ასკერლი (აკკო).

რა თქვა რელიგიური ორგანიზაციების ნაწილმა?

4 ივლისს, პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ღირსების მარშამდე რამდენიმე დღით ადრე, ზოგიერთმა რელიგიურმა ორგანიზაციამ ჰომოფობიური განცხადებები გაავრცელა. მათ შორის იყვნენ თბილისის დიდი სინაგოგა, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო და ეზიდთა საბჭო.

მოგვიანებით ეზიდთა საბჭომ თავის განცხადებას შეცდომა უწოდა. მუსლიმთა სამმართველომ კი ჯერ საიტიდან აიღო თავისი განცხადება, შემდეგ კი ტექსტი კვლავ ვებგვერდზე დააბრუნა და ტექნიკური ხარვეზით ახსნა მისი წაშლა.

მანამდე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ ქაშუეთის ეკლესიასთან პრაიდის საწინააღმდეგო 2 პარაკლისი დაგეგმა.

ძალადობა რუსთაველის გამზირზე

ძალადობრივი ჯგუფები რუსთაველზე დილიდან იკრიბებიან. მათ სურთ ღირსების მარშის ჩაშლა, რომელიც თბილისის პრაიდის კვირეულის ფარგლებშია დაგეგმილი.

ჯგუფები განსაკუთრებული აგრესიით ჟურნალისტების მიმართ გამოირჩევიან. ბოლო ინფორმაციით, მათი  თავდასხმის სამიზნე, სულ მცირე, 20 ჟურნალისტი და ოპერატორი გახდა, თუმცა ეს რაოდენობა, შეიძლება შეიცვალოს. დაზიანებულია მათი ტექნიკაც. გავრცელდა კადრებიც, სადაც ჩანს, როგორ ეჯახება პირი ჟურნალისტებს მოპედით.

ამასთან, ძალადობრივი ჯგუფები შეიჭრნენ “თბილისი პრაიდისა” და “სირცხვილიას” ოფისებში, რომლებიც პრაიდის კვირეულს უწევენ აორგანიზებს.

სანამ მედიაზე იძალადებდნენ და ოფისებში შეიჭრებოდნენ, ჰომოფობიურმა ჯგუფებმა დაარბიეს “ქართული ოცნების” მოწინააღმდეგეთა კარვები პარლამენტის წინ.

მასალების გადაბეჭდვის წესი